შექმნეს დრონი, რომელსაც ხის ტოტებიდან ცოცხალი ორგანიზმების დნმ-ის მოპოვება შეუძლია
ცხოველებისა და მწერების მიერ დატოვებული eDNA-ის, ანუ გარემოს დნმ-ის მონიტორინგი და კატალოგირება ადვილი საქმე არ არის. ჩვეულებრივ, მწერების დნმ-ის აღმოჩენა ხდება ხაფანგებით, რაც კლავს მწერს.
ETH ციურიხის მკვლევრები და შვეიცარიის ტყის, თოვლისა და ლანდშაფტის კვლევის ფედერალური ინსტიტუტი WSL თანამშრომლობენ უნიკალური დრონის შესაქმნელად, რომელსაც შეუძლია ავტონომიურად შეაგროვოს ნიმუშები ხის ტოტებზე.
კვლევა ჟურნალ Science Robotics-ში გამოქვეყნდა.
დაშვება ხის ტოტებზე დნმ-ის შესაგროვებლად
ერთი შეხედვით, მექანიზმი მარტივია, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. დრონი აღჭურვილია წებოვანი მასალით. როდესაც ის ტოტზე ჯდება, ხეზე არსებული ნიმუშები ამ მასალას ეწებება. შემდეგ მკვლევრებს შეუძლიათ ლაბორატორიაში დნმ-ის მოპოვება და მონაცემთა ბაზის შედარების გამოყენებით კატალოგის შექმნა.
"ტოტებზე დაშვება მოითხოვს კომპლექსურ მანევრებს", — თქვა სტეფანო მინჩევმა, ETH Zurich-სა და WSL-ის გარემოსდაცვითი რობოტიკის პროფესორმა განცხადებაში.
მისი თქმით, ტოტები განსხვავდება მათი სისქისა და ელასტიურობის მიხედვით. შესაბამისად, დაშვებისას რთულია ყველაფრის განსაზღვრა.
ამიტომ, დრონი დაპროგრამებულია, თავისით მიუახლოვდეს ტოტს და დარჩეს მასზე ნიმუშების აღების მიზნით. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო მეცნიერებისთვის. ასევე, იმის გამო, რომ ზოგადად დრონისთვის რთულია ტოტის მოქნილობის აღქმა, მკვლევრებმა ის სპეციალური სენსორებით აღჭურვეს.
დრონი გამოცადეს ხეების შვიდ სახეობაზე. ნიმუშებმა გამოავლინა ორგანიზმების 21 განსხვავებული ჯგუფის დნმ, ანუ ტაქსონები, მათ შორის ფრინველების, ძუძუმწოვრებისა და მწერების.
"ეს დამაიმედებელია, რადგან აჩვენებს, რომ შეგროვების ტექნიკა მუშაობს", — თქვა მინჩევმა.
ტროპიკულ ტყეში ფრენისთვის მზადება
მინჩევი და მისი გუნდი ამზადებენ დრონს სინგაპურში შეჯიბრისთვის, რომელშიც საფრენმა აპარატმა უნდა აღმოაჩინოს რაც შეიძლება მეტი დნმ. ეს 100 ჰექტარ ტროპიკულ ტყეში 24 საათის განმავლობაში.
ეს დრონს კიდევ უფრო უკეთ გამოცდის და ამის შემდეგ მის ეფექტიანობაზე მეტი გვეცოდინება.
კომენტარები