ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში მდებარე 3.32 მილიარდი კოსმოსური ობიექტი გამოავლინეს
ასტრონომებმა სერო-ტოლოლოს ამერიკათშორისი ობსერვატორიის ბნელი ენერგიის კამერის მეშვეობით ირმის ნახტომის გალაქტიკაში მდებარე 3.32 მილიარდი კოსმოსური ობიექტი გამოავლინეს. ეს აქამდე ჩვენს ხელს არსებულ მსგავს მონაცემთა ბაზებს შორის ერთ-ერთი უდიდესია და გალაქტიკის სიბრტყეს წარმოუდგენელ დეტალებში გვიჩვენებს.
"წარმოიდგინეთ 3 მილიარდზე მეტი ადამიანის ჯგუფური ფოტო, რომელზეც თითოეული მათგანი ამოცნობადია. ასტრონომები ირმის ნახტომის 3 მილიარდზე მეტი ვარსკვლავის ამ დეტალურ პორტრეტს მომდევნო დეკადების განმავლობაში შეისწავლიან", — აცხადებენ მეცნიერები.
ჩვენს მშობლიურ გალაქტიკაში უამრავი მნათობი, ვარსკვლავების წარმომქმნელი რეგიონი თუ აირისა და მტვრისგან შედგენილი უზარმაზარი ნისლეულია. მათი კატალოგიზება მარტივი ნამდვილად არაა, თუმცა სპეციალისტებმა პროექტ DECaPS2-ის ფარგლებში ეს შეძლეს. ისინი ბნელი ენერგიის კამერის დახმარებით ირმის ნახტომის სიბრტყეს ოპტიკურ და ახლო ინფრაწითელ სპექტრში დააკვირდნენ, რის შედეგადაც 10 ტერაბაიტი მოცულობის მონაცემები მოიპოვეს, რომელიც სამხრეთის ცის 21 400 კადრს აერთიანებს. ამ ყველაფერს 2 წელი დასჭირდა.
ავტორების თქმით, მათ ობიექტივში მოაქციეს არეალი, სადაც ვარსკვლავები ძალიან მჭიდროდაა განლაგებული და ერთმანეთზე "ზედდებული" მნათობები დიდი სიფრთხილით გამოავლინეს. ამ ობიექტების აღბეჭდვა ძნელია, რადგან აირისგან წარმოქმნილი სტრუქტურები, რომლებიც სურათზე შავად ჩანს, სინათლეს შთანთქავს და მათ მიღმა არსებულ ციურ სხეულებს ეფარება. ახლო ინფრაწითელ სპექტრზე ეს არ ვრცელდება, ამიტომ ასეთი ტალღურ სიგრძეზე ორიენტირება საქმეს ამარტივებს.
უნდა ითქვას ისიც, რომ მეცნიერთა გუნდმა მონაცემთა გადასამუშავებლად ინოვაციური მეთოდი გამოიყენა, რომლის მეშვეობითაც მნათობთა ერთგვარი შრეები განცალკევდა და აღიბეჭდა. დამატებით შემცირდა ნისლეულებთან დაკავშირებული დამჩრდილავი ეფექტიც. შედეგი სხვა ტელესკოპების მონაცემებით გაუმჯობესდა.
სურათი დეტალურად დასათვალიერებლად გადადით ბმულზე. ავტორთა ნაშრომი ArXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Astrophysical Journal Supplement გამოქვეყნდება.
კომენტარები