Neuralink-ის კონკურენტმა Synchron-მა ტვინის იმპლანტი ადამიანზე წარმატებით გამოცადა
პრეს რელიზის მიხედვით, 9 იანვარს სამედიცინო ტექნოლოგიების კომპანია Synchron-მა ტვინის კომპიუტერის კლინიკური კვლევის შედეგი გამოაქვეყნა. პაციენტმა ნერვული სიგნალის გაგზავნა იმპლანტის საშუალებით წარმატებით შეძლო.
კვლევის მიხედვით, ოთხ პაციენტს Synchron-ის პირველი თაობის Stentrode გადაუნერგეს. Stentrode ნეიროპროთეზია, რომლის საშუალებითაც კომპიუტერის გაკონტროლებაა შესაძლებელი.
შედეგებმა აჩვენა, რომ ნეიროპროთეზის საშუალებით ნერვული სიგნალის გადაცემა უსაფრთხოა და გვერდით ეფექტებს არ იწვევს.
SWITCH კვლევა
SWITCH (Stentrode With Thought-Controlled Digital Switch) ადამიანებზე ჩატარებული ამ ტიპის პირველი კვლევაა. ის 12 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამ პერიოდში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა და მოწყობილობა არ გადაადგილებულა. მეტიც, სიგნალის ხარისხი სტაბილურად შენარჩუნდა და მკვეთრი ცვალებადობა არ მომხდარა.
რაც ყველაზე შთამბეჭდავია, კვლევის ოთხივე მონაწილემ შეძლო პერსონალური კომპიუტერი ტვინში არსებული მოწყობილობის საშუალებით ეკონტროლებინა, ეწერა, გაეგზავნა შეტყობინებები, ეშოპინგა ონლაინ და სხვა ყოველდღიური აქტივობები შეესრულებინა.
"ჩვენ ადამიანებზე ჩატარებული პირველი კვლევა ძალიან ფრთხილად წარვმართეთ და ძირითადი ყურადღება სწორედ უსაფრთხოებას მივაქციეთ. პროცედურით ყველა პაციენტი კმაყოფილი დარჩა და 48 საათში თითოეული მათგანი სახლში გავუშვით", — განაცხადა Royal Melbourne Hospital-ის ნეიროინტერვენციის განყოფილების დირექტორმა პიტერ მიტჩელმა
იმპლანტი მფლობელს საშუალებას აძლევს, რომ მოტორული ფუნქციები ნაწილობრივ აღიდგინოს და კონკრეტული მოწყობილობები აკონტროლოს.
ამჯერად მკვლევრები ეცდებიან, რომ პარალიზებულ ადამიანებს მოტორული უნარების აღდგენის მეტი შესაძლებლობა მისცენ.
კომენტარები