ეგვიპტეში 3500 წლის წინანდელი სამარხი იპოვეს — ვის ეკუთვნოდა ის
ეგვიპტის ხელისუფლებამ 14 იანვარს ლუქსორში უძველესი სამარხის აღმოჩენა დაადასტურა. სავარაუდოდ, სამარხი 3500 წლისაა და მე-18 დინასტიის დიდგვაროვანს ეკუთვნის.
ეგვიპტის სიძველეების საბჭოს ხელმძღვანელმა მოსტაფა ვაზირიმ განაცხადა, რომ საფლავი ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, მეფეთა ველზე, ბრიტანელმა და ეგვიპტელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს.
"სამარხში აღმოჩენილი პირველი ელემენტების მიხედვით, ის მე-18 დინასტიას უნდა ეკუთვნოდეს. ეს დაახლოებით ეხნატონისა და ტუტანხამონის პერიოდია", — განაცხადა ვაზირიმ.
ეგვიპტის ისტორიაში მე-18 დინასტიას ახალ სამეფოს უწოდებენ. ის ძვ.წ 1292 წელს დასრულდა და ითვლება, რომ ეს ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდია, როცა სამეფო ძლიერი, მდიდარი და განვითარებული იყო.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი, ბრიტანული მისიის ხელმძღვანელი პირს ლითერლანდი აცხადებს, რომ სამარხი, შესაძლოა, თუტმოსიდების შთამომავალ დიდგვაროვან პრინცესას ეკუთვნოდეს.
ეგვიპტელი არქეოლოგის, მოჰსენ კამელის განცხადებით, სამარხის ინტერიერი ცუდ მდგომარეობაშია, წარწერების დიდი ნაწილი წყალდიდობებმა და ნიადაგის გადაადგილებამ გაანადგურა.
წინა წლებში ეგვიპტე მნიშვნელოვანი აღმოჩენებით ნამდვილად გვანებივრებს. ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი კაიროს მახლობლად აღმოჩენილი საკარას ნეკროპოლისია.
ასევე იხილეთ: ეგვიპტურ ნეკროპოლისში ასობით უძველესი მუმია აღმოაჩინეს
კრიტიკოსების აზრით, გათხრების სიხშირის ზრდა პოპულისტურ, მედიის ყურადღების მისაზიდ კამპანიებზეა ორიენტირებული და არა აკადემიურ კვლევაზე.
მიუხედვად ამისა, აღმოჩენებმა ეგვიპტის ტურისტული ინდუსტრია გამოაცოცხლა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორი ბოლო წლებში მუდმივად სუსტდებოდა. 104-მილიონიანი ქვეყანა მწვავე ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის, რაც კოვიდ პანდემიითა და პოლიტიკური არეულობითაა გამოწვეული.
ტურიზმი ეგვიპტის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს იკავებს. სექტორში დასაქმებულთა რიცხვი კი ორ მილიონს აჭარბებს.
კომენტარები