როგორი გემო აქვს დედის რძეს?
დედის რძეს ბავშვის ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა იმ ასაკამდე მას არავინ ვიღებთ, რომ გემო გვახსოვდეს. ზრდასრულობაში ამით არაერთი ადამიანი ინტერესდება, თუმცა მისი გასინჯვის იდეა ბევრისათვის არც ისე მიმზიდველია.
სტატიაში გაიგებთ, როგორი გემო აქვს დედის რძეს და, საერთოდაც, შეიძლება თუ არა ზრდასრულებისათვის მისი მიღება.
თუ ადამიანის რძის შედგენილობასა და ჩვილისათვის მის მნიშვნელობაზე უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ, შეგიძლიათ, მანამდე ამ სტატიას გაეცნოთ.
იხილეთ: მიზეზები, რომელთა გამოც დედის რძე ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია — რა უნდა ვიცოდეთ
როგორი გემო აქვს დედის რძეს?
თავისთავად, რძის გემო ყველა ადამიანში განსხვავებული შეიძლება იყოს, რაზეც არაერთი ფაქტორი ზემოქმედებს. მიუხედავად ამისა, ზრდასრული ადამიანები, რომელთაც დედის რძე გაუსინჯავთ, ამბობენ, რომ მას მოტკბო და ცხიმიანი გემო აქვს, თუმცა ძროხის რძის მსგავსად არა.
დიდი ალბათობით, ადამიანის რძის კრემისებრ ბუნებას ცხიმის შემცველობა განაპირობებს. ჟურნალში Nutrients გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი 3.5-4.5 პროცენტია მაშინ, როდესაც დახლებზე არსებული ძროხის რძე ჩვეულებრივ დაახლოებით 3.25 პროცენტამდე ცხიმს შეიცავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანის რძე ძუძუდან გამოედინება, ამიტომაც იგი თბილია, სხეულის ტემპერატურის შესაბამისად (დაახლოებით 37 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის).
ძროხისა და ადამიანის რძე მსგავს კომპონენტებს შეიცავს (მათ შორის, რძის შაქარს, ლაქტოზას), თუმცა, ზემოხსენებული ანგარიშის თანახმად, პირველში მეტი ცილა, ცხიმი და მინერალია. მეორე მხრივ, დედის რძე ამ ნუტრიენტებთან ერთად ანტისხეულებს, ღეროვან უჯრედებს, ენზიმებსა და ჰორმონებსაც აერთიანებს, რომლებიც სპეციალურად ჩვილებისთვისაა განკუთვნილი. მართალია, ჩამოთვლილი ელემენტები ძროხის რძეშიც გხვდება, თუმცა ისინი ხბოს საჭიროებებზეა მორგებული.
ძროხის რძის მსგავსად, გაფუჭება დედის რძესაც ემუქრება, თუკი მაცივრის გარეთ დიდხანს დავტოვებთ. ამ შემთხვევაში იგი უსიამოვნო სუნსა და მწარე გემოს შეიძენს.
გასათვალისწინებელია, რომ, გამოცემაში The American Journal of Clinical Nutrition გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დედის რძის შენახვით (მათ შორის, მისი გაყინვით და შემდეგ გალღობით), შესაძლოა, მასში ვიტამინებისა და მინერალების შედგენილობა შეიცვალოს. ეს მის გემოზეც იქონიებს გავლენას.
რა გავლენა აქვს რძის გემოზე ცხოვრების წესს?
რძის შედგენილობაზე (და, შესაბამისად, მის გემოზე) გავლენა ლაქტაციაში მყოფი ადამიანის ფიზიკურმა აქტივობამ და რაციონმაც შეიძლება იქონიოს. გასათვალისწინებელია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებაც.
გამოცემაში Journal of Human Lactation გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, რძის გემო შეიძლება შეცვალოს ძალიან ტკბილმა ან ძალიან მლაშე, ასევე ძლიერი არომატის მქონე საკვებმა. ასეთია, მაგალითად, ნიორი, პიტნა ანდა ცხარე წიწაკა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რძეზე ნებისმიერი ნივთიერება შეიძლება აისახოს, რომელსაც ადამიანი იღებს, მათ შორის, ალკოჰოლი, ნიკოტინი და კოფეინიც.
შეიძლება თუ არა ზრდასრულთათვის ადამიანის რძის მიღება?
დედის რძის შედგენილობა ჩვილის საჭიროებებზეა მორგებული და მასში არსებული ნუტრიენტების, მინერალებისა თუ ანტისხეულების ამ ფორმით მიღება ზრდასრულებს ნაკლებად ესაჭიროებათ. შესაბამისად, მისი მიღება სახიფათო არაა, თუმცა არც რეკომენდებულია.
მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, დედის ორგანიზმიდან რძეში მავნე პათოგენები (მათ შორის, ციტომეგალოვირუსი და HIV) მოხვდეს, რაც, როგორც ჩვილის, ასევე ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება. შესაბამისად, თუკი რძის ნაკლებობის გამო საიდანმე მის შეძენას ანდა უბრალოდ გასინჯვას გადაწყვეტთ, უმჯობესია, ჯერ უსაფრთხოებაში დარწმუნდეთ.
კომენტარები