მკვლევრები ბავშვებში ADHD-ის სიმპტომების გამოსავლენად ვირტუალური რეალობის თამაშებს იყენებენ
როგორც პრეს რელიზში ვკითხულობთ, Aalto University-ის მკვლევრებმა ვირტუალური რეალობის თამაშები ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის (ADHD) სიმპტომების გამოსავლენად გამოიყენეს. ეს მეთოდი შესაძლოა ეფექტური იყოს ამ აშლილობის მკურნალობისა და აუტიზმის გამოვლენისთვისაც.
სტატისტიკის მიხედვით, ADHD ყურადღების საკმაოდ გავრცელებული დარღვევაა, რომელიც მხოლოდ აშშ-ში 3-დან 17 წლამდე ექვს მილიონ ადამიანზე მეტს აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ADHD-ის კვლევა ათწლეულებია გრძელდება, მის დასადგენად ისევ კითხვარები, გასაუბრება და სუბიექტური დაკვირვება გამოიყენება. ბუნებრივია, ასეთი დიაგნოზის სანდოობა მუდმივად საეჭვოა. სტანდარტული ქცევითი ტესტები ყოველდღიურ სიტუაციებში ბავშვის ქცევას სრულყოფილად ვერ აღწერს.
ვირტუალური რეალობის თამაშების მეთოდი
აალტოსა და ჰელსინკის უნივერსიტეტის მკლევრებმა შექმნეს VR თამაში, სახელწოდებით EPELI. თამაში რეალური, ყოველდღიური სიტუაციების სიმულაციით ეხმარება ფსიქოლოგებს, რომ ADHD-ის სიმპტომები შეამჩნიონ.
ამავე კვლევის ფარგლებში, მეცნიერები VR თამაშში ჩართული ბავშვის თვალის მოძრაობას დააკვირდნენ. ამისათვის EPELI-სთან ერთად მეორე თამაში, Shot the Target გამოიყენეს, რომელშიც მოთამაშემ გარემოში განლაგებულ ნივთს შეხედვით უნდა ესროლოს.
კვლევაში 73 ბავშვი მონაწილეობდა, რომელთაგან 37-ს ADHD უკვე დადასტურებული ჰქონდა, ხოლო 36 საკონტროლო ჯგუფში იყვნენ.
"ჩვენ დავაკვირდით ბავშვების თვალის მოძრაობას, როცა ისინი თამაშში განსხვავებულ დავალებებს ასრულებდნენ. ეს ADHD-ის სიმპტომების დასადგენად ეფექტური გზა აღმოჩნდა. აშლილობის მქონე ბავშვები განსხავებულ ობიექტებზე მზერას უფრო დიდი ხნით აჩერებენ და შემდეგ სწრაფად და ხშირად ამოძრავებენ მას სხვადასხვა მიმართულებით. ეს მხედველობის სისტემის განვითარების შენელებასა და ინფორმაციის გადამუშავების დაბალ ხარისხზე მიუთითებს", — განაცხადა აალტოს უნივერსიტეტის მკვლევარმა ლია მერზონმა
მეთოდის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ბავშვებს ის სტანდარტულ ნეიროფსიქოლოგიურ ტესტებზე მეტად აინტერესებთ. თამაში ბავშვებს საინტერესო და მარტივ დავალებებს სთავაზობს: კბილის გახეხვას, ბანანის ჭამას და ა.შ. მოთამაშემ ეს დავალებები უნდა შეასრულოს, მიუხედავად იმისა, რომ გარემოს სხვადასხვა ფაქტორი, მაგალითად ჩართული ტელევიზორი, მისი ყურადღების გაფანტვას ცდილობს.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ VR თამაშებს არამხოლოდ ADHD-ის დიაგნოსტიკისთვის, არამედ მის სამკურნალოდ, რეაბილიტაციისთვისაც გამოიყენებენ.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები