26 დეკემბერს მარსმა ახალ წელში შეაბიჯა!

წითელი პლანეტისთვის ეს რიგით 37-ე ახალი წელია, რადგან ათვლა იქ 1955 წლის 11 აპრილს დაიწყო, როცა ციური სხეულის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის ბუნიობა იყო, მეორე მხარეს კი მტვრის ქარიშხალი მძვინვარებდა.

ასევე, იხილეთ: რამდენ ხანში ერთხელ დგება ახალი წელი სხვადასხვა ციურ სხეულზე

წითელ პლანეტაზე დღე-ღამეს "სოლს" (ეს სიტყვა ლათინურად მზეს ნიშნავს) უწოდებენ, რომელიც 24 საათს, 39 წუთსა და 35 წამს გრძელდება, ანუ ჩვენსას მცირედით აღემატება. მარსზე თითო წელში დაახლოებით 668 სოლია, რომელიც 686.98 დედამიწური დღე-ღამის ეკვივალენტურია.

"ახალ წელს გილოცავთ! არა, ჩვენ შემთხვევით ადრე სულაც არ აღვნიშნავთ: 26 დეკემბერი მარსული ახალი წელია!", — ვკითხულობთ NASA Mars-ის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე 37-ე წლის დადგომას იქ გაგზავნილი აპარატებიც შეეგებნენ, რომლებიც სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოს მიერაა გაშვებული. მათ შორისაა მარსმავალი Perseverance, რომელმაც ახლახან პლანეტის ზედაპირზე იქ მოპოვებული ნიმუშებით სავსე 2 სინჯარა ჩამოაგდო. ამ გეოლოგიურ მასალას დედამიწაზე 2030-იან წლებში ჩამოვიტანთ და შევისწავლით, რათა მარსზე უძველესი სიცოცხლის კვალი მოვიძიოთ.

იქ წინა ახალი, 36-ე წელი 2021 წლის 7 თებერვალს დადგა, მომდევნო ასეთ თარიღს კი 2024 წლის 12 ნოემბერს ვიზეიმებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.