10 წიგნი მათთვის, ვინც არდადეგებზე თავგადასავლებს ეძებს
არდადეგები საყვარელი საკითხავის გარეშე წარმოუდგენელია. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საგულდაგულოდ ვეძებთ ხოლმე შესაფერის წიგნებს — აი, ისეთს, დაუვიწყარი თავგადასავლით კიდევ უფრო ჯადოსნურს რომ გახდის სადღესასწაულო დღეებს.
რადგან ზამთრის არდადეგებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, შენ კი ალბათ საახალწლო სამზადისში ხარ გართული, საგანგებოდ შეგიდგინეთ გამორჩეული საბავშვო საკითხავის ჩამონათვალი.
1. ჯეინი და მისი ცხოველები
ასაკი: 7-8 წელი
ბავშვებსა და ცხოველებს განსაკუთრებული ურთიერთობა რომ აკავშირებთ, ამის დასტურად იმდენი ისტორიის გახსენება შეიძლება, ჩამოთვლაც დაგეზარება. სხვა თუ არაფერი, შარლოტის ქსელი მაინც ხომ იცის ყველამ. თუმცა, ახლა დრო მოვიდა, ყოჩაღი და შეუპოვარი ჯეინიც გაიცნო, რომელსაც ასეთივე გამბედაობა და მოხერხებულობა სჭირდება, პატარა ცხოველები რომ იხსნას.
ინგლისელი მწერლის, ჰელენ პიტერსის, ამ წიგნებში გაიცნობ გოჭს, სახელად ბატიბუტს, ძაღლს, სახელად კექსს და კნუტს, სახელად კნაჭას. დარწმუნებული იყავი, რომ მათი ამბები მართლაც ჯადოსნურია — თავად პიტერსიც ხომ ინგლისის ერთ ძველებურ ფერმაში გაიზარდა თავის ოჯახთან და ცხოველებთან ერთად.
2. მე და ჩემი დრაკონები
ასაკი: 7-8 წელი
დრაკონის გამოზრდაზე ოდესმე გიფიქრია? ან სულაც იმაზე, ეს ჯადოსნური არსებები რომ ხეებზე იზრდებოდნენ? რა სისულელეაო, იტყვი. თურმე, სულაც არაა სისულელე. ყოველ შემთხვევაში, ინგლისელი მწერლის, ენდი შეფარდის, ფენტეზი წიგნების სერიაში, რომელმაც ბავშვები და მათი მშობლები ერთნაირად აღაფრთოვანა, ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს შეიძლება ბაბუის ბაღ-ბოსტანში მიაგნო. ასეთი უცნაური ამბავი შეემთხვევა სწორედ ტომასს, რომელიც უცნაური ხის ნაყოფს მოწყვეტს და შინ გაიყოლებს. აი, მერე კი... ცხადია, იმაზე ფიქრიც მოუწევს, რა მოუხერხოს ამ ნაყოფიდან გამოჩეკილ დრაკონს და როგორ გაწვრთნას იგი.
ისე კი, თუ დრაკონის მსხმოიარე ხე გიდგას ბაღში, მისი საიდუმლოდ შენახვაც გენდომებოდა, არა? აბა, ასე ხომ ყველა მოისურვებს, თავადაც გაზარდოს ჯადოსნური არსებები საკუთარ ბაღში. ამ წიგნების ავტორიც ირწმუნება, კემბრიჯში დრაკონებით სავსე სახლში ვცხოვრობო...
3. მხიარული ოჯახი… და სხვებიც
ასაკი: 7-8 წელი
ეს ამბავი რომ ნამდვილად მხიარულ ოჯახზეა, ეგ უნდა დავმარცვლოთ კიდეც ხაზგასასმელად — მხი-ა-რუ-ლი! თორემ, აბა, სხვები, მათ შორის, ყველაფრის გამყიდველი ნორა, ცხვირაბზუებით და ასევე დამარცვლით ამბობენ, ეგენი ყველანი უცნაურები არიანო. არადა, რა არის იმაში უცნაური, პაპამ ბებიას თუ დილით გასძახა, მიაუ, ჩაი ხომ არ დაგველიაო? არც არაფერი!
სწორედ ასეთ მხიარულ ოჯახს შეხვდები ამ წიგნში და კიდევ სხვებს — კატებიან დირექტორს, უუმკაცრეს მასწსა და ჯადოქარსაც კი. ლელა ცუცქირიძის სახელი კი აქამდე აუცილებლად გექნებოდა გაგონილი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი საბავშვო მწერალი საკუთარ წიგნებს თავადვე ასურათებს, ასე რომ, ამ ჯადოსნური ამბის მეგზურებადაც ავტორისეული ილუსტრაციები გეყოლება.
4. პადინგტონი
ასაკი: 7-8 წელი
ალბათ მეტისმეტად თავხედი უნდა ვიყო, შენთვის პადინგტონის გაცნობა რომ განვიზრახო. ამ დახვეწილმანერებიანი დათვის გვერდით ეს კიდევ უფრო გაუგონარი თავხედობა იქნებოდა — პადინგტონს ხომ ყველა იცნობს, დიდიც და პატარაც. ის თავის დროზე უღრანი პერუდან ჩამოვიდა და მერე ლონდონში დასახლდა. ასე გავიცანით მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟი, რომელიც ბრიტანეთის დედოფალთან ერთადაც სადილობდა ხოლმე.
ქართულ ენაზე პადინგტონის არაერთი თავგადასავალი თარგმნეს უკვე, ასე რომ, თუკი ამ არდადეგებზე თავშექცევას და დროის მხიარულად გატარებას მოისურვებ, კი იცი, ვისაც უნდა ეწვიო; მისამართი კარგად დაიხსომე — უინძორების ბაღების 32!
5. როსი
ასაკი: 9-11 წელი
როგორ უნდა გადაურჩე საშუალო სკოლას მოჭუტული თვალით? არა, თვითონ სკოლაშიც ხომ შეიძლება ბევრ სირთულეს წააწყდე, მაგრამ რა უნდა ქნა, როცა ამ ყველაფერს მოულოდნელად თავსდატეხილი საფიქრალი ემატება — იშვიათი დაავადება და ამას მოყოლილი პრობლემები? ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა მეშვიდეკლასელი როსი, რომელიც გადაწყვეტს, ცხოვრებაში სირთულეებს სიცილით, მუსიკითა და ჯადოსნობით გაუმკლავდეს.
ამერიკელი მწერლის, რობ ჰარელის, ეს გულის ამაჩუყებელი და მაინც საოცარი იუმორით სავსე წიგნი ავტორისეულ გამოცდილებას ეფუძნება. ამის გამო, როს მელოი უამრავი ბავშვის ახლობელ მეგობრად იქცა.
6. ცისფერი ირემი
ასაკი: 9-11 წელი
ძალა ერთობაშიაო, ტყუილად როდი უთქვამთ. როცა სასტიკი მონადირე ჩახმახ ფილთაზარი ტყის მარადიული სულის, ცისფერი ირმის, მოკვლას განიზრახავს, მის წინააღმდეგ ტყის ბინადრები გაერთიანდებიან. ეგ კი არა, მათ მონადირის ძაღლი პიპაც შეუერთდება, რომელიც სასტიკ პატრონს ერთხელ და სამუდამოდ დააღწევს თავს. ბოლო-ბოლო, ცისფერი ირემი თუ მოკვდა, მასთან ერთად ხომ ტყეც მოკვდება?!
პიპასა და მისი ახალშეძენილი მეგობრის, მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს, ამბავი ქართველი მწერლის, არჩილ სულაკაურის, ერთ-ერთი ცნობილი საბავშვო ნაწარმოებია. როგორც ავტორის სხვა წიგნები, ეს ისტორიაც სიკეთით და სიყვარულითაა გაჯერებული.
7. მწვანე ტბის ბანაკი
ასაკი: 9-11 წელი
ამერიკელი მწერლის, ლუის სეკერის, მწვანე ტბის ბანაკი წინა საუკუნის მიწურულს გამოიცა, თუმცა, დღემდე რჩება მოზარდებისთვის განკუთვნილი ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ტექსტად. მწვანე ტბის ბანაკი კი სხვა არაფერია, თუ არა მოზარდთა "გამოსასწორებელი კოლონია", სადაც წიგნის მთავარი გმირი, სტენლი ილნეტსი, ხვდება. ეს ამბავი ალბათ სხვაგვარი იქნებოდა, რომ არა ილნეტსების საგვარეულო წყევლა...
სეკერის ეს რომანი არაერთი პრესტიჟული პრემიის ნომინანტი და ლაურეატიც გახდა. 1999 წელს მას ნიუბერის მედალი მიენიჭა ამერიკული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2003 წელს გამოვიდა წიგნის მიხედვით დისნეის მიერ გადაღებული ფილმი, რომელმაც მწვანე ტბის ბანაკის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.
8. დეტექტივი სკალდაგერი
ასაკი: 11-15 წელი
გინდ დაიჯერე, გინდ არა, სკალდაგერი კაი ხნის წინ გარდაცვლილი და ჩონჩხად აღმდგარი დეტექტივია, რომელსაც უჩვეულო ძალებიც შესწევს. ცოტა შემაძრწუნებლად კი ჟღერს, მაგრამ არ შეგეშინდეს — ეს უცნაური გმირი ბნელი ძალების წინააღმდეგ ჩვენი საიმედო თანამებრძოლია. ამ უცნაურ სამყაროში კი ჩვენ პირველი წიგნის მთავარ გმირთან, სტეფანისთან, ერთად ვხვდებით, რომელიც ზუსტად ისევე არ მოელის თავის ცხოვრებაში უჩვეულო ამბებს, როგორც შენ.
სკალდაგერს რაც შეეხება, იგი თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირია. ირლანდიელი მწერლის, დერეკ ლენდის, ეს გახმაურებული წიგნების სერია კი მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
9. სკანდარი და ცალრქის ქურდი
ასაკი: 11-15 წელი
ცალრქები როგორ წარმოგიდგენია? ფილმებსა და სერიალებში ამ ჯადოსნურ არსებებს კეთილშობილ, უწყინარ გმირებად შეხვდები, მაგრამ ანაბელ სტედმენის სადებიუტო წიგნში ისინი სისხლისმსმელი ურჩხულები არიან. აკი ამბობს კიდეც მწერალი, ცალრქების ადგილი კოშმარებშია და არა ზღაპრებშიო. თუმცა, უნდა, არ უნდა, ამ კოშმართან გამკლავება 13 წლის სკანდარ სმიტს უწევს, რომლის ბედიც ჯადოსნურ არსებასთან გადაიკვეთება.
სტედმენის ეს წიგნი 2022 წელს საბავშვო ლიტერატურაში ერთ-ერთი მთავარ მოვლენად იქცა. რომანი გაზაფხულზე გამოიცა ერთდროულად 40-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. რეკორდულ ფასად გაიყიდა მისი საავტორო და ეკრანიზაციის უფლებები. ნაწარმოები კი, რომელიც ჯერ კიდევ გამოცემამდე მონათლეს "მომავალ ჰარი პოტერად", მალევე იქცა მსოფლიო ბესტსელერად.
10. ჰარი პოტერი
ასაკი: 11-15 წელი
აი, ჰარი პოტერზე ჩამოვარდა სიტყვა და, ცხადია, რომ ამ ლეგენდარულ ისტორიას გვერდს ვერ ავუვლიდით — მით უმეტეს, რომ საშობაო არდადეგებზე საკითხავს გირჩევთ. უკვე რა ხანია, ზამთრის დღესასწაულებზე ჩვენთვის ყველაზე საოცნებო ადგილი ჰოგვორტსია. ეგ კი არა, პოტერიადის წიგნებისა და ფილმების მარათონის მოწყობა ბევრი ჩვენგანისთვის ტრადიციული საახალწლო ჩვეულებაა უკვე.
სხვათა შორის, სადღესასწაულო დღეებში ჰარი პოტერის სრულ კოლექციას სულაკაურის გამომცემლობის ვებგვერდზე ფასდაკლებით შეიძენ. ფასდაკლებით იყიდება ასევე ილუსტრირებული გამოცემები და ჯადოსნური ცხოველების სერიის წიგნები.
თუმცა, ფასდაკლებები საახალწლოდ მხოლოდ პოტერიადაზე როდი ვრცელდება. სტატიაში ჩამოთვლილი ყველა წიგნი სულაკაურის გამომცემლობის წიგნის მაღაზიებში შეგიძლია მოიკითხო, ან, თუ შენც ჩვენსავით საახალწლო ორომტრიალში ხარ გართული, პირდაპირ საიტიდან შეუკვეთე.
აბა, შენ იცი, გემრიელ საკითხავთან ერთად ბედნიერად და ჯადოსნურად გაატარე შობა-ახალწელი.
კომენტარები