ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის უძველესი ბირთვი გამოავლინეს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრის მიმდებარედ გაფანტული ვარსკვლავები მისი უძველესი ბირთვის ნარჩენია, როცა ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. სპეციალისტებმა ირმის ნახტომის ყველაზე დეტალური სამგანზომილებიანი რუკა და ხელოვნური ნეირონული ქსელი გამოიყენეს, რათა 2 მილიონზე მეტი მნათობის ქიმიური შემადგენლობა შეესწავლათ და ისინი ერთმანეთთან დაეკავშირებინათ.
შედეგად, ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის განვითარების ადრეული პერიოდის დროინდელი 19 000 ვარსკვლავი გამოავლინეს, როცა ის მხოლოდ პროტოგალაქტიკების მჭიდრო ერთიანობას წარმოადგენდა. მართალია, მსგავსი ობიექტების პოპულაციის იდენტიფიცირება წინანდელ კვლევებშიც მოხერხდა, თუმცა ახალი ნაშრომის ავტორები უკანასკნელ მონაცემებს მთელი აისბერგის დანახვასთან აიგივებენ, აქამდე კი მხოლოდ მისი კიდეების შესახებ ვიცოდით.
ვარსკვლავების ერთ ჯგუფში გასაერთიანებლად მსგავსი მახასიათებლების მქონე ობიექტების პოვნაა საჭირო. ასეთი კრიტერიუმია, მაგალითად, შემადგენლობა, კერძოდ, ლითონური თვისებები. ამაში მეცნიერებს გაიას კოსმოსური ობსერვატორია დაეხმარა.
დიდი შანსია, რომ ერთნაირი ლითონური თვისებების მქონე მნათობები ერთსა და იმავე დროს წარმოქმნილიყო, რადგან სამყაროს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ამა თუ იმ ელემენტის სიმწირე იყო. შესაბამისად, თუ ვარსკვლავში კონკრეტულ ელემენტს მივაკვლევთ, შეგვიძლია ამის მიხედვით მისი ფორმირების პერიოდზე ვიმსჯელოთ.
ადრინდელ კოსმოსში ძირითადად წყალბადი და ჰელიუმი მოიპოვებოდა, ამიტომ პირველი მნათობები მძიმე ლითონებს არ შეიცავდა, სანამ მათ ბირთვში ატომების ერთმანეთთან შეჯახების შედეგად ახალი ელემენტები არ შეიქმნა, რომელთაგანაც ყველაზე მძიმე რკინა იყო. შემდეგ ვარსკვლავების ზეახლად ანთებამ, ანუ აფეთქებამ უფრო მძიმე ლითონებიც წარმოშვა, როგორიც ოქრო, ვერცხლი და ურანია.
გამოდის, რომ რაც უფრო გვიან ფორმირდებოდა ვარსკვლავი, მით მეტ მძიმე ელემენტს შეიცავდა, ხნიერი ობიექტები კი პირიქით — ნაკლებს. როდესაც ურთიერთმსგავსი ორბიტისა და შემადგენლობის მქონე მნათობთა ჯგუფს ვაფიქსირებთ, ეს ნიშნავს, რომ საქმე ერთ პერიოდში გაჩენილ პოპულაციასთან გვაქვს.
სწორედ ასეთი ჯგუფი გამოავლინეს ავტორებმა უკანასკნელი კვლევის ფარგლებში. მათი თქმით, ის ჯერ კიდევ იქამდე არსებობდა, სანამ ირმის ნახტომი 11 მილიარდი წლის წინ სხვა გალაქტიკების მიერთებას დაიწყებდა. ამ ჯგუფში არსებული ვარსკვლავები დიდი ხნის წინ ერთად შეიყარა და ირმის ნახტომის ბირთვი შექმნა. მათი ასაკი კი 12.5 მილიარდ წელს აღემატება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები