ასტრონომებმა შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის პროცესი დააფიქსირეს
ჩვენგან დაახლოებით 250 მილიონი წლით დაშორებულ ვარსკვლავს არ გაუმართლა, ის ზედმეტად მიუახლოვდა შავ ხვრელს, რომლის უმძლავრესმა გრავიტაციამაც მისი შთანთქმა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეს მეხუთე უახლოესი მნათობია, რომლის განადგურების ამგვარი პროცესიც აქამდე დაგვიფიქსირებია.
ამ მოვლენას მეცნიერებმა ფორმალური სახელწოდება AT2021ehb შეურჩიეს. ის ერთ-ერთი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელის მონაწილეობით მოხდა, რომლის მასაც მზისას 10 მილიონჯერ აღემატება. ფენომენზე დასაკვირვებლად სპეციალისტებმა NASA-ს კუთვნილი რენტგენული ტელესკოპი NuSTAR გამოიყენეს, რომელიც მაღალენერგიული რენტგენული გამოსხივების შესწავლის საშუალებას იძლევა.
ასეთი სინათლე შავი ხვრელის გარშემო მაშინ იყრის თავს, როცა მისი მიზიდულობის ძალის გავლენით ვარსკვლავი მთლიანობას სრულად კარგავს. მსგავს აქტივობას კი შავი ხვრელის ირგვლივ ცხელი მატერიის ფორმირება მოჰყვება, რომელიც გვირგვინი ეწოდება.
NuSTAR ამგვარი გამოსხივების მიმართ მგრძნობიარეა, რისი მეშვეობითაც მეცნიერები გვირგვინის ჩამოყალიბებისა და მისი ევოლუციის პროცესს დააკვირდნენ. კერძოდ, ასტრონომების ინტერესის საგანი იყო, თუ რა გავლენას ახდენს შავი ხვრელის გრავიტაცია მის გარშემო არსებულ მატერიაზე, როგორ წარმოიქმნება გამოსხივება და როგორ გარდაიქმნება ჩამოყალიბებული სტრუქტურა ფიზიკურად.
შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმა დიდხანს არ გრძელდება, ამიტომ ასეთი სცენის პირდაპირ დაფიქსირება სრული სურათის დანახვის იშვიათ შესაძლებლობას გვაძლევს. როგორც წესი, ამ დროს გვირგვინის ფორმირებას სინათლის ორმხრივი კაშკაშა ნაკადები ახლავს ხოლმე თან, მაგრამ AT2021ehb-ის შემთხვევაში ასე არ მომხდარა. ამის მიუხედავად, გვირგვინი მაინც მაღალენერგიულ რენტგენულ გამოსხივებას გამოყოფდა, რაც შესაძლოა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმაროს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები