შექმნეს ჭკვიანი საათი, რომელიც ცოცხალი ორგანიზმებისგან შედგება
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს საინტერესო და ნაწილობრივ "ცოცხალი" ჭკვიანი საათი. ის მოიცავს გულისცემის მონიტორს, რომელიც იკვებება ელექტროგამტარი ლორწოვანი ყალიბით. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ბიომექანიკური ტექნოლოგიაა, რაც კი ოდესმე შეუმუშავებიათ.
2022 წლის ACM სიმპოზიუმზე წარმოდგენილი კვლევის თანახმად, ლორწოვანი ყალიბი ერთგვარი ცოცხალი ორგანიზმია. იმისთვის, რომ მან ელექტრული წრე შეკრას, რაც გულისცემის მონიტორს კვებავს, მან ტალღები უნდა გააგზავნოს ერთი ბოლოდან მეორემდე. თავის მხრივ, ორგანიზმს ენერგიის შესანარჩუნებლად წყალი სჭირდება.
"ადამიანები, რომლებიც კვლევაში იყვნენ ჩართულნი, მოწყობილობას სისტემატიურად კვებავდნენ და მას უკვე სხვანაირად აღიქვამდნენ", — თქვა წამყვანმა ავტორმა ჯასმინ ლუმ.
ეს ლოგიკურიცაა, რადგან ჩვენ მოწყობილობებს განყენებულ ნივთებად აღვიქვამთ და არა ცოცხალ ორგანიზმებად. თამაშის წესები იცვლება იქ, სადაც ტექნოლოგია ნაწილობრივ ცოცხალი ორგანიზმისგან შედგება და სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით მუშაობს.
მოხალისეებს ჭკვიანი საათები ორი კვირის განმავლობაში გადაეცათ. ამ პერიოდში ისინი საათთან დაკავშირებულ ემოციებს ჟურნალში იწერდნენ.
პირველი კვირა ძირითადად მიეძღვნა ცოცხალი ორგანიზმის (Physarum polycephalum) გაზრდას, რის შედეგადაც მან ენერგიის მიწოდება დაიწყო გულისცემის მონიტორისთვის.
მეორე კვირას, მკვლევრებმა მონაწილეებს უთხრეს, რომ საერთოდ შეეწყვიტათ ლორწოს გამოკვება.
"ადამიანები შოკირებულები იყვნენ. თითქმის ყოველი მათგანის რეაქცია შემდეგი იყო: "მართლა? ეს ნამდვილად უნდა გავაკეთო?" — იხსენებს თანაავტორი პედრო ლოპესი, ჩიკაგოს კომპიუტერული მეცნიერებების ასისტენტ-პროფესორი. "იყო ძალიან ადამიანური გამოხმაურებები. მონაწილეებმა მოიწყინეს. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ თითქოს რაღაცა კავშირი გაწყდა".
ეს ყველაფერი აჩენს საინტერესო და ახალ კითხვებს ტექნოლოგიებთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ, კერძოდ, როგორი მიდგომა გვექნება ისეთ მოწყობილობებთან, რომლებიც სულ უფრო და უფრო ინტეგრირდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კომენტარები