მკვლევრების თქმით, ხელოვნური ნერვული უჯრედებით პარკინსონის დაავადების დამარცხება შესაძლებელი გახდება
მეცნიერების თქმით, მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომი 5 წელიწადში იქნება
The Observer-ის გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, მომდევნო რამდენიმე თვეში პაციენტებზე პარკინსონის დაავადების მკურნალობის ახალი მეთოდი გამოიცდება. ამ მიდგომის მიხედვით, ღეროვანი უჯრედებიდან ლაბორატორიაში გამოზრდილი ნერვული უჯრედებით დაავადების მიერ დაზიანებული უჯრედების ჩანაცვლებაა შესაძლებელი. წარმატების შემთხვევაში, ეს მეთოდი დაავადების სიმპტომების დამანგრეველ გავრცელებას შეანელებს.
"ამ ეტაპამდე მოსვლას დიდი დრო დასჭირდა, თუმცა, იმედია, ამ ცდების შედეგად, რამდენიმე წელიწადში პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ ქსოვილების გადანერგვა შეგვეძლება. ეს ნამდვილად პერსპექტიული მიდგომაა", — განაცხადა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა როჯერ ბარკერმა.
პარკინსონის ფონდის ცნობით, ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაავადება, სულ მცირე, მილიონ ადამიანს უდგინდება, ხოლო მსოფლიოში დაახლოებით 6 მილიონს. დაავადება ვლინდება მაშინ, როდესაც ტვინის დოფამინით მომარაგებაზე პასუხისმგებელი ნერვული უჯრედები კვდომას იწყებენ.
დოფამინს ტვინამდე მიაქვს სიგნალები, რომელიც მოძრაობასა და კოორდინაციას განსაზღვრავს, მისი შემცირებული დონე კი იწვევს ძირითად სიმპტომებს, რომელიც დაავადებას ახასიათებს: მოსვენების ტრემორი (კანკალი), ბრადიკინეზია (მოძრაობის შენელება) და სახსრების პრობლემები.
ამჟამად ექიმები მედიკამენტ L-dopa-ს იყენებენ, რომელიც გარკვეულ დაკარგულ ფუნქციებს აღადგენს, თუმცა დროთა განმავლობაში ეფექტს კარგავს. ამის გამო, მკვლევრები დიდი ხანია ახალ მეთოდს ეძებენ.
ღეროვანი უჯრედების გარდაქმნა
მეცნიერები ახალი მეთოდის მიხედვით, დოფამინის უჯრედებად გარდაქმნიან ღეროვან უჯრედებს, რომელთაგანაც სპეციალიზებული ფუნქციის ყველა უჯრედი ფორმირდება.
"ჩვენ ახლა ვიცით, რომ ტვინში დოფამინის უჯრედების მოთავსება იმუშავებს და ეს პროცედურა უსაფრთხოა. პრობლემას აღარ წარმოადგენს გამოსადეგი ქსოვილების ქონა, რადგან მათი დიდი რაოდენობით შექმნა ლაბორატორიაში შეგვიძლია", — განაცხადა ბარკერმა
სავარაუდოდ, წარმატების შემთხვევაში, ფასიც ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა, ბარკერის თქმით, ჯერ კიდევ რამდენიმე წელია საჭირო 100%-ით დასარწმუნებლად, რომ მეთოდი იმუშავებს და პარკინსონის დაავადებას დავამარცხებთ.
ცდები რამდენიმე თვეში დაიწყება და მთელი წელი გაგრძელდება. უჯრედები გაყინულია და გადასანერგად მზადაა. სავარაუდოდ, კვლევას სულ მცირე ორი წელი დასჭირდება, რათა მეცნიერებმა ტრანსპლანტის გვერდითი მოვლენები სრულად შეისწავლონ, მათი გამოთვლებით, მკურნალობა ყველასათვის შესაძლებელი 5 წელიწადში იქნება.
კომენტარები