მზის სისტემის ყინულოვან კომეტაზე ვულკანის მასშტაბური ამოფრქვევა დაფიქსირდა
მზის სისტემაში არსებულ ყინულოვან კომეტა 29P/შვასმან-ვაჰმანზე კრიოვულკანის მასშტაბური ამოფრქვევა დაფიქსირდა, რა დროსაც კოსმოსში 1 მილიონ ტონაზე მეტი აირი და ყინული, ასევე, "სიცოცხლის პოტენციური საშენი მასალა" გამოთავისუფლდა.
ეს ასტრონომიული სხეული დაახლოებით 60 კილომეტრი სიგანისაა და მზის გარშემო მოძრაობას 14.9 წელს ანდომებს. ის ჩვენს სამეზობლოში ვულკანურად ყველაზე აქტიურ კომეტად მიიჩნევა და იმ 100 მსგავს ობიექტს შორისაა, რომელმაც მნათობთან ახლოს ნეპტუნის მიღმა განლაგებული კოიპერის სარტყლიდან გადმოინაცვლა.
მოყვარულმა ასტრონომმა, პატრიკ ვიგინსმა 22 ნოემბერს შენიშნა, რომ 29P/შვასმან-ვაჰმანის სიკაშკაშე საგრძნობლად შეიცვალა. დამატებითმა დაკვირვებებმა გამოავლინა, რომ ეს მასზე ბოლო 12 წელში ყველაზე მძლავრი ამოფრქვევის შედეგი იყო, რომელსაც 27 და 29 ნოემბერს სხვა ამოფრქვევებიც მოჰყვა.
დედამიწაზე არსებული ვულკანებისგან განსხვავებით, ამ კომეტაზე კრიოვულკანები გვხვდება, რომლებიც ყინულოვანია და ცხელ მაგმას არ შეიცავს. პირიქით, იქიდან ცივი აირები და ყინული იფრქვევა, რაც მზის სისტემაში მდებარე სხვადასხვა ციურ სხეულზეც ხდება, მაგალითად, ნეპტუნის თანამგზავრ ტრიტონზე, იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე და ა.შ.
კრიოვულკანურ აქტიურობას მზის რადიაცია უწყობს ხელს, რომლის გავლენითაც კომეტების შიგნით ყინული აირად იქცევა, წნევას წარმოქმნის და ზემოთ ამოდის. ასევე, ამ დროს ობიექტთა ქერქი სუსტდება, ნაწევრდება და კრიომაგმა ზედაპირზე, იქიდან კი ღია კოსმოსში იფრქვევა. ეს მატერია უმეტესწილად ნახშირბადის მონოქსიდისგან და აზოტისგანაა შედგენილი, ისევე, როგორც ყინულისგან და თხევადი ნახშირწყალბადებისგან, რომლებიც შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის წინაპირობა გამხდარიყო.
უკანასკნელი ამოფრქვევისას ეს მატერია 56 000 კილომეტრ მანძილზე გავრცელდა, სიჩქარემ კი 1 295 კმ/სთ შეადგინა. მისი ფორმა მიანიშნებს, რომ ამოფრქვევა კომეტის ერთ რეგიონში მოხდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენები კომეტის ნელ ბრუნვას უკავშირდება, რის გამოც მზის რადიაციას არათანაბრად შთანთქავს.
სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ, ობიექტის ორბიტის გათვალისწინებით, 2023 წლის დასასრულამდე კიდევ ერთ მასშტაბურ ამოფრქვევას ვიხილავთ, რადგან ამას ციკლური სახე აქვს. აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით 29P/შვასმან-ვაჰმანის შესწავლა მომდევნო წლის დასაწყისში იგეგმება.
კომენტარები