ქალი AI ჩეტბოტით საკუთარ "შინაგან ბავშვს" დაელაპარაკა — ამის გაკეთება თქვენც შეგიძლიათ
ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, უმცროს ასაკში მყოფ საკუთარ თავს დალაპარაკებოდით? დროში მოგზაურობა ჯერჯერობით შესაძლებელი არაა, თუმცა ახლახან Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ამისათვის თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა: მან ხელოვნური ინტელექტი ბავშვობისდროინდელ დღიურებზე გაწვრთნა და საკუთარი თავის ჩეტბოტი შექმნა.
მიშელ ხუანგს საკუთარ "შინაგან ბავშვთან" "რეალურ დროში დიალოგის წარმართვა" სურდა. ამისათვის მან OpenAI ენის მოდელი, ე.წ. წინასწარ გაწვრთნილი გენერაციული ტრანსფორმატორი (GPT-3), და თავისი ძველი დღიურებიდან დაახლოებით ათწლიანი ჩანაწერები გამოიყენა.
ზუანგი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, იდეა ზოგიერთი ადამიანისთვის თერაპიული აღმოჩნდეს და მათ წარსულთან დაკავშირებით ბრალეულობის განცდის დაძლევაშიც დაეხმაროს.
"პატარა მიშელთან საუბარმა საკუთარი თავის ის ნაწილები შემახსენა, რომლებიც წლების განმავლობაში არ შეცვლილა, თუმცა მოვიგონე ისინიც, რომლებიც დროის გასვლასთან ერთად მივიწყებული მქონდა", — წერს იგი Twitter-ზე — "თითქოს სარკეში ჩემივე არსის უბოდიშო, უფრო გულწრფელ და ნამდვილ ვერსიას ვუყურებდი".
საუბრისას ხუანგი და მისი ბოტი არაერთ საკითხს შეეხნენ, მათ შორის: რა შეცვლიდა სამყაროს უკეთესობისკენ, პატარა მიშელის აზრით? ზედმეტად მკაცრად ხომ არ უდგებოდნენ საკუთარ თავებს?
ერთ ნაწილში მიშელმა თავის უმცროს ვერსიას მისთვის კითხვების დასმის საშუალებაც მისცა. ბოტი დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა მიშელის ცხოვრებაში დღიურების დაწერის შემდგომ, ამის მერე კი აქამდე მოსვლისათვის შეაქო.
მიშელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ნაწილი აღმოჩნდა, როდესაც ბოტს მომავალში საკუთარი თავისათვის წერილის მიწერა სთხოვა. ჩეტბოტი საკუთარ ზრდასრულ თავთან მიმოწერისას იმედს გამოთქვამს, რომ მან საყვარელი საქმე გამოძებნა და ეუბნება, რომ მისით ამაყობს.
საბოლოო ჯამში, ხუანგი გამოცდილებას დადებითად აფასებს და იმავეს გაკეთებას სხვებსაც ურჩევს. იგი ამისათვის ერთგვარ ინსტრუქციებსაც გვიზიარებს და საკუთარ გამოცდილებას უფრო ვრცლად გვაცნობს.
იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვობის დღიურები ანდა სხვა ჩანაწერები არ მოგეპოვებათ, შეგიძლიათ, ჩეტბოტის შესაქმნელად ონლაინსივრცეში არსებული ძველი მიმოწერები გამოიყენოთ.
ასევე იხილეთ: "სამგლოვიარო ტექნოლოგია": შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც მკვდრების სიმულირება შეუძლია
კომენტარები