"სამგლოვიარო ტექნოლოგია": შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც მკვდრების სიმულირება შეუძლია
ახლახან ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე "სამგლოვიარო ტექნოლოგია" შექმნეს, რომელიც, ცოცხალი ადამიანებისგან განსხვავებით, დიდი ალბათობით, არსად გაქრება.
დანაკარგთან გამკლავება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესი გამოცდილებაა, თუმცა ტკივილის შესამსუბუქებლად სპეციალური ტექნოლოგიების შექმნა უკვე არაერთმა სტარტაპმა დაიწყო. ერთ-ერთი ასეთია HereAfter, რომელიც მომხმარებლებს მკვდრის რამდენიმესაათიან ჩანაწერებს სთხოვს, შემდეგ კი ამ მონაცემებით საუბრებს აგენერირებს.
"HereAfter აპლიკაციაა, რომელიც თქვენი ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი მოგონებების შენახვისა და საყვარელი ადამიანებისათვის მათი ინტერაქციულად გაზიარების საშუალებას გაძლევთ", — ვკითხულობთ კომპანიის ვებსაიტზე.
MIT Technology Review-ის უწყებით, ხელოვნურ ინტელექტს მკვდრის სურათებზე, ჩანაწერებსა და ვიდეოებზე წვრთნიან, რათა მისი ვირტუალური ვერსია შექმნან, მგლოვიარეებს კი მასთან "ურთიერთობა" შეუძლიათ.
"ეს ნამდვილად გაგვიმარტივებს ჩვენი საყვარელ ადამიანებთან ახლოს ყოფნას", — წერს შარლოტა ჯი MIT-იდან, რომელმაც თავისი ცოცხალი მშობლების დახმარებით სტარტაპის HereAfter მიერ შექმნილი სამგლოვიარო ტექნოლოგია გამოცადა.
როგორც ჯიმ განაცხადა, თავისი AI მშობლები თავიდან "შორეულები და ხელოვნურები" ეჩვენა, თუმცა დროთა განმავლობაში "საკუთარ თავებს უფრო მეტად დაემსგავსნენ".
როგორც ჩანს, მისთვის გამოცდილება გარკვეულწილად ღირებულიც აღმოჩნდა: მოისმინა რამდენიმე ახალი ისტორია თავისი მშობლების ახალგაზრდობის შესახებ, რამდენიმე ზღაპარი თავის ბავშვობაზე და ცხოვრებისეული რჩევაც კი მიიღო.
როგორც წესი, ამ ტიპის AI-ები იმისთვის იქმნება, რომ ცოცხლად დარჩენილებს დანაკარგთან ერთად ცხოვრება გაუადვილოს და მკვდართან დაკავშირებული მოგონებები შემოუნახოს.
ასევე იხილეთ: ახალი ტექნოლოგიის საშუალებით ქალი სტუმრების კითხვებს თავისსავე დაკრძალვაზე სცემდა პასუხებს
რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ჩანაწერის მოსმენა უბრალოდ განსხვავებული გზაა, რომ უკვე არსებულ ჩანაწერებს, ვიდეოებსა და ოჯახურ ფოტოალბომებს გადავავლოთ თვალი, თუმცა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული საუბარი პროცესს გაცილებით ინტერაქციულს ხდის.
საბოლოო ჯამში, მაინც თავად ადამიანის გადასაწყვეტია, მოისურვებს თუ არა, AI-მ მისი მკვდარი ახლობლის სიმულაცია შექმნას — ასეთ დროს ხომ ყველასთვის სხვადასხვა საშუალებაა მიზანშეწონილი.
კომენტარები