ხიდი მზის სისტემაში: კოსმოსური ლიფტები მომდევნო 2-3 ათწლეულში შეიძლება რეალობად იქცეს
"კოსმოსური ლიფტი იქცევა ხიდად მთელი მზის სისტემისთვის."
კოსმოსური ლიფტი — სტრუქტურა, რომელიც ცას სწვდება — ბევრს, ალბათ, მომავლის საგნად მიაჩნია, თუმცა ის იმაზე ადრე შეიძლება გაჩნდეს, ვიდრე გვგონია.
Scientific American-ისთვის დაწერილ სტატიაში, ფიზიკის პროფესორმა სტივენ კოენმა მონრეალის ვანიერის კოლეჯიდან (კვებეკი, კანადა), აღნიშნა, რომ, მისი ღრმა რწმენით, სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავსი ტექნოლოგია შეიძლება რეალობად იქცეს "მომდევნო ორი ან სამი ათწლეულის განმავლობაში".
კოენი აღწერს კოსმოსურ ლიფტს, როგორც "დედამიწიდან კოსმოსში გაჭიმულ კაბელს, რომლის გასწვრივაც ადამიანებსა და ტვირთებს ადვილად შეუძლიათ გადაადგილება". თავის სტატიაში ის ამტკიცებს, რომ ინჟინრები და მეცნიერები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ ამ მასიურ სტრუქტურებზე მუშაობისას, რომლებმაც შეიძლება სრულიად შეცვალოს კოსმოსთან დამაკავშირებელი გზა.
რაში გვჭირდება კოსმოსური ლიფტი?
კოსმოსურ ლიფტებს აქვს პოტენციალი, მასიურად შეამციროს კოსმოსში გასასვლელად საჭირო ხარჯები და ენერგია. კომპანიები, როგორიცაა SpinLaunch, უკვე ამოწმებს ახალ, პოტენციურად ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რამაც შეიძლება, მკვეთრად შეამციროს მცირე თანამგზავრებისა და სამეცნიერო ტვირთის კოსმოსში გაგზავნის ხარჯები.
კოსმოსურ ლიფტებს შეუძლია ადამიანების, ტვირთებისა და სამეცნიერო საქონლის გაშვება კოსმოსში, ასე რომ ისინი მოიტანს დამატებით სარგებელს ადამიანის კოსმოსური ფრენებისა და კოსმოსური ტურიზმის გაძლიერებაში.
"კოსმოსური ლიფტების საშუალებით, სიტყვა "კოსმოსური მისია" შეიცვლება "ტრანზიტით", რადგან კოსმოსში მოგზაურობები გახდება რუტინული და, ძირითადად, ამინდის პირობებისგან დამოუკიდებელი. ადამიანებთან დაკავშირებული ტრანზიტები უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე ამჟამინდელი პრაქტიკა, რომლითაც ასტრონავტების სიცოცხლეს ყოველი გაშვებისას არც თუ უმნიშვნელო რისკი ადგება", — წერს კოენი. "კოსმოსური ლიფტი იქცევა ხიდად მთელი მზის სისტემისთვის."
როგორ იმუშავებს კოსმოსური ლიფტი?
კოენის თქმით, მისი გატაცება კოსმოსური ლიფტებით 2004 წელს დაიწყო, როდესაც ის მაკგილის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის განყოფილების წამყვან კოსმოსურ ექსპერტთან, პროფესორ არუნ მისრასთან, განიხილავდა სადისერტაციო თემებს. მისრამ უთხრა მას კოსმოსური ლიფტის კონცეფციის — 100 000 კმ-ის სიგრძის კაბელის — შესახებ, რომელიც იჭრება ცაში დედამიწის ეკვატორიდან და მიმაგრებულია თანამგზავრთან გეოსინქრონულ ორბიტაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ბრუნავს იმავე სიჩქარით, რა სიჩქარითაც ამას დედამიწა აკეთებს და, შესაბამისად, დაფრინავს ფიქსირებულ ადგილას.
კონცეფცია ასევე მოიცავს მექანიკურ მცოცავებს დედამიწის ზედაპირიდან სხვადასხვა სიმაღლეზე სამოგზაუროდ. იმის მიხედვით, თუ რა სიმაღლეზე გათავისუფლდებოდა კაფსულა, ის დაიწყებდა დედამიწის ან მზის გარშემო ბრუნვას ან ისევ დედამიწაზე დაეშვებოდა. წლების განმავლობაში სხვადასხვა კონცეფცია განიხილავდა სხვადასხვა ტიპის მექანიკურ მცოცავებს. მაგალითად, კოსმოსური ლიფტის ერთი კონცეფცია იყენებს მაგლევის სარკინიგზო გადამზიდებს, რათა გადაკვეთოს მასიური კოსმოსური კაბელი ძალიან მაღალი სიჩქარით.
როგორც კოენი თავის ნაშრომში აღნიშნავს, ასეთი კაბელისთვის საჭირო მასალა ფოლადზე 50-ჯერ უფრო ძლიერი უნდა იყოს, ამიტომ კოსმოსური ლიფტების შექმნა ჩვენი დღევანდელი ტექნოლოგიით შეუძლებელია. თუმცა, იგი ასევე ამტკიცებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება.
მიუხედავად იმისა, რომ კოენი უშუალოდ არ მუშაობს კოსმოსური ლიფტების ტექნოლოგიის მატერიალურ ასპექტებზე, ის მიიჩნევს, რომ ჩვენ შეიძლება, სულ რაღაც ათწლეულის შემდეგ შევქმნათ მასალა, რომელიც საჭიროა კოსმოსური ლიფტების რეალობად ქცევისთვის. მეცნიერები მუდმივად მუშაობენ უფრო ძლიერი მასალებისა და ტექნოლოგიების შექმნაზე გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ სამუშაოებმა კი ერთ დღეს შეიძლება, გამოიწვიოს კოსმოსური ლიფტების გამოჩენა. ეს იქნებოდა მიღწევა, რომელიც კოსმოსს მასებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომს გახდიდა და კაცობრიობას კიდევ ერთი ნაბიჯით წაწევდა წინ.
კომენტარები