პაპირუსიდან პიქსელამდე — ქვეყნის გაციფრულების შვედური მაგალითი
შვედეთში ბიბლიოთეკებია ის გარემო, სადაც ადამიანები ყველაზე ახლოდან ეცნობიან ციფრულ სამყაროს, მის გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებს.
ცოტა ხნის წინ, SAYP პროგრამის ფარგლებში მე და რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა შვედეთში ვიმყოფებოდით, რათა გავცნობოდით ციფრული მმართველობის შვედურ მოდელს და ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის გამოცდილება საქართველოში ჩამოგვეტანა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში პირველი დაწესებულება, რომელსაც ვეწვიეთ, იყო შვედეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (სამეფო ბიბლიოთეკა). ვიზიტამდე დაახლოებით ვხვდებოდი, რომ საუბარი იქნებოდა მატერიალური წიგნების გაციფრულებაზე, მაგრამ იქ ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა — შვედურ ბიბლიოთეკებს გაცილებით მეტი დატვირთვა აქვთ და, როგორც აღმოვაჩინე, ისინი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა.
ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ კონკრეტულად რა როლი აქვთ შვედურ ბიბლიოთეკებს და რისი გადმოღება შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაში.
შუა საუკუნეების ხელნაწერები, პირველი ბეჭდური გამოცემები, გრამფირფიტები, ფოტოები, გაზეთები, ვიდეოთამაშები — ყველაფერი ის, რაც ოდესმე სადმე შვედურ ენაზე (და არამარტო) შექმნილა სამეფო ბიბლიოთეკის კედლებში ინახება.
თავიდანვე, 1661 წელს, ბიბლიოთეკის დაარსებისთანავე, გამოიცა "სავალდებულო ასლის აქტი" (legal deposit act), რომლითაც ყველა გამომცემლობას დაევალა, ბიბლიოთეკას ყოველი ტირაჟის თითო ასლი გაეგზავნათ. 2000-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო ციფრული ბიბლიოთეკის ფარგლებში დაიწყო ყველა ამ მასალის გაციფრულება, რათა ის ყველა ადამიანისთვის მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ყოფილიყო ხელმისაწვდომი. დღეს ბიბლიოთეკის საცავი ტრადიციულისგან ოდნავ განსხვავებულად გამოიყურება — თაროებზე შემოდებული დამტვერილი წიგნების გვერდით მოციმციმე მოწყობილობებს შენიშნავთ, რომლებიც ათობით ათასობით თაროს წიგნს, ათობით მილიონი საათის ჩანაწერს და სხვა უამრავ მასალას ინახავს.
2015 წელს შვედეთის მთავრობამ კიდევ ერთი აქტი გამოსცა, ამჯერად ელექტრონული მასალის შესახებ — საჯარო დაწესებულებებს სამეფო და ექვსი კვლევითი ბიბლიოთეკისთვის ყველა ციფრული დოკუმენტის, ნაწარმის, მათ შორის, ვიდეოთამაშების ასლების გადაგზავნა დაევალათ. მათი მიზანი ერთია — ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადონ შვედურ ენაზე შექმნილი მასალა, მომავალ თაობებს გადაუნახონ ყველაფერი, რაც კი ოდესმე მათ მშობლიურ ენაზე შექმნილა და ხელი შეუწყონ მეცნიერების განვითარებას. როგორც ბიბლიოთეკის შესასვლელში ეწერა — "დღევანდელი ამბები ხვალინდელი კვლევის საგანია".
ამგვარად, შვედები ხელს უწყობენ ციფრული განათლების, ციფრული კვლევის განვითარებას; ცდილობენ, სწავლების ტრადიციულ მეთოდებს თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები შეუხამონ და საკუთარ მოქალაქეებს მისცენ უახლესი ცოდნა და ის განათლება, რომელიც მათ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევების გადალახვაში დაეხმარებათ.
ასეთი მიდგომა მართლაც სამაგალითოა და, საბედნიეროდ, არც ქართული რეალობისთვისაა უცხო. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასაც აქვს სხვადასხვა მასალის (ფოტოების, წიგნების, პლაკატების) ციფრული კატალოგი; ცალკეული კვლევითი ინსტიტუტები, უნივერსიტეტებიც უფრო მასშტაბურად იყენებენ ციფრულ მასალას საკუთარ საქმიანობაში. ამის საჭიროება, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში გამოჩნდა. თუმცა ჩვენთან ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ციფრული მასალა ჯერ კიდევ ძალიან მწირია და ამ პროცესს არ აქვს მიღებული ისეთი კოორდინირებული სახე, როგორც შვედეთში. ალბათ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული, რომ ციფრულ სამყაროში მოქალაქის საჭიროებები, რათა სრულად იყოს ჩართული და ინტეგრირებული სამოქალაქო საზოგადოებაში, იცვლება.
შვედეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველაზე მეტად ზუსტად ამ ფაქტის გააზრების შედეგებმა გამაკვირვა. ბიბლიოთეკებს ფიზიკური მასალის გაციფრულების გარდა გაცილებით დიდი დატვირთვა აქვთ — ისინი ადამიანების ციფრულ წიგნიერებას, ციფრული უნარების განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ცნობიერების გაზრდას ემსახურებიან. ყველა ბიბლიოთეკის (განურჩევლად ლოკაციისა) მთელი პერსონალი გადის გადამზადებას ციფრულ ტექნოლოგიებში, რათა მომხმარებელს — იქნება ეს სტუდენტი თუ პენსიონერი — ციფრული პროდუქტების გამოყენებაში გაუწიონ დახმარება. და ეს მხოლოდ ელ. წიგნებით არ იფარგლება — ამაში შედის ასევე ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენების სწავლება, დეზინოფრმაციის ამოცნობა, პერსონალური მონაცემების დაცვა და მრავალი სხვა.
შეიძლება, ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა შვედეთში სწორედ ბიბლიოთეკებია ის გარემო, სადაც ადამიანები ყველაზე ახლოდან ეცნობიან ციფრულ სამყაროს, მის გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებს.
თანამედროვე მსოფლიოში ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი უნდობლობა, სკეპტიციზმი, რაც ნაკლები ინფორმირებულობითაა გამოწვეული. შვედური ბიბლიოთეკები კი თავიანთი დატვირთვით ზუსტად ამ ერთობ სერიოზულ პრობლემას უმკლავდებიან, რითაც სრულად ციფრულ ცხოვრებაზე ქვეყნის უმტკივნეულო, მსუბუქ გადასვლას უზრუნველყოფენ.
ბიბლიოთეკები ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წელს ბიბლიოთეკების როლი და მისია შვედეთის მთავრობის 2022-2025 წწ. ეროვნულ სტრატეგიაშიც კი (პირველად) ახსენეს. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ საჯარო ბიბლიოთეკებმა ხელი უნდა შეუწყონ კითხვის პოპულარიზაციას და ლიტერატურასთან წვდომა უზრუნველყონ. მათ უნდა აამაღლონ ცნობიერება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება, რათა მიიღონ ცოდნა, ისწავლონ და მონაწილეობა მიიღონ კულტურულ ცხოვრებაში.
აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკის კომპიუტერებითა და სხვა ციფრული სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ინახება. შესაბამისად, თუ პოლიციას ან უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების ან სხვა მიზნით დასჭირდება ინფორმაცია, თუ რა ტიპის მასალას ეცნობოდა მოქალაქე ბიბლიოთეკაში, ის მას ფიზიკურად ვერ მიიღებს. ეს ბიბლიოთეკებისადმი ნდობას ერთიორად ზრდის.
სამწუხაროდ, ქართულ ბიბლიოთეკებს, განსაკუთრებით რეგიონებში, გამართული ინფრასტრუქტურა და მოწესრიგებული ინვენტარიც კი არ აქვთ. რთული იქნება, მათ შვედური ბიბლიოთეკების როლი დავაკისროთ. უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ, როდესაც შვედეთი ამ პროექტების პიონერი იყო, ჩვენს ქვეყანას მრავალ სხვა პრობლემასთან უწევდა გამკლავება. თუმცა, ახლა შვედური ბიბლიოთეკების სახით გვაქვს ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი, ერთი შეხედვით, ტრადიციული გზებით მოვიცვათ მთელი ქვეყანა და, ერთი მხრივ, ციფრულ ტექნოლოგიებზე ავამაღლოთ ადამიანების ცნობიერება და, მეორე მხრივ, შევინახოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ ყველაფერი ის, რაც კი ოდესმე სადმე ქართულ ენაზე შექმნილა.
კომენტარები