რატომ არ შეგვიძლია სინათლეზე სწრაფად მოძრაობა? — რას ამბობს მეცნიერება
რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც სინათლეზე სწრაფად ვერ ვიმოძრავებთ?
როცა მანქანაში ვსხედვართ, შეგვიძლია, სიჩქარის მომატებით უფრო სწრაფად ვიმოძრაოთ. და თუკი ამაზე სწრაფად გვენდომება მოძრაობა, თვითმფრინავებს გამოვიყენებთ. თუმცა სიჩქარის მატებას თავისი ლიმიტი აქვს. რაც უნდა ვეცადოთ, წამში 300 000 კილომეტრზე მეტს ვერ გავივლით.
ამ კოსმოსური სიჩქარის ლიმიტის ყველაზე გავრცელებული ახსნა არის ის, რომ როდესაც ობიექტი უფრო და უფრო სწრაფად მოძრაობს, მისი მასა იზრდება. და ამ ახსნას აქვს გარკვეული ლოგიკა. ბოლოს და ბოლოს, მთის დაძვრა უფრო რთულია, ვიდრე კენჭისა. თუ ობიექტების მასა უსასრულო ხდება, როდესაც იგი უახლოვდება სინათლის სიჩქარეს, ლოგიკურია, რომ არ შეგიძლიათ ამ სიჩქარის ბარიერის გადალახვა — ამის მიღწევას უსასრულო ენერგია დასჭირდებოდა.
ეს ახსნა საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა იგი საუკეთესო პასუხს არ წარმოადგენს. მაშ, რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც სინათლეზე სწრაფად ვერ ვიმოძრავებთ?
იმისათვის, რომ რეალური მიზეზი გავიგოთ, საჭიროა, გვესმოდეს ძირითადი იდეა აინშტაინის ცნობილი თეორიიდან. ჩვენი ზოგადი გამოცდილება გვეუბნება, რომ სივრცე და დრო სხვადასხვა რამეა, მაგრამ აინშტაინმა გააცნობიერა, რომ ისინი უფრო მეტად ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე — განსხვავდება. სივრცისა და დროის ნაცვლად არის ერთი რამ, რომელსაც ეწოდება სივრცე-დრო.
ეს იდეა, ალბათ, ყველაზე ადვილად გაგებადია ანალოგიის საშუალებით. შეხედეთ მსოფლიოს ნებისმიერ რუკას. რუკაზე მდებარეობის ამოცნობა შეგვიძლია, როგორც ორი რიცხვი: გრძედი (ჩრდილოეთის/სამხრეთის რიცხვი) და განედი (აღმოსავლეთის/დასავლეთის რიცხვი). მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მცირე განსხვავებები (მაგალითად, უფრო ცხელა ან ცივა, როდესაც მოძრაობთ ჩრდილოეთით/სამხრეთით), რეალურად არ არის განსხვავება ორ მიმართულებას შორის.
სივრცე-დროს შემთხვევაც, თითქმის, იგივეა. ინდივიდებს შეუძლიათ გადაადგილება დროში ან სივრცეში, ისევე როგორც მოგზაურებს შეუძლიათ, გადაწყვიტონ, გადაადგილდნენ აღმოსავლეთით/დასავლეთით ან ჩრდილოეთით/სამხრეთით.
განვაგრძოთ მსჯელობა. ერთ-ერთმა პროფესორმა, მათემატიკოსმა ჰერმან მინკოვსკიმ, შეხედა აინშტაინის ფარდობითობის თეორიას და გააცნობიერა, რომ მის ღრმა და ფუნდამენტურ დონეზე, თეორია ამბობდა, რომ ნებისმიერი ობიექტი მოგზაურობს სივრცე-დროში — ნაწილობრივ, სივრცეში და, ნაწილობრივ, დროში. როდესაც აინშტაინის თეორია უფრო გაძლიერდა, გაირკვა, რომ ყველა ობიექტი სივრცე-დროში მოძრაობს ერთი — სინათლის — სიჩქარით.
ამის უფრო მარტივად გასაგებად, ვთქვათ, რომ თქვენ იმყოფებით დიდ და ბრტყელ ადგილას. დავუშვათ, რომ ხართ მანქანაში, რომელსაც ამაჩქარებელი აქვს ჩაკეტილი ისე, რომ მას შეუძლია მხოლოდ ერთი სიჩქარით, 100 კმ/სთ-ით, მოძრაობა. ახლა კი, მოდით, საჭეს მიუჯექით და მანქანა დაძარით. თუ აღმოსავლეთისკენ მიდიხართ 100 კმ/სთ სიჩქარით, თქვენ საერთოდ არ მოძრაობთ ჩრდილოეთის/სამხრეთის მიმართულებით. ანალოგიურად, თქვენ შეგიძლიათ, ფიქსირებული სიჩქარით წახვიდეთ ჩრდილოეთით, მაგრამ მაშინ საერთოდ არ იმოძრავებდით აღმოსავლეთით/დასავლეთით. ან შეგიძლიათ, იმოძრაოთ ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ 100 კმ/სთ სიჩქარით, რითაც იმოძრავებთ როგორც აღმოსავლეთის, ისე ჩრდილოეთის მიმართულებით დაახლოებით 69 კმ/სთ სიჩქარით. მთავარი ის არის, რომ თუკი თქვენ მოძრაობთ ფიქსირებული სიჩქარით, შეგიძლიათ, იმოძრაოთ ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც გსურთ, მაგრამ არ შეგიძლიათ იმოძრაოთ იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს ფიქსირებული სიჩქარეა.
სივრცე-დროში მოძრაობაც იდენტურია. ობიექტები სივრცე-დროში სინათლის სიჩქარით მოძრაობენ. სტაციონარული ობიექტი საერთოდ არ მოძრაობს სივრცეში, ამიტომ ობიექტი დროში მოძრაობს სინათლის სიჩქარით. გარდა ამისა, ობიექტს, რომელიც მოძრაობს სივრცეში სინათლის სიჩქარით, არ რჩება სიჩქარე დროში გადასაადგილებლად.
ამრიგად, აბსოლუტური მაქსიმალური სიჩქარე, რომლითაც ობიექტს შეუძლია, ინდივიდუალურად გადაადგილდეს სივრცეში ან დროში, არის სინათლის სიჩქარე. გაითვალისწინეთ, რომ ეს იდეა ასევე ხსნის ფარდობითობის უცნაურ მახასიათებელს, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო ჩქარდება ობიექტი, მით უფრო ნელდება მისთვის დრო. ობიექტი, რომელიც უფრო მეტად მოგზაურობს სივრცეში, ნაკლებად მოგზაურობს დროში.
მიზეზი იმისა, რის გამოც კოსმოსში სინათლის სიჩქარით მოგზაურობა რთულია, ის არის, რომ საჭიროა, აიძულოთ ობიექტი, უფრო მეტად სივრცეში იმოძრაოს, ვიდრე — დროში. ეს კი რთულია. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამას მოახერხებთ, სინათლის სიჩქარეს ვერ დაძლევთ.
მოკლედ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვარსკვლავთშორის მოგზაურობაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ? რადგან ორმხრივ მოგზაურობას ჩვენი გალაქტიკის ცენტრში და უკან 50 000 წელი დასჭირდება სინათლის სიჩქარით მოძრაობისას. და მაინც, იქნებ შეგვიძლია სინათლეზე სწრაფად მოძრაობა?
ასევე იხილეთ: რა სჭირდებათ უცხოპლანეტელებს (ან მომავლის ადამიანებს) ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისთვის?
სამწუხაროდ, არა. ყოველ შემთხვევაში, რაიმე ახალი სამეცნიერო აღმოჩენის გარეშე. შეგახსენებთ, რომ მრუდე დისკები, ჰიპერსივრცე და ყველა სინათლეზე სწრაფად მოძრავი ობიექტი სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს არაერთხელ აღმოუჩენიათ აქამდე უცნობი მოვლენები, რომლებსაც ადამიანების ცოდნა თავდაყირა დაუყენებია, ამიტომ, ვინ იცის, იქნებ იმედი ჯერ კიდევ იყოს.
მეორე მხრივ, მოდი, ამ საკითხს დადებითადაც შევხედოთ. შემდეგში, როდესაც თქვენი უფროსი დატუქსვას დაგიწყებთ იმის შესახებ, რომ საქმეს დროულად ვერ ართმევთ თავს, უთხარით, რომ არაგონივრულად მსჯელობს, რადგან ამ საქმის შესრულებისას თქვენ უკვე სამყაროში შესაძლო მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობთ.
კომენტარები