"ყველაფერი შესაძლებელია" — ტვინში ჩადგმულმა იმპლანტმა პარალიზებული კაცი "აალაპარაკა"
სან ფრანცისკოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა მიერ შექმნილმა ნეიროპროთეზმა მეტყველების პრობლემის მქონე პარალიზებული კაცი "აალაპარაკა".
ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელმა ინტერფეისმა პაციენტის ტვინის სიგნალები 1 000-ზე მეტ სიტყვას შეუსაბამა, რომლებიც სპეციალურ მონიტორზე ჩნდება და გვაგებინებს, რისი თქმა სურს ადამიანს. ავტორები ამბობენ, რომ ცდისპირის საყვარელი ფრაზაა: "ყველაფერი შესაძლებელია", რაც სიმბოლურია, რადგან ახალი ტექნოლოგიის წყალობით მისთვის მართლაც უკვე ყველაფერია შესაძლებელი.
გასულ წერს მკვლევართა გუნდმა მსგავსი მეთოდით ხშირად გამოყენებადი 50 სიტყვა გაშიფრა. ახლა ინტერფეისმა ფონეტიკური ანბანის 26 ასო ამოიცნო, რომლის გამოთქმასაც კაცი ცდილობდა. ამის შემდეგ საქმეში ენის მოდელირების პროგრამა ერთვება, რომელიც მონაცემებს რეალურ დროში ამუშავებს.
საბოლოო ჯამში, ინტერფეისით 1 150-ზე მეტი სიტყვა გაიშიფრა, საიდანაც დაახლოებით 85 პროცენტი ინგლისურ ენაში დამკვიდრებული წინადადებების შემადგენელია. ავტორთა განცხადებით, ეს რაოდენობა შესაძლოა, 9 000-მდე გაიზარდოს, რაც ადამიანთა უმეტესობის მიერ 1 წლის განმავლობაში გამოყენებული სიტყვების რიცხვის ეკვივალენტურია.
მოწყობილობამ წუთში 29 ასოს ამოცნობა შეძლო, მცდარობა კი 6 პროცენტი იყო. ეს ყველაფერი წუთში 7 სიტყვას შეესაბამება.
კაცს, რომელსაც BRAVO1-ად მოიხსენიებენ, 20 წლის ასაკში ინსულტი დაემართა, რის შედეგადაც მას ანართრია, ანუ მეტყველების უნარის მოშლა განუვითარდა. 2019 წელს პაციენტის ტვინში, მეტყველებაზე პასუხისმგებელ არეალში, მეცნიერებმა ელექტროდი ჩანერგეს და ელექტრულ იმპულსებზე დაკვირვება დაიწყეს, რათა ასოებისა თუ სიტყვების ამოცნობა შესძლებოდათ.
როგორც ვხედავთ, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და კაცს კომუნიკაცია ბევრად გაუმარტივდა. ამის მიუხედავად, ახალი ტექნოლოგია ათასობით პარალიზებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება, რადგან იმპლანტაცია ინვაზიურია და რისკებსაც შეიცავს. ამის მიუხედავად, ის პაციენტთა მცირე რაოდენობას მაინც ცხოვრების ხარისხს ბევრად გაუუმჯობესებს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები