დასავლეთ შოტლანდიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ფილტვის ისეთი დაავადებების ავტომატურად ამოცნობა შეუძლია, როგორიც პნევმონია და ტუბერკულოზია.

მსგავსი ინფექციები ადამიანის ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს და სასუნთქ ორგანოს მნიშვნელოვნად აზიანებს. მათი დიაგნოსტირება სხვადასხვა მეთოდს მოიცავს, მათ შორის რენტგენის გადაღებას, სისხლის ანალიზს, ულტრაბგერით კვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ა. შ. ამ ყველაფერს კი დიდი დრო სჭირდება და ძვირიცაა.

რაც შეეხება ახალ ტექნოლოგიას, ის სპეციალისტებმა რენტგენის გამოსახულებებზე დაყრდნობით Covid-19-ის სწრაფად, რამდენიმე წუთში გამოსავლენად შექმნეს. პანდემიის დროს საავადმყოფოებს სერიოზული ტვირთი დააწვა და ადამიანური რესურსის სიმცირე გამოიწვია, რის გამოც ასეთი ინოვაციური მიდგომების შემუშავება გახდა საჭირო.

"რენტგენის გადაღება იაფი და ხელმისაწვდომი სადიაგნოსტიკო მეთოდია, რომელიც სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში, როგორიც Covid-19, ტუბერკულოზი და პნევმონიაა, უკვე გამოიყენება. ხელოვნური ინტელექტის სფეროში ბოლოდროინდელმა მიღწევებმა გულ-მკერდის რენტგენულ გამოსახულებებზე დაყრდნობით ავტომატიზებული დიაგნოსტირება რეალური გახადა", — ამბობენ ავტორები.

ფოტო: Computer Methods and Programs in Biomedicine/Science Direct

ახალი ხელოვნური ინტელექტი პაციენტთა რენტგენულ გამოსახულებებს დაავადებული ადამიანების ათასობით ასეთ მონაცემს ადარებს და ამა თუ იმ ინფექციის ნიშნებს ამოიცნობს. შემდეგ ის ხელოვნურ ნეირონულ ქსელს იყენებს, რათა ინფორმაცია გააანალიზოს და დიაგნოზი დასვას, რასაც ის 98%-იანი სიზუსტით ახერხებს.

"ამ ინოვაციური ტექნოლოგიის პოტენციალი აღმაფრთოვანებს. მან შესაძლოა, დიაგნოსტიკის პროცესი დააჩქაროს და სამედიცინო პერსონალის დატვირთვა შეამსუბუქოს", — აცხადებენ მეცნიერები.

მათი ნაშრომი გამოცემაში Computer Methods and Programs in Biomedicine გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.