იაპონელი ხელოვანები შიშობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ საარსებო წყაროს წაართმევს
ხელოვნური ინტელექტის მიმართ წინააღმდეგობამ ახალ საფეხურს მიაღწია. უკვე რეალურ არტისტებსაც უწევთ იმის მტკიცება, რომ ხელოვნურ ინტელექტს არ იყენებენ.
იაპონიაში, სადაც ფანები საყვარელი ანიმე არტისტების მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან, ხელოვნური ინტელექტის მიმართ წინააღმდეგობამ ახალ საფეხურს მიაღწია. Rest of World-ის მოხსენების მიხედვით, იაპონიის ლმობიერმა კანონებმა საავტორო უფლებებისა და მონაცემთა შეგროვების შესახებ, გამოიწვია პარანოია ინდუსტრიაში დასაქმებულ ხელოვანებში, რომლებიც შიშობენ, რომ AI მათ საარსებო წყაროს წაართმევს.
ერთ-ერთი უკანასკნელი ინციდენტის მიზეზი იაპონური AI სტარტაპ Radius5-ის მიერ Mimic-ის გაშვება იქცა. Mimic ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მანგას სტილის ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. პროგრამის თავდაპირველი მიზანი იყო, მიეცა საშუალება მხატვრებისთვის, აეტვირთათ თავიანთი შემოქმედება Mimic-ში, რომელიც მას თითქმის დასრულებულ სახეს მისცემდა.
Mimic-ის შესაძლებლობების საჩვენებლად Radius5-მა ხუთი ანიმე არტისტი დაიქირავა. ამით განრისხებულმა ფანებმა სოციალურ მედიაში ეს მხატვრები მოღალატეებად შერაცხეს, რომლებიც ეხმარებიან ხელოვნურ ინტელექტს სხვა ხელოვანების საქმის ქურდობაში.
უარყოფითი გამოხმაურების გამო Radius5-ს პროგრამის ბეტა ვერსიის შეჩერება მოუწია. როგორც მოსალოდნელი იყო, უამრავი მომხმარებელი პროგრამაში არა საკუთარ, არამედ სხვა მხატვრის ნაშრომს ტვირთავდა.
ნადირობა ალქაჯებზე
ყველაფერი ეს AI ალქაჯებზე ნადირობას წააგავს. ფოტოების კიდევ ერთი გენერატორი, რომელიც NovelAI-ის მიერ იყო შექმნილი, ასევე დაადანაშაულეს ინტერნეტში ნაპოვნი ანიმე ილუსტრაციების საავტორო უფლებების გვერდის ავლით გამოყენებაში. მეტიც, ატეხილი პარანოიის გამო რეალურ არტისტებსაც უწევთ იმის მტკიცება, რომ ხელოვნურ ინტელექტს არ იყენებენ.
მიუხედავად ყველაფრისა, საკითხის კანონიერება მაინც ბუნდოვანია. იაპონიის კანონი საავტორო უფლებების შესახებ აძლევს საშუალებას ფანარტ კომიქსის, დოუჯინშის (doujinshi) შემქმნელებს, გამოიყენონ საავტორო უფლებებით დაცული პერსონაჟები. ეს არის პრობლემა, რომელიც წყალს ამღვრევს. ჯერჯერობით AI გენერირებული გამოსახულებები ლეგალურია, თუ ის ზუსტად ისეთი არ არის, როგორიც არსებული, სხვის მიერ შექმნილი გამოსახულება.
საერთო ჯამში, იაპონელების რეაქცია შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში. ის რაც იაპონიაში ახლა ხდება, დასავლეთში არცთუ მცირე ხნის წინ ჰუმანიტარებსა და ტექნოფილებს შორის დაწყებული კულტურული კონფლიქტის გამოძახილია. მიუხედავად მძლავრი წინააღმდეგობისა, როგორც ჩანს, ტექნოლოგიური პროგრესი შენელებას არ აპირებს.
კომენტარები