3D პრინტერით დაბეჭდილი სისხლძარღვები? — ახალმა ტექნოლოგიამ შესაძლოა, ადამიანთა სიცოცხლე იხსნას
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ასეთ დარღვევად მიიჩნევა ნებისმიერი პრობლემა, რომელიც სისხლის მიმოქცევის სისტემაზე მოქმედებს, იქნება ეს ტვინისა თუ თირკმლების მიმდებარედ.
სისხლძარღვები სისხლით, ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებითა და ჟანგბადით სხვადასხვა ორგანოს მოსამარაგებლად აუცილებელია, თუმცა ზოგჯერ ისინი ვიწროვდება ან იბლოკება, რაც მრავალ გართულებას იწვევს. უკიდურეს შემთხვევებში, ეს ყველაფერი ფატალურად სრულდება.
აქედან გამომდინარე, მსგავსი ბიოლოგიური სადინარების სიჯანსაღე ძალზე მნიშვნელოვანია. აშშ-ში მდებარე ბრიგემისა და ქალთა საავადმყოფოში მომუშავე მეცნიერებმა ზემოხსენებული სიტუაციებისთვის სამგანზომილებიანი პრინტერით სისხლძარღვები დაბეჭდეს, რომლებიც ფუნქციურად და სტრუქტურულად ნამდვილის მსგავსია.
სპეციალისტებმა ამისთვის ორქსელიანი ჰიდროგელის ბიოსაღებავი გამოიყენეს, რომელიც ცოცხალ ქსოვილს ბუნებრივი პოლიმერების მკვეთი ბმების მეშვეობით ბეჭდავს. ასეთი მეთოდით შექმნილი სისხლძარღვები ჩვეულებრივის მაგვარი ვაზოკონსტრიქციული (შევიწროება), ვაზოდილატაციური (გაფართოება), პერფუზიული (სისხლის დინება) და ბარიერული თვისებებით ხასიათდება და სხვა ფიზიოლოგიურ ნიშნებსაც იმეორებს.
ავტორების თქმით, მსგავსი სადინარების გამოყენება კორონავირუსის ტესტირებებში, გულ-სისხლძარღვთა ოპერაციებსა და სხვა დაავადებათა კვლევებში შეგვიძლია. ასევე, ის ფართო ბიოსამედიცინო დანიშნულებითაც გამოგვადგება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები