დედამიწის ატმოსფერო შეგვიძლია, ბნელი მატერიის გიგანტურ დეტექტორად ვაქციოთ — როგორ
მეცნიერები აცხადებენ, რომ მეტეორების დასაფიქსირებელი მეთოდი შეგვიძლია, არც მეტი, არც ნაკლები, ბნელი მატერიის აღმოსაჩენად გამოვიყენოთ, რომელიც სამყაროს 85 პროცენტს შეადგენს, თუმცა უხილავია. ამისთვის საჭიროა, დედამიწის ატმოსფერო ერთგვარ გიგანტურ დეტექტორად ვაქციოთ.
ბნელი მატერია სინათლეს არც შთანთქავს და არც გამოყოფს, შესაბამისად მას ვერ ვხედავთ, მაგრამ კოსმოსში ის 5-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მატერია. მისი არსებობის შესახებ მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედებით ვიგებთ, რომელიც გალაქტიკებს მთლიანობას უნარჩუნებს.
"ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ბნელი მატერიის დაფიქსირება ძნელია, შესაძლოა, მისი ნაწილაკების მასიურობა იყოს. თუ ეს ასეა, მაშინ ისინი იშვიათია, ხოლო თუ ნაწილაკები პატარაა, ისინი გავრცელებულია", — ამბობს ნაშრომის თანაავტორი ჯონ ბიკომი.
დღესდღეობით მეცნიერები მცირე მასის მქონე ნაწილაკებზე არიან კონცენტრირებულნი. ავტორების თქმით, ბევრად მასიური ნაწილაკების გამოსავლენად იგივე ტექნოლოგია გამოგვადგება, რომლითაც მეტეორებს ვადევნებთ თვალს, რაც კვლევის არეალსაც გააფართოებს. კერძოდ, როცა ამგვარი ასტრონომიული სხეულები ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში იჭრება, იონიზებული ნარჩენების სახელით ცნობილ რადიაციულ კვალს ტოვებს.
რადარების მიერ გაშვებულ ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასეთი თავისუფალი ელექტრონები და დამუხტული ატომები ისხლეტს და თავს ავლენს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს მექანიზმი ბნელი მატერიის ნაწილაკებზეც იმავენაირად იმუშავებს, ანუ დედამიწის ატმოსფერო უზარმაზარ დეტექტორად გადაიქცევა.
სპეციალისტების განცხადებით, ახალი მეთოდი ტრადიციული კოსმოლოგიური მიდგომების გასაუმჯობესებლადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ და მიღებული ინფორმაცია მათი მეშვეობით გადავამოწმოთ. მათი ნაშრომი სამეცნიერო პორტალ arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები