მეცნიერებმა "გამჭვირვალე ხე" შექმნეს — შესაძლოა, მომავალში მან პლასტმასა ჩაანაცვლოს
SciDev.Net-ის უწყებით, მეცნიერებმა "გამჭვირვალე ხე" შექმნეს — ბიოდეგრადირებადი, განახლებადი მასალა, რომელიც შუშისა და პლასტმასის ერთგვარი ალტერნატივაა.
მკვლევართა გუნდის აზრით, შესაძლოა, ნივთიერების დახმარებით პლასტმასის მოხმარება მნიშვნელოვნად შევამციროთ და საზიანო მასალების ეკოლოგიური გავლენაც შევასუსტოთ. მათი ნაშრომი ჟურნალში Science of The Total Environment გამოქვეყნდა.
"გამჭვირვალე ხეს, როგორც მასალას, შეუძლია ნავთობისგან მიღებული გარემოსათვის საზიანო პლასტმასები ჩაანაცვლოს, როგორებიცაა პოლიპროპილენი, პოლივინილქლორიდი (PVC), აკრილი, პოლიეთილენი და სხვა", — განაცხადა პროდიუტ დჰარმა, კვლევის ავტორმა და ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორმა.
თავად ნივთიერება სრულებით ახალი არაა. იგი გერმანელმა მეცნიერმა ზიგფრიდ ფინკმა გამოიგონა 1992 წელს, მომდევნო წლებში კი არაერთხელ შეიცვალა და გაუმჯობესდა.
მასალის დასამზადებლად ხეს ბუნებრივ პოლიმერ ლიგნინს აშორებენ, შემდეგ კი მას გამჭვირვალე პლასტმასის სპეციალური ნივთიერებებით ანაცვლებენ.
"პლასტმასას შუშის ჩასანაცვლებლად იყენებენ, რომელიც ბუნებრივად მსხვრევადია", — განაცხადა დჰარმა — "მიუხედავად ამისა, როგორც სასიცოცხლო ციკლის ჩვენეული ანალიზიდან ჩანს, გამჭვირვალე ხე ეკოლოგიური თვალსაზრისით კიდევ უკეთესი ალტერნატივაა".
მანამ, სანამ მასალით შუშისა თუ პლასტმასის ჩანაცვლებაზე სერიოზულად ვისაუბრებდეთ, მეცნიერებმა უნდა მოიფიქრონ, როგორ აწარმოონ გამჭვირვალე ხე მასშტაბურად. საგულისხმოა ისიც, რომ, მკვლევართა ანალიზის მიხედვით, შუშა სხვა მასალებთან შედარებით გარემოს ყველაზე ნაკლებად აზარალებს.
"დღესდღეობით გამჭვირვალე ხე მშენებლობაში, ენერგიის მომარაგებაში, დრეკად ელექტრონიკასა და საფუთავ მასალებში გამოიყენება", — განაცხადა ანიშ ჩათოთმა, კერალას აგრიკულტურული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა — "თუმცა, ნავთობისგან მიღებული პლასტმასებით გარემოს დაზიანების მზარდ პრობლემას თუ გავითვალისწინებთ, გამჭვირვალე ხეს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებაში წვლილი მიუძღვის".
კომენტარები