ტალღების ენერგია: როგორ გამოიყურება მსოფლიოს უდიდესი მოტივტივე ელექტროსადგური
ამ ელექტროსადგურს, წარმატების შემთხვევაში, ენერგოკრიზისის მოგვარება შეუძლია.
ირლანდური კომპანია Ocean Energy მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ოკეანეში მოტივტივე, ტალღების ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურს გამოცდის. სტარტაპის ფარგლებში კომპანია ბრიტანული, ირლანდიური, ფრანგული, გერმანული და ესპანური ინდუსტრიისა და უნივერსიტეტების 14 სხვადასხვა წარმომადგენელთან კოლაბორაციაში იმუშავებს.
Ocean Energy განავითარებს ტალღების ენერგიის ტექნოლოგიას, რათა გამოიყენოს ოკეანის ძალა განახლებადი ენერგიის წარმოებისთვის, რაც ენერგომომარაგების უსაფრთხოებისა და ტრანზიციისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
პრესრელიზის მიხედვით, 19.6 მილიონი ევროს ღირებულების ამბიციურ პროექტს, სახელწოდებით WEDUSEA, ნაწილობრივ ევროკავშირი პროგრამა Horizon Europe-ის, ხოლო ბრიტანეთის მთავრობა Innovative UK-ის ფარგლებში აფინანსებენ.
მსოფლიოს უდიდესი მოტივტივე ტალღის ელექტროსადგური
Ocean Energy-ის განცხადებით OE35 მსოფლიოს უდიდესი ტალღის ელექტროსადგურია. მოწყობილობა ოკეანის ზედაპირზე ტივტივებს და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
OE35-ის ქვედა ნაწილი ტალღებისათვის ღიაა. როცა ტალა ამ ღია სივრცეში გაივლის, ის მომწყვდეულ ჰაერს ტურბინისკენ გადაისვრის. გამომუშავებული ენერგია ხმელეთს ქსელით უპრობლემოდ გადაეცემა.
"პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინოვაციური ქმედებები გააუმჯობესებს ტალღის ენერგიის ტექნოლოგიის ეფექტურობას, სანდოობას, მასშტაბურობასა და გამძლეობას, შეამცირებს რა ხარჯების 30%-ს. ეს ტალღების ენერგიაში ინვესტიციის რისკებს შეამცირებს", – განაცხადა ევროპის საზღვაო ენერგიის ცენტრის პროექტების მენეჯერმა მაილს ჰივარდმა
ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას ტალღის ენერგია სჭირდება
WEDUSEA-ს პროექტის მიხედვით, Ocean Energy ქსელთან დაკავშირებულ 1 მეგავატი სიმძლავრის OE35-ს ევროპის საზღვაო ენერგიის ცენტრში, შოტლანდიაში გამოცდის. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში პროექტი ტესტირების სამ დამოუკიდებელ ფაზას გაივლის.
ევროკავშირის განახლებადი ენერგიის სტრატეგიის წინასწარი გეგმის მიხედვით, WEDUSEA-ს 2030 წლისთვის 1 გიგავატი ენერგიის გამომუშავება უკვე შეეძლება. მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი ოკეანის ენერგიის გამოყენების აუცილებლობაში კიდევ უფრო გვარწმუნებს.
პირველი ეტაპი იქნება მოწყობილობის პროექტირება სპეციალურად European Marine Energy-ის სატესტო ტერიტორიის პირობების შესაბამისად. მეორე ეტაპზე, რომელიც დაახლოებით 2 წელი გაგრძელდება, გუნდი ფოკუსირდება ინსტალაციასა და დემონსტრირებაზე, ხოლო თუ ყველაფერი კარგად წავა, ფინალური ეტაპი კომერციალიზაციასა და გავრცელებაზე ზრუნვა იქნება.
Ocean Energy არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მსგავს პროექტზე მუშაობს. კვიპროსული სტარტაპი Sea Wave Energy Ltd და ამერიკული CalWave ენერგეტიკის ამ მიმართულებას ასევე აქტიურად იკვლევენ. მეტიც CalWave-ის განცხადებით, მათ მოწყობილობა xWave-ს ბოლო ტესტირებისას 10 თვის განმავლობაში შეკეთება არ დასჭირვებია.
ასეა თუ ისე, ევროპაში მიმდინარე ენერგოკრიზისმა განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების ძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახადა და ოკეანის ამოუწურავ ენერგიას ამ პრობლემის გადაჭრა, სავარაუდოდ, შეუძლია.
კომენტარები