მეცნიერები ოკეანის ცოცხალ არსებად აღიარებას ითხოვენ
"ოკეანის სიჯანსაღე ადამიანის სიჯანსაღეა".
ოკეანეები დედამიწის ზედაპირის უმეტეს ნაწილს ფარავს, ჟანგბადს დიდი დოზით წარმოქმნის და საკვების, მინერალებისა თუ ენერგიის მნიშვნელოვან რესურსს გვაწვდის. ამის მიუხედავად, მას, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, სათანადოდ არ ვაფასებთ.
იმისათვის, რომ მომდევნო თაობებმა წყლის ეკოსისტემის ამ უპირატესობებით მომავალშიც ისარგებლონ, საჭიროა, ოკეანესთან ჩვენი მიმართება ფუნდამენტურად შეიცვალოს. სწორედ ამას ითხოვენ გამოცემაში PLOS Biology გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები.
"გარემოსდაცვითი კანონის სტატუს-კვოს შენარჩუნება ბუნების ლეგალიზებულ განადგურებას ნიშნავს. საერთაშორისო კანონმა ევოლუცია უნდა განიცადოს და ცნოს ოკეანის უფლება, იარსებოს, განვითარდეს და აღდგეს. ოკეანის სიჯანსაღე ადამიანის სიჯანსაღეა", — აცხადებენ მეცნიერები.
უკეთ რომ ავხსნათ, ავტორები ითხოვენ, რომ ოკეანე ცოცხალ არსებად ვაღიაროთ, რომელსაც საკუთარი უფლებები გააჩნია. ბუნების პოზიციის ასეთი ამაღლება დედამიწის კანონის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს, რომ ადამიანისგან მისი საცხოვრებელი გარემოს დამოუკიდებლობა კანონის დონეზე გავიაზროთ ისევე, როგორც ბუნების არსობრივი ღირებულება და არა პრაგმატულ საჭიროებაზე დაფუძნებული მნიშვნელობა.
გაერომ 2021-2030 წლები ოკეანური კვლევებისა და მისი მდგრადი განვითარების დეკადად გამოაცხადა. მსგავსი გადაწყვეტილება წყლის ეკოსისტემაზე ადამიანთა უარყოფითი გავლენის გამო მიიღეს და პრობლემების გამოსასწორებლად მიზნები დაისახეს.
ეს აუცილებელია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოკეანის რესურსების დიდი ნაწილის დაკარგვას პროგნოზირებენ. სწორედ ამიტომ, მას ისე უნდა მოვეპყროთ, როგორც ცოცხალ არსებას.
კომენტარები