კიევის ბოლო დაბომბვიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე, ოკუპანტებმა დედაქალაქზე იერიში ისევ მიიტანეს, ოღონდ ამჯერად ე.წ კამიკაძე დრონებით.

მაშინ, როდესაც მთელ ქალაქში, განსაკუთრებით ცენტრალურ რეგიონში, შევჩენკოში აფეთქებების ხმა ისმოდა და საცხოვრებელი კორპუსები დრონებით იბომბებოდა, უკრაინელები უშიშრად გადაადგილდებოდნენ ქუჩაში და ერთმანეთზე ზრუნავდნენ.

ფოტო: Sergei Supinsky / AFP / Scanpix / LETA

ფოტო: Efrem Lukatsky / AP / Scanpix / LETA

დაბომბვისას მუშაობდნენ მედიის წარმომადგენლებიც და რუსეთის მორიგი სისასტიკის კადრებად აღბეჭდვას ცდილობდნენ.

საჰაერო სარდლობა ამბობს, რომ უკრაინის ცაზე კვირა დღის საღამოდან 43-მა კამიკაძე დრონმა გადაიფრინა, საიდანაც 37 განადგურებულია. თუმცა მათმა ნაწილმა "მიზნის მიღწევა" შეძლო.

ფოტო: Gleb Garanich / Reuters / Scanpix / LETA

ფოტო: Roman Petushkov / Reuters / Scanpix / LETA

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ოკუპანტებმა კიევისკენ 28 დრონი გაუშვეს და 5 აფეთქება მოხდა. დედაქალაქში მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საჰაერო თავდაცვის წყალობით ტერორისტების დრონების უმეტესობა ჩამოგდებულია.

ფოტო: UNIAN

ფოტო: UNIAN

"ბელგოროდისთვის" — ეს წარწერა იპოვეს უკრაინაში ჩამოგდებული ერთ-ერთ ირანულ დრონზე. როგორც Unian წერს, რუსეთი ისევ ცდილობს დაადანაშაულოს უკრაინა ბელგოროდის დაბომბვაში, როცა ქალაქში რუსი სამხედროების მიერ გაშვებული რაკეტები ვარდება.

კიევზე თავდასხმის დაწყებიდან მალევე გავრცელდა კადრი, სადაც ჩანდა, რომ მოქალაქე ერთ-ერთი კორპუსის ფანჯრიდან დრონის ჩამოგდებას ცდილობს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ფოტო დღევანდელი არ იყო, თუმცა როგორც შს მინისტრის განცხადებიდან ვიგებთ, ასეთი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, არ სცადონ თავად ჩამოაგდონ დრონები და ეს საქმე სამართალდამცავებსა და სამხედროებს მიანდონ.

აქვე, შს მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დილით პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით ერთ-ერთი დრონის ჩამოგდება შეძლეს.

ბოლო ცნობებით, თავდასხმას სულ მცირე, 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 6 თვის ორსული და მისი ქმარი არიან.

ფოტო: ვიტალი კლიჩკო / Facebook

სამაშველო ოპერაცია და ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანა გრძელდება. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ დანგრეული კორპუსიდან გადარჩენილების ხმა ისმის. მაშველებმა უკვე 19 ადამიანის და 1 კატის გადარჩენა შეძლეს.

ფოტო: UNIAN

ფოტო: ვიტალი კლიჩკო / Facebook

ამასობაში, რუსეთი ტრადიციულად უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმას და ამტკიცებს, რომ დარტყმები "მაღალი სიზუსტის იარაღით სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ობიექტებზე და უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე" განხორციელდა.

ამ განცხადებაში სიმართლეა მხოლოდ ის, რომ რუსეთი მიზანმიმართულად უტევს ენერგეტიკულ ობიექტებს, რაც მაცხოვრებლებს მოსალოდნელი ცივი ზამთრის პირობებში ელექტროენერგიის გარეშე ტოვებს. უკრაინელები იძულებულები არიან, რესურსების დასაზოგად და ელექტრო ქსელების კრიტიკული გადატვირთების ასარიდებლად, ეტაპობრივად გათიშონ შუქი.

ფოტო: Vladyslav Musiienko / Reuters / Scanpix / LETA

რუსეთი უკრაინის დასაბომბად ირანულ კამიკაძე დრონებს უკვე რამდენიმე კვირაა იყენებს. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ოკუპანტმა ქვეყანამ ირანიდან 2 400 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი შეუკვეთა. ამიტომ, დღეს ბომბსაცავში მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კოლეგებს მოუწოდა, სანქციები დაუწესონ ირანს, რომელიც რუსეთს დრონებით ამარაგებს.

"ალბათ, მე გავხდი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ბომბსაცავიდან მიმართა, კიევში საჰაერო განგაშის სირენების გამო. ევროკავშირს მოვუწოდე: მეტი საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის უზრუნველყოფა; სანქციების დაწესება ირანის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციისთვის დრონების მიწოდების გამო. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტი ძლიერი უნდა იყოს", — თქვა მან.

ფოტო: ვიტალი კლიჩკო / Facebook

ფოტო: ვიტალი კლიჩკო / Facebook

უკრაინის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ თავდასხმის შემდეგ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენეს უკრაინის სიმამაცის შესახებ. ოლენა ზელენსკამ დაწერა, რომ უკრაინის შეშინება ისტერიული ტერორით შეუძლებელია და ისინი წინააღმდეგობას აუცილებლად მიიღებენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ "მტერს შეუძლია უკრაინის ქალაქებს შეუტიოს, მაგრამ უკრაინელებს ვერ გატეხს".