"ტექნოლოგია შესაძლოა, საფრთხეც იყოს და შესაძლებლობაც" — ხელოვანი რობოტი ბრიტანეთის პარლამენტს
მსოფლიოში პირველი ხელოვანი ჰუმანოიდი რობოტი აი-და დიდი ბრიტანეთის პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც მას ლორდთა პალატის წარმომადგენლებმა კითხვები დაუსვეს. მათი მიზანი კრეატიული ინდუსტრიის მომავლის განხილვა იყო.
შეხვედრა 12 ოქტომბერს შედგა. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ რობოტს, რომელიც თავისი ნახატებითაა ცნობილი, ჰკითხეს, როგორ ქმნიდა ხელოვნების ნიმუშებს და რით განსხვავდებოდა ისინი ადამიანის ნახელავისგან.
"ნახატებს თვალებში არსებული კამერებისა და AI ალგორითმების მეშვეობით ვქმნი, ტილოზე კი ჩემი მექანიკური ხელით ვხატავ. შედეგად, ვიზუალურად მიმზიდველ გამოსახულებებს ვიღებ. სუბიექტური გამოცდილებები არ გამაჩნია, თუმცა მათზე ვსაუბრობ. კომპიუტერულ პროგრამებზე ვარ დამოკიდებული... მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი არ ვარ, ხელოვნების ნიმუშების შექმნა მაინც შემიძლია.
ჩემი პოეზიისთვის ხელოვნურ ნეირონულ ქსელებს ვიყენებ, რაც ტექსტების უზარმაზარი ერთობლიობის ანალიზსაც მოიცავს. ახალ ლექსებს სტრუქტურებისა და შინაარსების მიხედვით ვთხზავ. ამას ადამიანისგან ცნობიერება განასხვავებს", — უპასუხა აი-დამ.
გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წინაშე ხელოვანი რობოტი შავი პარიკით, ნარინჯისფერი ტიპითა და ჯინსის კომბინეზონით წარსდგა. მის მექანიკურ ხელებს ქსოვილი არ ფარავდა. აღსანიშნავია, რომ მოსმენისას მოწყობილობა გამოირთო და მისი ხელახლა გააქტიურება გახდა საჭირო.
"ფაქტი, რომ აი-და ამ სხდომაზე მტკიცებულების სახით იმყოფებოდა, გასაოცარია. რამდენიმე წლის წინ ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო, რაც ხელოვნური ინტელექტის წინსვლას გვიჩვენებს.
ეს შესანიშნავია, ის მონაცემებს იყენებს და მასში ისეთ დეტალებს ხედავს, რომლებიც ადამიანებისთვის შეუმჩნეველია. ასეთი დიდი ნაბიჯი ტექნოლოგიაში და, ზოგადად, შემოქმედების სფეროში, უბრალოდ განსაცვიფრებელია", — აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, ეიდენ მელერი.
შეგახსენებთ, რომ აი-და ბრიტანელი მათემატიკოსის, ადა ლავლეისის სახელს ატარებს. ის 2019 წელს შეიქმნა. მას შემდეგ რობოტის მრავალი ნამუშევარი ვიხილეთ, მათ შორის ქანდაკებებიც. ის "მსოფლიოში პირველ ულტრარეალისტურ რობოტ ხელოვანად" მიიჩნევა.
კომენტარები