რაშისტების სარაკეტო თავდასხმა 10 ოქტომბრის დილიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ათზე მეტ დიდ ქალაქს — ძირითადად საცხოვრებელ სახლებსა და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას.

აფეთქებები დაფიქსირდა ლვოვის რეგიონში, ხარკოვში, ოდესაში, ხმელნიცკში, ჟიტომირში, დნიპროში, კრივოი როგში, ივანო ფრანკოვსკში, პოლტავში, სუმში და სხვა დასახლებებში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინაში გასროლილი 75 რაკეტიდან 41 ჩამოაგდო.

კიევი

პირველად რამდენიმე თვის განმავლობაში დაიბომბა უკრაინის დედაქალაქიც. ამ დროისთვის ცნობილია 8 დაღუპულისა და 20-ზე მეტი დაჭრილის შესახებ.

ფოტო: Efrem Lukatsky / AP

დაზიანდა ფილარმონიის შენობა, ხანენკოვისა და შევჩენკოს მუზეუმები.

ფოტო: Valentyn Ogirenko / Reuters / Scanpix / LETA

კიევის დაბომბვის ამსახველი არაერთი კადრი გავრცელდა, მათ შორის, ერთ-ერთი BBC-ის პირდაპირი ეთერიდან.

მოქალაქემ გადაიღო რაკეტის დაცემაც. ის ვიდეომიმართვას წერდა, როცა მის მახლობლად აფეთქება მოხდა და ტალღამ წააქცია.

გავრცელდა კიევის სიმბოლოს, შუშის ხიდის დაზიანების კადრებიც.

აფეთქებების შემდეგ ქალაქიდან ვიდეოები გამოაქვეყნა პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ვრცელდება კიევის მეტროდან გადაღებული კადრებიც — მეტრო ახლა თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს, ადგილობრივები კი ტრადიციულად მღერიან.

ლვოვი

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ლვოვში დაბომბვის სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. ქალაქში არ არის ელექტროენერგია და წყალი.

ფოტო: Pavlo Palamarchuk / Reuters / Scanpix / LETA

ზაპოროჟიე

ქალაქი ზაპოროჟიე, სადაც გუშინ რუსული დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, დღეს დილით განმეორებითი სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 1 პირი.

ფოტო: Reuters / Scanpix / LETA

დნეპრი

რაკეტებით დაარტყეს დნეპერსაც. ფოტოზე ჩანს სამი ადამიანის ცხედარი, რომლებიც დაიღუპნენ დაბომბვის შედეგად. ზუსტი მონაცემები მსხვერპლთა შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელბზეც დნეპრში გზის მიმდებარედ აფეთქება ჩანს.

ხარკოვი

მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქში სამი რაკეტა ჩამოვარდა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია და წყალმომარაგება არ არის.

ოდესა

ოდესაში აფეთქებების შესახებ ადგილობრივი ტელეგრამის არხები იუწყებიან. წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვა მუშაობს. არსებობს ინფორმაცია ოკუპანტების მიერ დრონების გამოყენების შესახებ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ოდესის რეგიონში საჰაერო თავდაცვამ სამი რაკეტა და ხუთი ირანული დრონი ჩამოაგდო. როგორც სამხედრო ადმინისტრაციაში იტყობინება, საჰაერო თავდასხმის საფრთხე კვლავ რჩება.

აფეთქებები სხვა ქალაქებში

ამ ეტაპზე სხვა ქალაქებიდან დაბომბვის ზუსტ შედეგებზე ინფორმაცია და კადრები არ გავრცელებულია. დაუზუსტებელია ისიც არის თუ არა მსხვერპლი.

უკრაინული მედიებისა და სამხედრო ადმინისტრაციების განცხადებებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ივანო-ფრანკოვსკში, კრივოი როგში, პოლტავაში და სუმის რეგიონში რაკეტები კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა და ყველგან წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემაა.