რატომ მოგვდის საუკეთესო იდეები შხაპის მიღებისას? — მეცნიერებს პასუხი აქვთ
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ დიდებული იდეები შხაპის მიღებისას იბადება, მაგრამ... რატომ? მეცნიერები წლების განმავლობაში დავობდნენ ე.წ. "შხაპის ეფექტის" მიზეზებზე და, როგორც იქნა, ორი ექსპერიმენტის საშუალებით, ამ საკითხს ნათელი მოჰფინეს.
უახლეს ექსპერიმენტებს ხელმძღვანელობდა ზაკ ირვინგი, რომელიც სწავლობს და ასწავლის კოგნიტური მეცნიერების ფილოსოფიას ვირჯინიის უნივერსიტეტში. ზაკის მიერ ჩატარებული კვლევები გვიჩვენებენ, რომ კონკრეტულ დავალებაზე ურყევი კონცენტრირება შეიძლება შემოქმედებითობის მტერს წარმოადგენდეს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის ნაცვლად, რომ ერთ დავალებაზე კონცენტრირდეთ მანამ, სანამ მას არ გადაჭრით, სჯობს, შეისვენოთ და დაკავდეთ სხვა ისეთი აქტივობებით, რომლებიც თქვენს გონებას ყოველგვარი მიზნისა და მიმართულების გარეშე, უბრალოდ თავისუფლად "ხეტიალის" საშუალებას აძლევს. და როდესაც თქვენი აზრები ნელა დაიწყებს მიმოდინებას, ბინგო! ზუსტად მაშინ მოგივათ ჭკვიანური იდეა.
მეორე მხრივ, სრულიად მოსაწყენი საქმის კეთება საკმარისად არ ზღუდავს თქვენს გონებას, რომ შემოქმედებითი იდეების შექმნა შეძლოს. უფრო სავარაუდოა, რომ ასეთ დროს ყურადღება გაგეფანტოთ ან განაგრძოთ ფიქრი თავდაპირველ პრობლემაზე.
წარმოიდგინეთ, რომ რაიმე დავალება გაქვთ შესასრულებელი და კონკრეტულ საკითხზე გაიჭედეთ. "რას გააკეთებთ? ალბათ, ისეთ მოსაწყენ რამეს არა, როგორიც საღებავის გაშრობის ყურებაა. ამის ნაცვლად, თქვენ გაისეირნებთ, ბაღს მოუვლით, ანდაც შხაპს მიიღებთ. ყველა ეს აქტივობა ზომიერად საინტერესოა", — ამბობს ირვინგი.
ისტორიულად, შხაპის ეფექტზე ექსპერიმენტებმა არათანმიმდევრული შედეგები გამოიღო. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დავალება ვალდებულების გარეშე ტვინს საშუალებას აძლევს, იხეტიალოს და კრეატიულობას ჩართოს. მაგრამ სხვა კვლევებმა ვერ შეძლო ასეთივე აღმოჩენების დამტკიცება.
ირვინგი ფიქრობს, რომ ეს ექსპერიმენტული დიზაინის ხარვეზების გამოა. ბევრმა წარსულმა კვლევამ გონების ხეტიალი და მოწყენილობა ერთმანეთში აურია, როდესაც, სინამდვილეში, უჩვეულო იდეების წარმოქმნა შეიძლება მოითხოვდეს დახვეწილ ბალანსს თავისუფალ აზროვნებასა და ფოკუსირებულ აზროვნებას შორის.
"ისინი რეალურად არ ზომავდნენ გონების ხეტიალს", — ამტკიცებს ირვინგი. "ისინი ზომავდნენ, თუ რამდენად გაფანტული ჰქონდათ გონება მონაწილეებს."
მაგალითად, 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ადამიანის თავში ტრიალებს ძალიან ბევრი აზრი, რომელიც არ არის დაკავშირებული დავალებასთან, ამან შეიძლება გაართულოს შემოქმედებითი შთაგონების მოსვლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაღაც მომენტში, შეუზღუდავი აზრები არაპროდუქტიული ხდება.
უფრო მეტიც, ბევრმა წარსულმა ექსპერიმენტმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული ყურადღების გაფანტვის ამოცანები, როგორიცაა კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულ ციფრებზე დაწკაპუნება, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში მაინც და მაინც ეფექტურად არ გადმოდის.
ირვინგმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს ორი ახალი ექსპერიმენტი ამ შეცდომების გამოსასწორებლად.
პირველი ექსპერიმენტი ეფუძნებოდა 222 მონაწილეს, რომელთა უმეტესობა ქალი იყო. პირველ ცდაზე მონაწილეებს მიეცათ 90 წამი, რათა მოეფიქრებინათ რაც შეიძლება მეტი ალტერნატიული გამოყენება "აგურის" ან "ქაღალდის სამაგრისთვის".
შემდეგ მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით განაწილდნენ ორი დავალებიდან ერთ-ერთზე. პირველ ჯგუფს დაევალა, ეყურებინა საინტერესო, სამწუთიანი სცენისთვის, ფილმიდან "როდესაც ჰარი შეხვდა სალის". ამავდროულად, მეორე ჯგუფმა უყურა სამწუთიან ვიდეოს, რომელშიც კაცები კეცავდნენ სარეცხს.
ვიდეო შესვენების შემდეგ, ორივე ჯგუფს მოულოდნელად მიეცა დამატებითი 45 წამი, რათა მოეფიქრებინა მეტი იდეა თავდაპირველი ამოცანის შესასრულებლად. მონაწილეების პასუხების კრეატიულობა მკვლევარებმა შეაფასეს მათ მიერ მოფიქრებული იდეების რაოდენობასა და ორიგინალურობაზე დაყრდნობით. ბოლოს კი, მონაწილეებს ჰკითხეს, თუ რამდენად გაეფანტათ გონება ვიდეოების ყურების დროს.
საბოლოოდ, ავტორებმა დაადგინეს, რომ საინტერესო ვიდეოს ყურებისას გონების გაფანტვა დადებითად აისახა უფრო კრეატიული პასუხების მოფიქრებაზე. რაც შეეხება მონაწილეებს, რომლებმაც მოსაწყენ ვიდეოს უყურეს, მათ უფრო ნაკლები უჩვეულო იდეა წამოაყენეს, მეორე ჯგუფთან შედარებით.
"ერთად, ეს შედეგები ვარაუდობს, რომ სხვადასხვა სახის აზროვნება იწვევს კრეატიულობის კულტივირებას საინტერესო და მოსაწყენი ამოცანების დროს. მაშინ, როდესაც საინტერესო ამოცანები იწვევს გონების პროდუქტიულ ხეტიალს, მოსაწყენი ამოცანები შეიძლება იყოს მომგებიანი, რადგან ისინი საშუალებას აძლევს ადამიანს, გადაინაცვლოს ფოკუსირებული და შეუზღუდავი აზროვნების პერიოდებს შორის", — აღნიშნეს კვლევის ავტორებმა.
მეორე ექსპერიმენტმა გაიმეორა პირველი ექსპერიმენტი 118 მონაწილეში, მაგრამ ამჯერად ჯგუფის ერთ ნახევარს სპეციალურად უთხრეს, რომ ისინი დაუბრუნდებოდნენ თავდაპირველ ამოცანას ვიდეოს ნახვის შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარს მიეცა მხოლოდ "ბუნდოვანი" მითითება იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ამის შემდეგ მონაწილეებს უნდა შეეფასებინათ, რამდენად საინტერესო იყო ვიდეოები.
მეორე ექსპერიმენტის შედეგები მხარს უჭერს პირველი ექსპერიმენტის მთავარ დასკვნებს. კერძოდ, მკვლევრების ვარაუდით, გონების ხეტიალი ან აზროვნების თავისუფლად მოძრაობა ხელს უწყობს ახალი იდეების წარმოქმნას, "მაგრამ მხოლოდ ზომიერად საინტერესო აქტივობისას, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს უყენებს აზროვნებას".
საინტერესოა, რომ როცა მონაწილეებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაბრუნებოდნენ თავდაპირველ დავალებას ვიდეოს ყურების შემდეგ, მათ უფრო მეტი იდეა მოიფიქრეს, თუმცა უფრო ნაკლები კრეატიულობით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სარეცხის კეცვის მოსაწყენი ვიდეოს ყურებისას, ისინი პირველი დავალების ამოხსნაზე ფიქრობდნენ. მეორე მხრივ, ფილმის სცენა დადებითად ფანტავდა ყურადღებას, რათა მონაწილეებს ორივე ამოცანას შორის საინტერესო კავშირები დაენახათ.
შხაპის ეფექტის მიზეზების გასაგებად დამატებითი კვლევებია საჭირო, თუმცა რასაც ზემოხსენებული კვლევის დასკვნები გვაძლევს, არის პასუხი, თუ როგორ შეუძლია საშუალოდ საინტერესო საქმიანობებს, მაგალითად, შხაპის მიღებას, რეალურ ცხოვრებაში იდეების მოფიქრებაში დაგვეხმაროს.
კომენტარები