საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ინფორმაციით, ქობულეთში ასწლოვანი ევკალიპტის გადასატანადაც საგზაო მოძრაობის ნიშნულის - წრიულის დემონტაჟი გახდა საჭირო. ასწლოვანი ხე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საგზაო ნიშნულის დემონტაჟი დიდი გაბარიტების მქონე ტვირთის გადატანის გამო გახდა საჭირო. მოგვიანებით, ხე სანაპიროზე ჩაიტანეს, საიდანაც ზღვის გავლით გურიაში, ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადაიტანენ.

საგზაო მონიშვნის აღდგენა დაწყებულია, აჭარის ტელევიზიასთან ქობულეთის გამგებელი ამბობს, რომ ხარჯებს კომპანია ანაგი აანაზღაურებს.