სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტის, მოსახლეობის დაბერებისა და პროდუქტიულობის ქრონიკული პრობლემების ფონზე, იაპონური კომპანიები ხელოვნური ინტელექტის (AI) ასათვისებლად ნაყოფიერ ნიადაგს უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან შედარებით, ბევრ სამუშაო ადგილზე მისი დანერგვა კვლავ ნელი და ფრთხილია.

მონაცემები, რომლებიც სამუშაო ადგილზე AI-ის გამოყენებას ასახავს, მიუთითებს, რომ იაპონია ჩამორჩა. გასული წლის ბოლოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, AI-ს საკუთარი სამუშაოს ფარგლებში იაპონელი დასაქმებულების მხოლოდ 8,4% იყენებს.

საპირისპიროდ, სხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი აშშ-ში 50%-ს, ხოლო დიდ ბრიტანეთში 32%-ს შეადგენს. სინგაპურში, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ AI-ის ათვისების მეორე ყველაზე მაღალი, ხოლო აზიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, დასაქმებულთა 56% ხელოვნურ ინტელექტს "კვირაში რამდენჯერმე" იყენებს.

მაშ, რატომ აყოვნებს იაპონია? ამერიკული სტარტაპის, Kuse AI-ის თანადამფუძნებელი, ოსტინ სუ, ამბობს, რომ ეს იაპონური კომპანიების კონსერვატიულობითა და რისკის მიმართ სიფრთხილითაა განპირობებული. მისმა ბიზნესმა ახლახან იაპონიაში ოფისი გახსნა, რათა ქვეყანაში არსებულ ფირმებს საკუთარი AI სისტემები მიჰყიდოს.

"არსებობს ორგანიზაციები, სადაც პროცესი და კონსენსუსის კულტურა მართლაც ანელებს საქმეს", — ამბობს ის — "AI-ის შეცდომების მიმართ შემწყნარებლობა ნულს უახლოვდება, განსაკუთრებით კი კლიენტებთან ურთიერთობის ნებისმიერ ასპექტში. ზოგიერთს ურჩევნია ვაკანსია ცარიელი დატოვოს, ვიდრე საქმე მანქანას მიანდოს".

სუს თქმით, აშშ-ში სიტუაცია სრულიად განსხვავებულია, რადგან ზოგიერთი ბიზნესი AI აგენტებს პროდუქტიულობის გასაზრდელად გაცილებით მეტ თავისუფლებას აძლევს.

"აშშ-ში, AI კოლეგები შემოდის როგორც დამხმარე და თანდათან სამუშაო პროცესის ნაწილად იქცევა. ამერიკელი ხელმძღვანელების დამოკიდებულება ხშირად ასეთია: მიეცით საშუალება, სცადოს და შემდეგ გაასწორეთ". ის დასძენს, რომ სანამ AI-ს საკმარისად ენდობიან, იაპონურ კომპანიებს მეტი მტკიცებულება სჭირდება.

კიოტოს მოწინავე მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო მენეჯმენტის პროფესორი, პარისა ჰაგირიანი, ეთანხმება მოსაზრებას, რომ მრავალი იაპონური კომპანია ზედმეტად გაურბის რისკს იმისათვის, რომ AI-ით დაინტერესდეს.

"მისი დანერგვის გამოწვევები იგივეა, რაც იაპონურ კომპანიებში ნებისმიერი სხვა ცვლილების დანერგვისას. სწორედ ამიტომ, AI-ის გამოყენება ჯერ კიდევ საკმაოდ შეზღუდული და ფრთხილია, განსაკუთრებით სამუშაო ადგილზე".

ჰაგირიანი ასევე უპირისპირებს ამას აშშ-ის უფრო სამეწარმეო კულტურას და ამტკიცებს, რომ შეცდომების, გაურკვევლობისა და რეპუტაციული რისკების მიმართ იაპონური კომპანიები ძალიან მგრძნობიარეა.

"ვინაიდან გენერაციული AI ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე სანდო, ის [იაპონიაში] ძირითადად დაბალი რისკის მქონე ამოცანებისთვის გამოიყენება, როგორიცაა წერა, შეჯამება ან ინფორმაციის შეგროვება, მაგრამ ძირითადი ოპერაციებისთვის, გადაწყვეტილების მიღებისთვის ან საერთო პროცესების გასაუმჯობესებლად — ბევრად უფრო იშვიათად", — ამბობს ის.

ვარაუდობენ, რომ AI-ით განსაკუთრებით ნელა იაპონიის ჯანდაცვის სექტორი ინტერესდება, რადგან ზოგიერთ საავადმყოფოს ჯერ პაციენტთა ფაილების სრული გაციფრულებაც კი არ დაუსრულებია. "ქაღალდის დოკუმენტები განსაცვიფრებელი მასშტაბით გროვდება", — ამბობს იაპონიის ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა — "ეს ქვის ხანას ჰგავს".

ამბობენ, რომ იაპონური კომპანიების შეშფოთებას AI-ის მიერ დაშვებული შესაძლო შეცდომები იწვევს

ფოტო: Getty Images

იაპონიის მთავრობამ AI-ის დაბალი ათვისების პრობლემის შესახებ იცის და ცდილობს, ამ ტექნოლოგიის გამოყენებაში მეტი კომპანია დაარწმუნოს. გასულ წელს ქვეყნის პარლამენტმა AI-ის ხელშეწყობის აქტი მიიღო.

მიზანი მსუბუქი რეგულაციების გამოყენებაა, რათა ბიზნესები წაახალისოს, ხელოვნურ ინტელექტში მეტი ინვესტიცია ჩადოს. ტოკიო პირობას დებს, რომ იაპონია "AI-ის განვითარებისა და გამოყენებისთვის მსოფლიოში ყველაზე მეგობრული ქვეყანა" გახდება.

მთავრობას მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის გაზრდილი გამოყენება იაპონიას თავისი პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. განვითარებული ქვეყნების G7-ის ჯგუფში ამჟამად მას კვლავ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. იაპონიის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბიზნესების მიერ AI-ის დანერგვა უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა და ახლა კომპანიების 75% იყენებს ტექნოლოგიას, ნაცვლად 11%-ისა, რაც ხუთი წლის წინ ფიქსირდებოდა.

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში ხელოვნურ ინტელექტს თითოეულ ამ ბიზნესში პერსონალის მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს და ისიც მხოლოდ ძალიან შეზღუდული მასშტაბით.

ამბობენ, რომ იაპონია IT სპეციალისტების დეფიციტის წინაშე დგას

ფოტო: AFP via Getty Images

მეიჯის უნივერსიტეტის პროფესორი იასუში ოგასავარა, რომელიც იაპონიის სოციალური სისტემისა და ტექნოლოგიების ექსპერტია, ამბობს, რომ სამუშაო ძალაში ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული ადამიანების ნაკლებობაა.

"მიუხედავად იმისა, რომ იაპონელებს უყვართ ისეთ გაჯეტებთან თამაში, როგორიცაა სმარტფონები, ციფრული წიგნიერება აქ დაბალია", — ამბობს ის.

ამას ხაზს უსვამს მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებული ერთ-ერთი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ 2030 წლისთვის იაპონია თითქმის 800 000 IT პროფესიონალის დეფიციტის წინაშე დადგება. ასევე გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ბევრ კომპანიას უჭირს მოძველებულ კომპიუტერულ სისტემებთან გამკლავება, რომელთა დაახლოებით 60% 20-ზე მეტი წლისაა.

ოგასავარა ასევე დასძენს, რომ იაპონურ კომპანიებზე მეტი ზეწოლაა უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად, ვიდრე სამუშაო ადგილების დაკარგვის მომტანი AI-ის განვითარებისთვის.

"მთავრობა ხელოვნურ ინტელექტზე, კვალიფიკაციის ამაღლებასა და ციფრულ უნარებზე საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში, რთულია ადამიანური რესურსების ციფრულ უნარებთან ადაპტირება, რადგან მთავარი პრიორიტეტი სრული დასაქმების შენარჩუნებაა", — ამბობს ის.

ამავდროულად, კადრების შერჩევის პროცესში გარკვეული ცვლილება შეინიშნება, რადგან ზოგიერთი კომპანია ახლა კურსდამთავრებულების დაქირავებისას პრიორიტეტს "AI წიგნიერებას" ანიჭებს. კერძო სექტორში ისეთი მსხვილი ფირმები, როგორიცაა გენერალური სავაჭრო კომპანია Kanematsu, გათვითცნობიერებულ კურსდამთავრებულებს ქირაობს. მაგალითად, უტა იამაგუჩი მათ გუნდს აპრილში შეუერთდა.

"სამსახურში ხელოვნურ ინტელექტს საკმაოდ ხშირად ვიყენებ", — ამბობს ის — "ჩემი კოლეგებიდან ბევრი მას ინტენსიურად იყენებს. ჩემი უფროსისთვის ელექტრონული წერილების დასაწერად, რთული დოკუმენტების შესაჯამებლად, შეხვედრების ჩასაწერად და შესაჯამებლად".

მისი თქმით, აშშ-სგან განსხვავებით, იაპონიაში მრავალსაფეხურიანი სამუშაოს დამოუკიდებლად შემსრულებელი AI სისტემები ჯერ კიდევ თითქმის არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მისი დამსაქმებელი, რომელიც წინდახედულობით გამოირჩევა, უკვე იყენებს ასეთ სისტემებს.

ოგასავარას თქმით, "იაპონიაში ცვლილება შეზღუდულია".

"იაპონურ საზოგადოებას უმტკივნეულო რეფორმა სურს, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური რეფორმა, რბილად რომ ვთქვათ, რთულია", — დასძენს ის.

თუ ხელოვნური ინტელექტი და ამ სფეროში მიმდინარე სიახლეები შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჩვენს ჯგუფში — AI ყველასთვის