ისეთ სამყაროში, სადაც ინსტიტუტების მიმართ ნდობა ძირითადად მცირდება, მეცნიერების მიმართ ნდობის დონე შედარებით მაღალი რჩება. თუმცა ამავდროულად ფართოდაა გავრცელებული სამეცნიერო შეთქმულების თეორიების, როგორიცაა ვაქცინების ფარული ეფექტები ან თვითმფრინავების "ქიმტრეილები", რწმენაც.

ეს აშკარა წინააღმდეგობა რით აიხსნება? Trinity College Dublin-ის მკვლევრებმა, სოციოლოგმა მიკელე დერიკომ და ტექნოლოგიისა და საზოგადოების პროფესორმა თაჰა იასერიმ, კვლევა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ განსხვავებული კითხვის დასმაა საჭირო: არა ის, ადამიანები მეცნიერებას რამდენად ენდობიან, არამედ, რომელი წყაროებით ყალიბდება მათი წარმოდგენა მეცნიერებაზე და როგორ მუშაობს ის.

მკვლევრებმა აშშ-ის 843 მცხოვრები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც სამეცნიერო პროგრესს მარტოსული გენიოსების ნამუშევრად აღიქვამენ და მეცნიერების შესახებ ინფორმაციას ძირითადად პოდკასტებიდან და დოკუმენტური ფილმებიდან იღებენ, განათლების დონის მიუხედავად, შეთქმულების თეორიების მიმართ შესამჩნევად უფრო მეტ მიდრეკილებას ავლენენ.

ეს სურათი უფრო ფართო კონტექსტსაც ემთხვევა: 16 ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტთა 70%-ს ჯანმრთელობის შესახებ სულ მცირე ერთი მცდარი ან დაუდასტურებელი მტკიცების სჯეროდა. როგორც ჩანს, მეცნიერების მიმართ მაღალი ნდობა და შეთქმულების ფართოდ გავრცელებული რწმენა ერთსა და იმავე პოპულაციებში თანაარსებობს.

ავტორების აზრით, მეცნიერების მიმართ ნდობა თითქმის ყველაფრის რწმენასთანაა თავსებადი, თუკი ეს სარწმუნო სამეცნიერო ტერმინებითაა გამოხატული. სწორედ ამის გამო ზოგიერთი ადამიანი ვაქცინებზე უარს ამბობს, სასწაულმოქმედ სამკურნალო საშუალებებს ენდობა ან კლიმატის შესახებ გაფრთხილებებს უგულებელყოფს, ისე რომ დარწმუნებული რჩება, თითქოს მეცნიერება მის მხარეს დგას.

"მარტოსული გენიოსის" კლიშე

სკოლაში მეცნიერება თითქმის ყოველთვის თანმიმდევრულ მიღწევებად ან უპიროვნო თეორიების სახით არის წარმოდგენილი. აღმოჩენის ადამიანური მხარე მეტწილად გამორიცხულია.

ამის საპირისპიროდ, მეცნიერებაზე ფოკუსირებული კინოფილმებისა თუ დოკუმენტური ნამუშევრების უმეტესობა თავის ნარატივს გამორჩეული ინდივიდების ბიოგრაფიების გარშემო აგებს.

ამგვარად ხშირად ნაცნობი სიუჟეტი იქმნება: საზოგადოება რთულად გადასაჭრელი პრობლემის წინაშე დგას, ზუსტი გადაწყვეტილებით გენიოსი გამოჩნდება, თუმცა მას აიგნორებენ და დასცინიან, სანამ დიდი პირადი ტკივილის შემდეგ ყველა არ მიხვდება, რომ ის თავიდანვე მართალი იყო.

ჯორდანო ბრუნოს, რენესანსის ეპოქის ბერის, რომელიც ნაწილობრივ უსასრულო სამყაროს დაცვის გამო კოცონზე დაწვეს, მარტვილობიდან მოყოლებული, ოსკაროსანი ფილმის, A Beautiful Mind-ის ჩათვლით, რომელიც მათემატიკოს ჯონ ნეშის პორტრეტს წარმოადგენს, ეს მარტოსული გენიოსის ხაზი საუკუნეების განმავლობაში მეცნიერების პოპულარულ რეპრეზენტაციებს გასდევს.

რასელ კროუს პერსონაჟი, მათემატიკოსი ჯონ ნეში ფილმში A Beautiful Mind

ფოტო: Universal Pictures/DreamWorks

ბევრი შეთქმულების თეორეტიკოსი ამ კლიშეს გამოყენებას ცდილობს, ნაწილობრივ იმის საჩვენებლად, რომ ვინც ამას აცნობიერებს, თავადაც არაორდინალურად ჭკვიანია და ცხოვრობს სამყაროში, სადაც ყველა დანარჩენი "გულუბრყვილო" ან "ტვინგამორეცხილია".

თუმცა მარტოსული გენიოსის ეს სიუჟეტები თითქმის ყველაფერს გამორიცხავს, რაც მეცნიერების ფუნქციონირებას განაპირობებს: ცოდნის დაგროვებისა და შეფასების მოსაწყენ და რთულ პროცესებს, კოლეგების შეფასებას, გადამოწმებას, გაუთავებელ უთანხმოებებს, რომელთა საშუალებითაც ბევრი ადამიანისა და ინსტიტუტისგან სანდო ცოდნა იქმნება.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებსაც "სამუშაო პროცესში მყოფ" აკადემიურ კვლევას საბოლოო დასკვნების გარეშე წარუდგენენ, ნებისმიერ ყოყმანს ან ორაზროვნებას ხშირად სამეცნიერო სისუსტედ აღიქვამენ და არა პატიოსნებად.

ადამიანების უმეტესობა მეცნიერებას ისე ენდობა, რომ მისი ტექნიკური დეტალები არ ესმის. ეს ნიშნავს, რომ ნდობა მარტივად შეიძლება დაუკავშირდეს "მეცნიერულობის" საერთო კულტურულ ნიშნებს: ტექნიკურ ლექსიკას, სქემებს, კვალიფიკაციას, რთულ აღჭურვილობას, შთამბეჭდავი სიზუსტით მოყვანილ ციფრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინც სწორ მინიშნებებს აჩვენებს, დამაჯერებლად მეცნიერულად ჟღერს.

ამის მაგალითია კორადო მალანგა, იტალიელი ქიმიკოსი, რომელმაც შეიმუშავა თეორია იმის შესახებ, როგორ აგროვებენ უცხოპლანეტელები ადამიანთა სულებს, და მისი კოლეგა, რადარების მკვლევარი ფილიპო ბიონდი. წყვილმა სატელიტური რადარის გამოყენებით 2025 წლის მარტში განაცხადა, რომ ეგვიპტეში, ხეფრენის პირამიდის ქვეშ, ორ კილომეტრამდე სიღრმეში დამალული ქალაქი აღმოაჩინა.

არქეოლოგებმა ეს მტკიცებები სწრაფად და ფართოდ უარყვეს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ ტიპის რადარს მიწისქვეშ მხოლოდ რამდენიმე მეტრის სიღრმეზე დანახვა შეუძლია. მიუხედავად ამისა, ბიონდიმ 2026 წლის იანვარში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოდკასტში, The Joe Rogan Experience-ში, მათ "აღმოჩენაზე" ვრცლად ისაუბრა და ამ ფართოდ სადავო "სამეცნიერო ანგარიშმა" მრავალი მილიონი ნახვა და მოსმენა მოაგროვა.

ბოლოდროინდელმა ანალიზმა X-ის 8,7 მილიონი პოსტი შეისწავლა, რომლებიც ვითომდა გადამოწმებულ ახალ ამბებს აზიარებდნენ. აღმოჩნდა, რომ სამეცნიერო სუბიექტებზე მითითება, ისეთი ტერმინების გამოყენებით, როგორიცაა მეცნიერი, უნივერსიტეტი ან კვლევა, გაზიარებების ზრდას უკავშირდებოდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა კონტენტს დაბალი სანდოობა ჰქონდა და მომხმარებლები პოლიტიკურად მემარჯვენეობისკენ იხრებოდნენ.

კანადის მთავრობის COVID ვაქცინის სავალდებულო მოთხოვნისა და სხვა შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია დედაქალაქ ოტავაში, 2022 წელს

ფოტო: Gary A Corcoran Arts/Shutterstock

უფრო მეტი მიდრეკილება შეთქმულების თეორიების მხარდაჭერისკენ

აქ ორი ხაზი იკვეთება: ისტორია იმის შესახებ, როგორ ვითარდება მეცნიერება, და არაფორმალური მედია, სადაც ის ძირითადად ბინადრობს.

დერიკომ და იასერიმ Current Psychology-ში გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ კვლევაში ორი რამ გაზომეს:

  • მონაწილეთა "გენიოსის მენტალიტეტი": რამდენად სჯერათ, რომ პროგრესი გამორჩეული ინდივიდებისგან მოდის, რომლებიც კონსენსუსს ინტუიციით არღვევენ;
  • მათი პრეფერენციები სამეცნიერო მედიის მიმართ: ექსპერტების მიერ შემოწმებულ წყაროებთან შედარებით ანიჭებდნენ თუ არა უპირატესობას პოდკასტებსა და დოკუმენტურ ფილმებს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებმაც რომელიმე ამ საზომში უფრო მაღალი ქულა მიიღეს, შეთქმულების თეორიებს უფრო მეტი ალბათობით უჭერდნენ მხარს. ეს კორელაციური ეფექტები უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე განათლება ან პოლიტიკური ორიენტაცია, ფაქტორები, რომლებიც ჩვეულებრივ ასეთი რწმენის მთავარ ხელშემწყობებად მიიჩნევა.

გამოიკვეთა ერთი საინტერესო მოდერაციის ეფექტიც: იმ ადამიანებში, რომლებსაც მეცნიერთა მიმართ მცირე ან ზომიერი ნდობა აქვთ, გენიოსის მენტალიტეტის მაღალმა რწმენამ შეთქმულების თეორიების რწმენა შესამჩნევად გაზარდა, ხოლო მათში, ვინც მეცნიერებს ყველაზე მეტად ენდობოდა, ამან თითქმის არანაირი განსხვავება არ გამოიწვია.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ სტანდარტული მიდგომები, ფაქტების გადამოწმება და მოწოდებები "ენდოთ მეცნიერებას", უფრო ღრმა პრობლემას ყურადღების მიღმა ტოვებს: ეს ყველაფერი მცდარ მტკიცებებს სათითაოდ ასწორებს, მაგრამ ძირითად რწმენებსა და გაუგებრობებს იმის შესახებ, როგორ მუშაობს მეცნიერება, ხელუხლებელს ტოვებს.

უფრო მდგრადი მიდგომა კოლექტიური მექანიზმის ხილვადობის გაზრდა იქნებოდა: იმის ახსნაში, რატომ ხდის მეცნიერებას სანდოს დებატები, კოლეგების მიერ შეფასება და კონსენსუსის ნელი ჩამოყალიბება, და არა ინდივიდუალური ინტუიცია.

ზოგიერთი სამეცნიერო განათლების მკვლევარი ამტკიცებს, რომ მიზანი ყველას მეცნიერად გადაქცევა კი არ უნდა იყოს, არამედ "კომპეტენტურ გარე პირად" ჩამოყალიბება, ანუ ისეთი ადამიანების აღზრდა, რომლებსაც შეუძლიათ სწორად შეაფასონ, საიდან მოდის ცოდნა და როგორ იქმნება ის.

ავტორების თქმით, სასკოლო სამეცნიერო განათლებამ არა მხოლოდ თეორიები უნდა წარმოადგინოს, არამედ ისიც უნდა ახსნას, როგორ მუშაობს სამეცნიერო საზოგადოება ყოველდღიურად. ბავშვებმა უნდა ისწავლონ, როგორ იქმნება ცოდნა მრავალი ადამიანის ერთმანეთთან თანამშრომლობითა და საერთო კრიტერიუმების ფარგლებში ერთმანეთის შეხედულებების კრიტიკის შედეგად, და რომ ნებისმიერი კონსენსუსი, რომელიც ამ პროცესს გადაურჩება, ძალაა და არა ბრმა თანხმობა.

მკვლევრების ამბიციაა, საზოგადოება მომავალი შეთქმულების თეორიებისგან მათ გაჩენამდე დაიცვან და არა უბრალოდ უკანასკნელი მათგანის გამოსწორება სცადონ.

კვლევას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.