წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
ფოტო: Sebastien Bozon/AFP/Getty Images
ღვინით ცნობილ რეგიონებში სიცხე და გვალვა სულ უფრო უარესდება, ამიტომ მევენახეები დიდი გამოწვევის წინაშე არიან. ეს ბადებს კითხვას: როგორი იქნება ღვინის მომავალი? ამის გასაგებად საფრანგეთის, გერმანიისა და არგენტინის ინსტიტუტებში მომუშავე სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს და ყურადღება ორ პოპულარულ ვაზზე გაამახვილეს: შარდონესა (თეთრი) და პინო-ნუარზე (წითელი).
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპული ვაზი (Vitis vinifera), რომელიც ქართულ ჯიშებსაც მოიცავს, მშრალ პირობებს კარგად უძლებს. წითელი ყურძნის შემთხვევაში ზომიერად მშრალი წელიწადი შეიძლება ღვინის ხარისხზე დადებითადაც კი აისახოს, თუმცა მოსავალს ამცირებს. მეორე მხრივ, გვალვის შედეგად ყურძნის მტევნებში მარცვლების რაოდენობა და ზომა მცირდება, ზოგჯერ კი ნაყოფი სათანადოდ ვერ მწიფდება.
პოტენციური გამოსავალი მცენარის გენმოდიფიცირება ან ხელოვნური სელექციაა, მაგრამ მეღვინეობის მდიდარი ტრადიციის მქონე რეგიონებში მსგავს მეთოდებზე უარს ამბობენ. ამის გამო მნიშვნელოვანია, მომავლის პროგნოზები ვიცოდეთ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ევროპაში ზაფხული უკვე საგანგაშოდ ცხელი და მშრალია. ეს ნიშნავს, რომ უარყოფითი ეფექტები შეიძლება ძალიან მალე ვიხილოთ.
სიტუაციის ზუსტად შესაფასებლად მეცნიერებმა გააანალიზეს, რა ელის შარდონესა და პინო-ნუარს, თუ ტემპერატურა ინდუსტრიულ პერიოდამდე არსებულ მაჩვენებელს 2°C-ით გადააჭარბებს. მათ მეღვინეობით სახელგანთქმულ 16 რეგიონში (საფრანგეთი, იტალია, გერმანია, პორტუგალია, არგენტინა...) გაშენებული 80 ვენახიდან ყურძნის ნიმუშები მოიპოვეს — 2019, 2020 და 2021 წლის მოსავლიდან.
ისიც გაითვალისწინეს, თუ რამდენად ხელმისაწვდომია წყალი ამ ვენახებში, რისთვისაც ყურძნის წვენის ნახშირბადის იზოტოპური ანალიზი დაეხმარათ. მეცნიერები ამბობენ, რომ ორივე ვაზი წყლის სხვადასხვა სახის დეფიციტის (თუმცა არა ყველას) მიმართ მედეგი აღმოჩნდა. მათ შორის ისეთი დეფიციტებიცაა, რომლებიც, შესაძლოა, +2°C-ის მსგავს კლიმატურ სცენართან ასოცირდებოდეს.
დაადგინეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამი წლის განმავლობაში შარდონეს ყველა რეგიონში წყლის უფრო მრავალგვარ დეფიციტთან გამკლავება მოუწია. საინტერესოა, რომ ვაზისთვის წყლის ყველაზე ძლიერი კრიზისი განსაკუთრებით მშრალ არეალებში სულაც არ დაფიქსირდა, რაც საირიგაციო სისტემების დამსახურებაა.
კვლევამ აჩვენა, რომ წყალთან დაკავშირებული სიტუაცია ყურძნის მეტაბოლურ მახასიათებლებს ცვლის. კერძოდ, ამას გავლენა აქვს ტერუარზე — ღვინის გემოს უნიკალურ ნიშანზე, რომელსაც სხვადასხვა ბუნებრივი ფაქტორების ერთობლიობა განსაზღვრავს.
ავტორები ამბობენ, რომ შარდონეს შემთხვევაში ჯერ საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს, რადგან მან ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უკეთესი უნარი გამოავლინა. სამაგიეროდ, საფრთხის წინაშე პინო-ნუარია. საქმე ისაა, რომ მასში არსებული მეტაბოლიტები თანაბრად მხოლოდ იქამდე ნარჩუნდება, სანამ წყლის ძლიერი დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. ამის შემდეგ ღვინისთვის მნიშვნელოვანი ეს მოლეკულები იშლება.
შესაბამისად, კვლევის შედეგები მიანიშნებს, რომ შარდონეს ხარისხს ჯერჯერობით არაფერი ემუქრება, თუმცა საუკეთესო პინო-ნუარი შეიძლება მალე წარსულს ჩაბარდეს.
ნაშრომი გამოცემაში Food Chemistry: X გამოქვეყნდა.

კომენტარები