მეცნიერებმა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნის საიდუმლო ამოხსნეს
პერდუს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა მიაკვლიეს ქიმიური რეაქციების მექანიზმს, რომლის შედეგადაც წყალში პეპტიდები, სიცოცხლის "საშენი მასალა" წარმოიქმნება. ამ საიდუმლოს ამოხსნას სპეციალისტები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ.
"არსობრივად, ესაა ქიმია, რომელიც სიცოცხლის საწყისებს უდევს საფუძვლად. ეს გახლავთ პირველი დემონსტრაცია იმისა, რომ პირველადი მოლეკულები, მარტივი ამინომჟავები, წყლის წვეთებში პეპტიდებს სპონტანურად ქმნის, რაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა", — აცხადებს პროფესორი გრემ კუკსი.
დეკადების განმავლობაში მეცნიერები ემხრობოდნენ თეორიას, რომლის მიხედვითაც სიცოცხლე დედამიწაზე ოკეანეებში წარმოიშვა, თუმცა მის უკან მდგომი პროცესები ენიგმად რჩებოდა. ამინომჟავებს, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე მეტეორიტებიდან ხვდებოდა, ურთიერთქმედება და პეპტიდების ფორმირება შეუძლია, რომლებიც ცილებს ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.
თუმცა, ამ პროცესში წყლის მოლეკულის დაკარგვაა საჭირო, რაც სველ, სითხით სავსე ბუნებრივ რეზერვუარებში, როგორიც ოკეანეა, თითქმის წარმოუდგენელია. უკეთ რომ გავიგოთ, სიცოცხლის წარმოსაქმნელად ერთდროულად წყალიც იყო აუცილებელი და უწყლობაც.
ავტორებმა ეს თავსატეხი ამოხსნეს. მათი თქმით, იქ, სადაც წყლის წვეთები ატმოსფეროსთან იკვეთება, უსწრაფესი რეაქციები შეიძლება წარიმართოს და აბიოტური ამინომჟავები სიცოცხლის "საშენ მასალად" გარდაიქმნას. ეს სპეციალისტებმა 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასსპექტრომეტრიის მეშვეობით ამ პროცესების შესწავლის გზით დაასკვნეს.
მსგავსი რეაქციები იმდენად სწრაფია, რომ კატალიზატორები საჭირო აღარაა, რამაც ადრეულ დედამიწაზე სიცოცხლის განვითარებას შეუწყო ხელი. ახალი მიგნება სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ძიებასა და მედიკამენტების შექმნაშიც დაგვეხმარება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები