ფუტკრებმა ბოთლს თავსახური მოხსნეს — "დაუჯერებელი" ვიდეო და კვლევები
როგორც ჩანს, ფუტკრები იმაზე ჭკვიანები არიან, ვიდრე გვეგონა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა აღიარებს ფუტკრების, როგორც დამმტვერავების, მნიშვნელობას კვებით ჯაჭვში, ამ მოხერხებულ არსებებს სხვა "ტალანტებიც" გააჩნიათ, მათ შორის: მათემატიკის, სახის ამოცნობისა და ხელსაწყოების გამოყენების უნარები.
2021 წელს ატვირთულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ხსნის ფუტკრების წყვილი ფანტას ბოთლის თავსახურს.
დღევანდელ ეპოქაში, რომელშიც ციფრული ხრიკები გავრცელებულია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს შეიძლება იყოს ჭკვიანი CGI; ან, შესაძლოა, ფუტკრებმა მართლაც ერთად იმუშავეს და უბრალოდ ჩამოაგდეს უკვე თავისუფლად დადებული ბოთლის თავსახური. ნებისმიერ შემთხვევაში, სახალისოა იმაზე ფიქრი, ეყოფოდათ თუ არა ფუტკრებს ჭკუა ამგვარი მოქმედებისთვის.
უნარმა, რომლის საშუალებითაც ფუტკრებმა გაზიანი სასმლის ბოთლს თავსახური მოხსნეს, ბევრს აუბნია თავგზა. ადამიანებს აინტერესებთ, როგორ არის შესაძლებელი ასეთი ინტელექტი არსებობა ამდენად ციცქნა არსებებში.
თუმცა, როგორც ბოლო წლებში გავიგეთ, ცხოველის ტვინის ზომა ყველაფერი არ არის. პირველ რიგში, პაწაწინა ცხოველებს აქვთ გაცილებით ნაკლები სხეულის მასა, ამიტომ, ბუნებრივია, მათ უფრო პატარა ტვინი დასჭირდებათ. გარდა ამისა, ნეირონებს შორის კავშირების სირთულე შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს კოგნიტური მუშაობისთვის.
1962 წელს, ფუტკრების კომუნიკაციის კვლევისთვის ნობელის პრემიის მოპოვებამდე ათწლეულით ადრე, კარლ ფონ ფრიშმა განაცხადა, რომ ფუტკრებს მეტისმეტად პატარა ტვინი აქვთ აზროვნებისთვის და ისინი მხოლოდ ინსტინქტებით მოქმედებენ.
მას შემდეგ არაერთხელ შეამოწმეს, თუ რამდენის მოხერხება შეეძლო ფუტკრის ტვინს. მიუხედავად იმისა, რომ ფუტკრის ტვინი ბალახის თესლის ზომისაა, ანუ დაახლოებით ადამიანის ტვინის ზომის 0,0002%, ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ ფუტკრებს გასაოცარი ინტელექტი აქვთ.
ამ მწერებს არა მხოლოდ შეუძლიათ ისწავლონ ერთმანეთისგან და გამოიყენონ ხელსაწყოები, არამედ ასევე შეუძლიათ დათვლა ნულამდე და ძირითადი მათემატიკური განტოლებების შესრულება.
საკითხავი ის არის, თუ როგორ აქცია ბალახის თესლის ზომის კალკულატორმა საკუთარი პრობლემის გადაჭრის უნარები ისე კომპლექსურად, რომ ბოთლის თავსახურის მოხსნაც კი შეძლო?
ცხადია, ფონ ფრიშის მიკერძოება დიდი ზომის ტვინების მიმართ დღემდე გავრცელებულია. ზოოლოგმა აღიარა, რომ ფუტკრებს შეეძლოთ "გასაოცარი ინტელექტუალური მიღწევების შესრულება", თუმცა ის ამტკიცებდა, რომ ფუტკრები ამას აკეთებდნენ მხოლოდ ინსტინქტით, ხოლო ფლავდებოდნენ, როცა "უეცრად უცნობი ამოცანების წინაშე" აღმოჩნდებოდნენ.
თუმცა შაქრიანი სასმლისთვის თავსახურის მოხსნა ნამდვილად არაა ბუნებაში გავრცელებული სამუშაო, რომელსაც ფუტკრები ყოველდღიურად, ინსტინქტებზე დაყრდნობით, ასრულებენ.
როგორც ჩანს, ბუნებას ჯერ კიდევ შეუძლია გაგვაოცოს. მაგალითად, ფუტკრის დატვირთულ ტვინში, ერთ ნეირონულ უჯრედს ზოგჯერ 100 000-მდე სხვა უჯრედთან დაკავშირება შეუძლია.
2017 წლის კვლევაში ფუტკრებს გოლის გატანაში ავარჯიშებდნენ და წარმატების შემთხვევაში, ჯილდოსაც აძლევდნენ. გოლის გასატანად მწერებს ერთმანეთის მოძრაობები უნდა გაემეორებინათ და შეცდომებზე ესწავლათ, რაც მათ გასაოგნებლად მარტივად მოახერხეს.
"ხელსაწყოების ამგვარი გამოყენება ერთ დროს მხოლოდ ადამიანებს მიეწერებოდათ, შემდეგ პრიმატებს, ზღვის ძუძუმწოვრებს და მოგვიანებით — ფრინველებს", — წერდნენ მკვლევრები 2017 წელს. "ახლა ჩვენ ვაღიარებთ, რომ ბევრ სახეობას აქვს უნარი, წარმოიდგინოს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენებოდეს კონკრეტული ობიექტი მიზნის მისაღწევად."
ნეირონების მცირე სქემითაც კი, ფუტკრებს შეუძლიათ ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როცა პიკნიკზე წახვალთ, ბოთლს ყურადღება მიაქციეთ, რომ ფუტკრებმა არ "მოგპარონ".
კომენტარები