გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა — თიბისის ბიზნესდაჯილდოების ნომინაცია და ჟიურის წევრები
თანამედროვე ბიზნესსამყაროში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ კომპანიებმა მხოლოდ ფინანსურ განვითარებაზე კი არ იზრუნონ, არამედ გააცნობიერონ ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც გარემოსა და საზოგადოების მიმართ აქვს. თანამედროვე მომხმარებელი სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ბიზნესის მიერ მიღებულ გააზრებულ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად, იმ კომპანიის ერთგული ხდება, ვინც მის ღირებულებებთან ახლოს დგას.
თიბისის ბიზნესდაჯილდოება, წელს უკვე მეშვიდედ იმართება, ტრადიციულად დააჯილდოებს გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესებსაც. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში გამარჯვებულს სფეროს გამოცდილი პროფესიონალები, ჟიურის ხუთი წევრი გამოავლენს, რომლებიც შეაფასებენ, რამდენად არიან ნომინანტები სოციალურ გამოწვევებზე ორიენტირებულნი.
Impact Hub-ის თანადამფუძნებელი, ქეთევან ებანოიძე, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების გამოვლენაში რამდენიმე წელია მონაწილეობს და როგორც ამბობს, მისთვის სასიხარულოა, რომ სწორედ ამ მნიშვნელოვანი ნომინაციის ჟიურის წევრია.
მისი თქმით, თავისთავად კარგია, როცა კომპანია ერთჯერადი სოციალურად მნიშვნელოვანი აქტით ცდილობს, საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე იზრუნოს, თუმცა ამ კუთხით გრძელვადიანი სტრატეგიის მოფიქრება ბევრად მნიშვნელოვანია.
"რა თქმა უნდა, კარგია, როცა ორგანიზაცია ერთჯერად კამპანიას ახორციელებს, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს ეხმარება, სოციალურად მნიშვნელოვან გამოწვევაზე საპასუხოდ რაიმე აქტს გეგმავს, მაგრამ ვფიქრობ, კომპანიებმა უნდა გაიაზრონ, რომ სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს ისეთი გრძელვადიანი სტრატეგიის დასახვას, რომელიც პრობლემის გადაჭრისკენ იქნება მიმართული — გააუმჯობესებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მდგომარეობას თუ გარემოსთვის მნიშვნელოვან მოცემულობას. სოციალური პასუხისმგებლობის მდგრადობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", — აღნიშნავს Impact Hub-ის თანადამფუძნებელი და ამბობს იმასაც, რომ ქართველი მომხმარებელი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და კომპანიების მიმართ მეტი მოთხოვნები აქვს, როგორც უკეთესი მომსახურების მიმართულებით, ისე კომპანიების მხრიდან გონივრული, სოციალურად პასუხისმგებლიანი ნაბიჯების მიმართ.
ნომინაციის ჟიურის წევრი Impact Hub-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი, ელენე ჟვანია არის. მისი თქმით, ეს ნომინაცია სხვა კომპანიებისთვისაც მოტივაციის მიმცემია.
"თიბისის ბიზნესდაჯილდოება და კონკრეტულად ეს ნომინაცია საუკეთესო შესაძლებლობა და მოტივაციაა, რომელიც კომპანიების ყურადღებას სოციალური პასუხისმგებლობისკენ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მიმართავს", — აღნიშნავს ელენე.
ელენე ჟვანიას თქმით, სოციალური პასუხისმგებლობის კრიტერიუმების განსაზღვრა რთულია, თუმცა მნიშვნელოვანია პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზების პოვნა, საზოგადოების დიდი ნაწილის მოცვა. ასევე მნიშვნელოვანი ისეთი აქტივობები, რომლებიც მხოლოდ ერთჯერადი არაა.
აუდიტისა და კონსულტირების საერთაშორისო კომპანიის, Nexia TA-ის ქართული წარმომადგენლობის მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი, რომელიც სოციალურად პასუხისმგებლობიანი ბიზნესის გამოვლენის პროცესში მონაწილეობს, ამბობს, რომ ეს მიმართულება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესსოციუმისთვის.
"სოციალური პასუხისმგებლობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი ხდება კომპანიებისთვის და, შეიძლება ითქვას, რომ სამომავლოდ ეს გადარჩენის ერთადერთი გზაც კი იქნება. მომხმარებელი აირჩევს იმ კომპანიებს, რომლებიც მოგებას სხვასაც უნაწილებს, რომელსაც სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია", — აღნიშნავს გელა.
გელა მღებრიშვილის თქმით, შეფასებისას აუცილებლად გაითვალისწინებს, რამდენად არის სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის განუყოფელი ნაწილი.
"ჩემთვის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება ის, რამდენად არის სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის ყოველდღიური პროცესის ნაწილი, მისი ღერძი. როგორც ელექტროენერგიის არქონა აფერხებს სამუშაო პროცესს, ისევე უნდა იყოს ორგანიზაციის ნაწილი ადამიანებზე, გარემოზე ზრუნვა", — აღნიშნავს გელა მღებრიშვილი და ამატებს, რომ "სჯობს ორგანიზაციას გაწერილი ჰქონდეს სოციალური აქტივობების სტრატეგია და ამას მიჰყვებოდეს, მაგრამ ზოგიერთი კომპანიისთვის ეს პასუხისმგებლობა იმდენად ორგანული ნაწილია, რომ წინასწარი გეგმის გარეშეც კი გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ".
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციის ჟიურის წევრია ხის ეკო-მეგობრული სათამაშოებისა და დეკორატიულ ნაკეთობების სოციალური საწარმოს, კოდალას დამფუძნებელი, კოტე სვანაძე. კოტე თვლის, რომ სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება გამართულ მენეჯმენტზე მიანიშნებს.
მისი თქმით, საზოგადოებაში სოციალურად გონიერი კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სულ უფრო პოპულარული ხდება და "მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მეტმა მომხმარებელმა გაიაზროს ასეთი ბიზნესების მხარდაჭერის აუცილებლობა, მეტად ლოიალურები იყვნენ მათ მიმართ".
სამხრეთ კავკასიის რეგიონული განვითარების ორგანიზაციის, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციის ჟიურის კიდევ ერთი წევრია. მისი თქმით, სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნაა, ამიტომ კომპანიებმა ამ მიმართულების გააქტიურებაზე უნდა იზრუნონ.
"ახალგაზრდებისთვის, თანამედროვე მომხმარებლებისთვის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სერვისი, რომელსაც იყენებენ, გარემოსა და სოციალური თვალსაზრისით, პასუხისმგებლიანი იყოს. ეს დრომ მოიტანა, რაც ძალიან კარგია. თანამედროვე, პროგრესული მომხმარებელი ბევრად განათლებულია და კომპანიებისგანაც იმავეს ელის. კორპორატიული კულტურის, განათლებისა და ცოდნის განვითარება ბიზნესის მმართველი რგოლებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს", — აღნიშნავს ნანა ჯანაშია.
მისი თქმით, ხშირად ვხვდებით ზედაპირულ აქტივობებს, როცა კომპანიები გარემოს ანადგურებენ და წელიწადში ერთხელ რაიმე აქტივობას აფინანსებენ. ნანას შეფასებით, ამ მიდგომას სჯობს, რომ მცირე აქტივობები დაიგეგმოს, მაგრამ ბევრად გონივრული".
ნანა ჯანაშია აღნიშნავს, რომ ისეთი კონკურსები, როგორიც ბიზნესდაჯილდოებაა, საკითხების გააქტიურებას ხელს უწყობს, ამიტომ ამ გზით სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობისკენ ყურადღების მიმართვა მნიშვნელოვანია.
CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თიბისის ბიზნესდაჯილდოების ახალ ნომინაციებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის პრიზების დაწესება სასიხარულოა, "რადგან ეს მიმართულებები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება".
ნანა ჯანაშიას მიერ ნახსენებ საპრიზო კატეგორიებთან ერთად, ბიზნესები ტრადიციულად გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში:
- საუკეთესო პროდუქტისთვის;
- საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის;
- გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის;
- გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში;
- გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის.
ასე რომ, თვალი ადევნეთ ბიზნესდაჯილდოების სიახლეებს და გაიგეთ მეტი ყველაზე პასუხისმგებლიანი ბიზნესების შესახებ. მეტი ინფორმაციის მისაღებად კი ეწვიეთ ვებსაიტს www.businessaward.ge
კომენტარები