თხევადი წყალი მარსზე — ახალი მიგნება მიანიშნებს, რომ პლანეტა შესაძლოა, გეოთერმულად აქტიური იყოს
მეცნიერთა გუნდმა მარსის სამხრეთ პოლუსის ყინულოვანი საფარის ქვეშ თხევადი წყლის არსებობის ახალ ტოპოგრაფიულ მტკიცებულებას მიაკვლია. ეს მიანიშნებს, რომ ჩვენი მეზობელი წითელი პლანეტა შესაძლოა, გეოთერმულად ჯერ კიდევ აქტიური იყოს.
მსგავსი ვარაუდი პირველად მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2018 წელს ზონდმა Mars Express სამხრეთ პოლუსის ყინულის ზედაპირის უსწორმასწორობა დააფიქსირა, რისი გამოწვევაც სწორედ ყინულქვეშა თხევად წყალს შეუძლია. ზოგი სპეციალისტისთვის ეს არადამაჯერებელი ახსნა აღმოჩნდა, რადგან ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ სიცივეში წყალი რომ არ გაიყინოს, სითბოს წყაროა საჭირო, როგორიც გეოთერმული ენერგიაა. შესაბამისად, მეცნიერთა ნაწილმა მიიჩნია, რომ რადარის სხვა რამეს ასახავდა.
უკანასკნელი კვლევის ფარგლებში გუნდმა რეგიონ Ultimis Scopili-ს შესასწავლად ახალი მეთოდი გამოიყენა. მათ თანამგზავრ Mars Global Surveyor-ის მიერ მოპოვებული ტოპოგრაფიული ინფორმაცია გააანალიზეს, შედეგად კი დაასკვნეს, რომ ყინულის ზედაპირის ამგვარი უსწორმასწორობა კომპიუტერული მოდელის მონაცემებს შეესაბამებოდა იმის შესახებ, თუ როგორ გარდაქმნის ყინულქვეშა თხევადი წყალი თავად საფარის ფორმას.
"ახალი ტოპოგრაფიული მტკიცებულების, კომპიუტერული მოდელის შედეგებისა და რადარის მონაცემების ერთობლიობა მიუთითებს, რომ დღესდღეობით მარსზე ყინულქვეშა თხევადი წყლის შემცველი სულ მცირე ერთი არეალი მაინც არსებობს", — აცხადებენ ავტორები.
მსგავსი რამ დედამიწაზეც ხდება. რაც მკვლევრებს ამ ორ ციურ სხეულზე მიმდინარე პროცესების შედარების საშუალებას აძლევს. კერძოდ, ჩვენს პლანეტაზე ყინულქვეშა ტბები საფარის ფსკერთან ხახუნს ამცირებს, რის გამოც ყინული გრავიტაციის გავლენით უფრო სწრაფად მიედინება, რაც ზედაპირზე შემაღლებულ და ჩაღრმავებულ ადგილებს აჩენს.
მარსზე Mars Express-ის მიერ ასეთი 10-15-კილომეტრიანი ტალღოვანი სტრუქტურაა დაფიქსირებული, რომლის შემაღლებებიცა და ჩაღრმავებებიც გარემომცველი არეალის დონისგან რამდენიმე მეტრით განსხვავდება. კომპიუტერულმა სიმულაციამ აჩვენა, რომ თხევად წყალთან ურთიერთქმედება სწორედ ასეთი ზომისა და ფორმის ზედაპირის წარმოქმნას განაპირობებდა.
ავტორები ამბობენ, რომ წყლის თხევად მდგომარეობაში შესანარჩუნებლად წითელ პლანეტაზე გეოთერმული სითბო უნდა იყოს, რომელიც შესაძლოა, ბოლოდროინდელი მაგმური აქტიურობიდან მოდიოდეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები