მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ მარსის მისიამდე ასტრონავტები ჯერ ვენერაზე უნდა გავუშვათ
ვენერა მზის სისტემის ყველაზე ცხელი პლანეტაა, გაუსაძლისი ტემპერატურით, რომელიც ტყვიასაც კი დაადნობს. ასევე, იქ მაღალი ატმოსფერული წნევა და გოგირდმჟავას ღრუბლებია, რაც ამ ციური სხეულის ზედაპირს სიცოცხლისთვის არათავსებადად აქცევს.
ჩამოთვლილი მახასიათებლების მიუხედავად, მეცნიერთა გუნდი ფიქრობს, რომ მარსზე ეკიპაჟიანი მისიის განხორციელებამდე ასტრონავტები ჯერ სწორედ ვენერაზე უნდა გავუშვათ. ეს მოსაზრება მათ პარიზში ახლახან გამართულ ასტრონავტიკის საერთაშორისო კონგრესზე გააჟღერეს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ "ცისკრის ვარსკვლავად" წოდებული ვენერა, მარსთან შედარებით, დედამიწასთან უფრო ახლოს მდებარეობს, ამიტომ იქ გამგზავრებას ბევრად ნაკლები დრო დასჭირდება და წითელი პლანეტის მისიისთვისაც ღირებულ მონაცემებს მოვიპოვებთ.
კერძოდ ვენერამდე მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად დაახლოებით 1 წელი საკმარისი იქნება, მარსის შემთხვევაში კი ამ ყველაფერს 3 წლამდე პერიოდს მოვანდომებთ. თანაც, მსგავსი მისიით უფრო მოკლე დროში გავიგებთ, რა გავლენა აქვს ხანგრძლივ კოსმოსურ მოგზაურობას ადამიანის ორგანიზმზე.
რა თქმა უნდა, ეკიპაჟის წევრები ამ ციური სხეულის ზედაპირზე ვერ დაეშვებიან, თუმცა მეცნიერული პერსპექტივით, ბევრი რამის გარკვევას შეძლებენ. მაგალითად, ბინადრობენ თუ არა მის ღრუბლებში მიკრობები ან როგორ იქცა ერთ დროს დედამიწის მსგავსი პლანეტა ისეთად, როგორიც ახლაა.
მეცნიერთა თქმით, მთვარე-მარსის "მარშრუტის" შუაში შეგვიძლია ვენერა ჩავსვათ, რაც კოსმოსურ ხომალდს ობიექტის გრავიტაციის მეშვეობით მოძრაობის აჩქარებაშიც დაეხმარება და წითელ პლანეტამდე მისაღწევად საჭირო დროს შეამცირებს. ეს ნიშნავს, რომ ამ 2 მისიის გაერთიანებით მოგებულები დავრჩებით.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, მომავალ წელს ვენერაზე Rocket Lab-ის ხომალდის გაშვება იგეგმება, რაც, წარმატების შემთხვევაში, მას პირველ კერძო კომპანიად აქცევს, რომელმაც იქ უეკიპაჟო მისია განახორციელა. იმავეს აპირებს NASA და ევროპის კოსმოსური სააგენტოც.
კომენტარები