ანონიმუსმა ამჯერად ირანის ხელისუფლება ამოიღო მიზანში
ჰაკერთა საერთაშორისო გუნდმა, ანონიმუსმა, "მორალის პოლიციის" მიერ 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობის გამო ირანში მასობრივი პროტესტის ფონზე ირანის ხელისუფლება მიზანში ამოიღო.
"ანონიმუსის გუნდი ირანის მთავრობაზე კიბერ თავდასხმებს განახორციელებს", — სამშაბათს დაპოსტეს მათ ტვიტერზე.
ამინის პოლიციამ ჰიჯაბის "არასათანადოდ" ტარების გამო სასტიკად სცემა, რომლის შემდეგაც ის კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სახელმწიფო უწყებები აცხადებენ, რომ ის ავად იყო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას სასტიკად გაუსწორდნენ.
"ეს იყო ბოლო წვეთი. ხალხი მობილიზებულია და ქუჩებში ისმის თავისუფლებისა და მამაცი ადამიანების ძახილი", — თქვა "ხმამ", რომელიც ანონიმუსმა გაავრცელა. "ირანელი ხალხი მარტო არაა".
ალ ჯაზირას მიხედვით, ანონიმუსმა უკვე ათობით სახელმწიფო ვებგვერდი გამოიყვანა მწყობრიდან. დილის მდგომარეობით, ჰაკერებმა შეაღწიეს ირანის სახელმწიფო ტელევიზიებში, გათიშეს 300-მდე უსაფრთხოების კამერა და გატეხეს ცენტრალური ბანკი.
ამას გარდა, ჰაკერები აცხადებენ, რომ მათ განავითარეს მეთოდი, რომლითაც ირანის მოქალაქეებს საკომუნიკაციო საშუალებებსა და სოციალურ პლატფორმებზე (მათ შორის, WhatsApp-სა and Instagram-ზე) სახელმწიფო შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში დაეხმარება. საკომუნიკაციო ქსელის მოშლა ავტორიტარული სახელმწიფოების აპრობირებული მეთოდია, რათა პროტესტი ჩაახშონ. ამგვარად ისინი ზღუდავენ კომუნიკაციას არა მარტო საერთაშორისო საზოგადოებასთან, არამედ საკუთრივ ქვეყანაში პროტესტის მონაწილეებს შორისაც. ალ ჯაზირას მიხედვით, მთავრობას ანონიმუსის ქმედებებზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
სიტუაცია ირანში სულ უფრო მეტად იძაბება. ქალები გამოდიან გარეთ, პროტესტის ნიშნად იჭრიან თმებსა და ჯიჰაბს იხსნიან. გამოსვლების დროს ისმის ისლამური რესპუბლიკისა და მისი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხომეინის, საწინააღმდეგო ლოზუნგები. უცნობია, რა ბედი ელის ირანს — ისევ დარჩება მსოფლიოსგან იზოლირებულ, ავტორიტარულ ქვეყნად თუ დემოკრატიის რელსებს დაუბრუნდება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ირანელ ხალხს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა აქვს და მათ შორის ანონიმუსიცაა.
კომენტარები