ვინ გამოიგონა შოკოლადი? — პროდუქტის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე
დღესდღეობით შოკოლადი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტკბილეულია, რომლის შესახებაც ყველას სმენია, თუმცა მისი წარმოშობის საკითხი გაცილებით კომპლექსურია. უცნობია იმ ადამიანის ზუსტი ვინაობა, რომელმაც შოკოლადის დამზადების ტექნიკას მიაგნო, მაგრამ, სავარაუდოა, რომ იგი ათასობით წლის წინ ცხოვრობდა და სამხრეთ ამერიკიდან იყო.
2018 წელს ჟურნალში Nature Ecology & Evolution გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კაკაოს — კაკაოს ხეზე გაზრდილი ხილის გამომშრალი თესლი — გამოყენების ყველაზე ადრეული მტკიცებულება დაახლოებით 5 300 წლით თარიღდება. იგი სამხრეთაღმოსავლეთ ეკვადორში აღმოაჩინეს, სანტა ანა-ლა ფლორიდის არქეოლოგიურ ადგილას, რომელიც მაიო-ჩინჩიპეს კულტურას ეკუთვნის.
სავარაუდოა, რომ სამხრეთ ამერიკაში ხალხი მცენარეს მანამდე დიდი ხნით ადრეც იყენებდა, ვინაიდან 5 300 წლის წინ ხე გავრცელების ბუნებრივ არეალს უკვე იყო გაცდენილი.
შოკოლადის მომზადება
შოკოლადის დასამზადებლად კაკაოს ხეზე გამოსხმული ხილის უზარმაზარი თესლები (მარცვლები), მის გარშემო არსებულ თეთრ რბილობში ფერმენტაციის ეტაპს გადის.
მარცვლებს აშრობენ, ასუფთავებენ და ხლიან, რის შემდეგაც ჩენჩოს აცლიან და საბოლოო პროდუქტის ძალიან უხეშ ვერსიას იღებენ.
მომდევნო ნაბიჯი მარცვლების დაფშვნაა, კაკაოს მასას კი ხშირად სითხის სახით აბარებენ. სხვა ინგრედიენტებთან ერთად მისი შერევით ჩვეულებრივი კომერციული შოკოლადი მიიღება. მასის დაწნეხით შესაძლებელია კაკაოს ფხვნილისა და კაკაოს კარაქის დამზადებაც.
გასათვალისწინებელია, რომ უძველეს დროში "შოკოლადს" დღევანდლისაგან ძალიან განსხვავებული გემო ჰქონდა.
კაკაოს ისტორია
რაც შეეხება ტრადიციულ კაკაოს, მას დაფშვნილ მარცვლებზე წყლის დამატებით იღებდნენ (როგორც წესი, ის მწარე იყო). ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მიღებულ ქაფიან ნარევს სამკურნალო და სქესობრივი ლტოლვის აღმძვრელ საშუალებად მიიჩნევდნენ, რის გამოც მას უძველეს საზოგადოებაში ელიტის წარმომადგენლები ყიდულობდნენ ხოლმე.
ასევე იხილეთ: რატომ არ შეიძლება ძაღლებისთვის შოკოლადის მიღება?
იმ დროისათვის, როდესაც ტერიტორიაზე ახ.წ. მე-16 საუკუნეში ესპანელი კონკისტადორები ჩავიდნენ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში კაკაო თითქმის ყველგან მოჰყავდათ. ახლა მცენარე მსოფლიოს მრავალ ტროპიკულ რეგიონში გვხვდება, თუმცა, მიჩნეულია, რომ, ფაქტობრივად, იგი მდინარე ამაზონის აუზში წარმოიშვა.
ადამიანებმა სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილს დაახლოებით 14 500 წლის წინ მიაღწიეს (ზოგიერთი საკამათო წყაროს მიხედვით, პირველი ამერიკელები აქ ათასობით წლით ადრე ჩავიდნენ), თუმცა დაზუსტებული ჯერაც არაა, ვინ მივიდა ამაზონში პირველად.
კაკაოს პირველი სასმელები ისეთი ცხელი არ ყოფილა, როგორი სახითაც დღეს ცხელ შოკოლადს ვიღებთ ხოლმე. მის გასამწარებლად რამდენიმე მეზოამერიკულ რეცეპტში წიწაკასაც კი იყენებენ. ასეთია მაიასა და აცტეკების სასმელი "xocolatl" (სწორედ აქედან მომდინარეობს შოკოლადის ინგლისური სახელწოდება).
კაკაოს პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ იგი კოფეინს შეიცავს — სტიმულანტ ნივთიერებას, რომელიც ყავაშიც (გაითვალისწინეთ, რომ ყავასა და კაკაოს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ყავის მცენარის სამშობლო ძველი მსოფლიოა, სავარაუდოდ, აფრიკა) გვხვდება.
სავარაუდოდ, კაკაოსაგან გამოწვეული სტიმულაცია უძველესი ამერიკელებისათვის ძლიერი არ ყოფილა, თუმცა მათ მხნეობას მატებდა. მართალია, სამხრეთი ამერიკაში სხვა სტიმულანტებიც იყო ხელმისაწვდომი, თუმცა მეზოამერიკაში კაკაო ერთადერთი იყო. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გახდა იგი აქ სიმდიდრის სიმბოლო.
მე-16 საუკუნიდან შოკოლადი ახალ მსოფლიოს სასმლის სახით გაეცნო, მალე კი იგი ფუფუნების სიმბოლოდაც იქცა.
ახალი შოკოლადი
The Oxford Companion to Sugar and Sweets მიხედვით, შოკოლადი დღევანდელი ფორმით პირველად ბრიტანულმა კომპანიამ J.S. Fry and Sons გამოიგონა 1847 წელს.
1795 წელს ჯოზეფ სტორს ფრაიმ კაკაოს მარცვლების ორთქლის ძრავით დაფქვის ტექნიკა დააპატენტა; მოგვიანებით მისმა ვაჟებმა კაკაოს ფხვნილი, კაკაოს კარაქი და შაქარი შეურიეს, შედეგად კი შოკოლადის მყარი ფილა მიიღეს, რომელიც შემდგომ ევროპაში ფართოდ გავრცელდა.
დროთა განმავლობაში კომპანია უკვე შოკოლადის რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტს ყიდდა, სავაჭრო კომპანიების Cadbury და Rowntree წყალობით კი მან ბრიტანეთის იმპერიაში და მის მიღმაც მოიკიდა ფეხი. ახალი შოკოლადი შვედებს განსაკუთრებით მოეწონათ, ამიტომაც 1870-იან წლებში შვედურმა კომპანია Nestlé-მ პირველი რძიანი შოკოლადი შექმნა რძის ფხვნილის გამოყენებით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მასობრივად წარმოებული რძიანი შოკოლადი პირველად 1900 წელს გაყიდა მილტონ ჰერშიმ. ქვეყანაში პროდუქტი განსაკუთრებით პოპულარული 1920-იან წლებში გახდა მას შემდეგ, რაც აკრძალვის გამო ალკოჰოლის მოხმარებამ იკლო, შედეგად კი სასუსნავებისა გახშირდა.
ამრიგად, დღესდღეობით შოკოლადი არაერთი სახით გვხვდება, ტკბილი და ნაზი რძიანი შოკოლადი იქნება ეს თუ მწარე შავი შოკოლადი (პროდუქტი მით უფრო მწარეა, რაც მეტია მასში კაკაოს შემცველობა), თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოო სახის მიღებამდე ბევრი ადამიანისთვის საყვარელმა პროდუქტმა ძალიან დიდი გზა განვლო.
კომენტარები