ასტრონომებმა სრულიად შემთხვევით ვარსკვლავისა და პლანეტის "ჰიბრიდი" აღმოაჩინეს
პროექტ ODISEA-ს ფარგლებში მომუშავე მეცნიერებმა, ასტრონომიული ინტერფერომეტრის ALMA მეშვეობით, სრულიად შემთხვევით ყავისფერი ჯუჯა აღმოაჩინეს.
ესაა ობიექტი, რომელსაც წყალბადის ბირთვული სინთეზისთვის მასა არ ჰყოფნის, რის გამოც სტანდარტულ მნათობად არ მიიჩნევა, ხოლო აირის გიგანტ ეგზოპლანეტებთან შედარებით, ზედმეტად მასიურია. ასეთი სუბვარსკვლავების არსებობის შესახებ სულ რაღაც 27 წლის წინ გავიგეთ.
ODISEA ყავისფერ ჯუჯებზე არაა კონცენტრირებული, არამედ ის გველისმჭერის მოლეკულურ ღრუბელში განლაგებული პროტოპლანეტური დისკოების შესწავლას ისახავს მიზნად. ამის მიუხედავად, სპეციალისტებმა იქ მოულოდნელად ნახშირბადის მონოქსიდის ოვალური გარსი დააფიქსირეს, რომელიც ფართოვდებოდა. მის წყაროდ კი SSTc2d J163134.1-ად წოდებული ობიექტი დასახელდა.
მკვლევრებმა მანამდე გარსის წარმოქმნის რამდენიმე ჰიპოთეზა განიხილეს, მაგალითად, მოლეკულური ღრუბლის მკვრივი ბირთვის კოლაფსი, უკანა ფონზე მდებარე უზარმაზარი მნათობის მიერ მასის დაკარგვა, დაბოლოს — ყავისფერი ჯუჯიდან გამოთავისუფლებული აირი.
ყველაზე დამაჯერებელი სწორედ ეს უკანასკნელი აღმოჩნდა. მეცნიერთა გამოთვლებით, პლანეტისა და ვარსკვლავის ზემოხსენებულ "ჰიბრიდს" 0.05 მზის მასა აქვს, ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და ჩვენგან დაახლოებით 139 პარსეკითაა დაშორებული (1 პარსეკი=3.26 სინათლის წელი). როგორც ჩანს, მან მასის კვაზისფერული დაკარგვის პროცესი განიცადა.
ავტორთა ნაშრომი სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნდა.
კომენტარები