სომხეთის სასამართლომ სიუნიქის ყოფილ გუბერნატორს 47 მილიონი დოლარი ჩამოართვა
ერევნის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სიუნიქის ყოფილ გუბერნატორს, სურიკ ხაჩატრიანსა და მასთან დაახლოებულ პირებს 47,2 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება დაუყადაღოს — სასამართლოს თქმით, მათ ვერ დაამტკიცეს, რომ ქონება კანონიერად ჰქონდათ მოპოვებული.
ყადაღა ეხება ხაჩატრიანის, მისი ცოლის, ორი ვაჟისა და ორი ნათესავის ქონებას. სასამართლომ მათ აქტივები თებერვალში გაუყინა და დრო მისცა, რომ "გონივრულად" აეხსნათ, როგორ მოიპოვეს ისინი.
ეს აქტივები მოიცავს 3,8 მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას, მათ შორის, სახლებს ერევანსა და გორისში, მიწას, მანქანებს, ასევე, 25 მილიონი დოლარის ღირებულების ოფშორულ ინვესტიციებს.
ხაჩატრიანს, იგივე ლისკას, სასამართლოს წინაშე წარდგენა 2019 წელსაც მოუწია — მისი ბრალდება ძალაუფლებაში ყოფნის პერიოდთან, 2014-2016 წლებთანაა დაკავშირებული.
კერძოდ, მას ედავებიან, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოსთხოვა თაღლითურად გადაეცათ მიწები მისი კოლეგისთვის, რათა იმ პირებს, რომლებთანაც კონფლიქტში იყო, იქბიზნესის წარმოების საშუალება არ ჰქონოდათ.
ხაჩატრიანი ყოფილი მმართველი პარტიის, რესპუბლიკური პარტიის წევრია — ის ორჯერ იყო სიუნიქის გუბერნატორი, ასევე, იკავებდა გორისის მერის თანამდებობას და იყო დეპუტატიც.
კანონის პირისპირ ხაჩატრიანის შვილი, ტიგრან ხაჩატრიანიც აღმოჩნდა — ის ივნისში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის გამო დააკავეს, წინასწარი პატიმრობიდან კი ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ის ადრეც იყო ბრალდებული არაერთ საქმეში, მათ შორის, მკვლელობაში, თუმცა არასდროს გაუსამართლებიათ.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები