ჰაბლმა ვარსკვლავების "მორევი" აღმოაჩინა — ფანჯარა ადრეულ სამყაროში
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების მეშვეობით მეცნიერებმა ახალგაზრდა ვარსკვლავების "მორევი" აღმოაჩინეს. ეს სპირალური სტრუქტურა მნათობთა შეჯგუფების ცენტრში ჩაედინება, რომელიც მაგელანის პატარა ღრუბლის სახელით ცნობილ ჯუჯა გალაქტიკაში მდებარეობს.
ვარსკვლავთა წარმომქმნელ ამ რეგიონს NGC 346 ეწოდება და მისი გარეთა შვერილი შესაძლოა, მნათობების ფორმირების პროცესს მდინარის დინების მსგავსი მოძრაობით უწყობდეს ხელს, რაც ამის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა.
ჩვენგან 200 000 სინათლის წლით დაშორებული მაგელანის პატარა ღრუბელი შემადგენლობით ირმის ნახტომისგან განსხვავდება და უფრო ადრეულ გალაქტიკებს ჰგავს, რადგან მძიმე ელემენტების ნაკლებობას განიცდის. ამის გამო იქ არსებული ვარსკვლავები ძალიან ცხელია და ნივთიერებების მარაგს უფრო სწრაფად იყენებს. შესაბამისად, NGC 346-ში მიმდინარე პროცესების შესწავლა დაგვეხმარება გავიგოთ, რა ხდებოდა მაშინ, როცა სამყარო 2-3 მილიარდი წლის იყო, რადგან ამ დროს მნათობები განსაკუთრებულად აქტიურად წარმოიქმნებოდა.
ახალი კვლევის მიხედვით, ირმის ნახტომსა და მაგელანის პატარა ღრუბელში მსგავსი ობიექტების ფორმირების პროცესი ერთნაირია. NGC 346-ის დიამეტრი 150 სინათლის წელი გახლავთ და მისი მასა 50 000 მზის მასას უდრის. ის სპეციალისტებმა ჰაბლისა და ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) საშუალებით შეისწავლეს. პირველი მათ 11 წლის განმავლობაში ვარსკვლავების მდებარეობის ცვლილების გაანალიზებაში დაეხმარა, მეორე კი რადიალური სიჩქარის გამოთვლაში. ამ 2-მა განსხვავებულმა მეთოდმა (და ხელსაწყომ) ერთი და იგივე შედეგი აჩვენა.
ავტორთა ნაშრომები (სანახავად დააჭირეთ აქ და აქ) გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები