მეცნიერების აზრით, შესაძლოა, ბევრ პლანეტაზე ალმასების წვიმა მოდიოდეს
შესაძლოა, სამყაროს არაერთ პლანეტაზე ალმასების წვიმა მოდიოდეს. მოსაზრება მას შემდეგ გაჩნდა, რაც მკვლევრებმა ჩვეულებრივი პლასტმასისგან ისეთივე უჩვეულო ნალექწარმოქმნა გამოიწვიეს, როგორიც, მიჩნეულია, რომ ურანსა და ნეპტუნზე იჩენს ხოლმე თავს.
მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ უაღრესად მაღალი წნევა და ტემპერატურა წყალბადსა და ნახშირბადს მყარ ალმასებად გარდაქმნიდა ყინულის გიგანტების ზედაპირიდან ათასობით კილომეტრით ქვემოთ.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ამ ნარევში ჟანგბადიც ჩართეს და დაადგინეს, რომ, შესაძლოა, "ალმასების წვიმა" იმაზე ხშირი იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა. ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
მიჩნეულია, რომ მზის სისტემის გარეთ ყველაზე ხშირად ყინულის გიგანტები, ანუ ნეპტუნისა და ურანის ტიპის პლანეტები, გვხვდება. შესაბამისად, შესაძლოა, ალმასების წვიმა მთელს სამყაროში მოდიოდეს სხვადასხვა პლანეტაზე.
დომინიკ კრაუსის, HZDR კვლევითი ლაბორატორიის (გერმანია) ფიზიკოსისა და კვლევის თანაავტორის, თქმით, ალმასების წვიმა დედამიწისათვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ნალექწარმოქმნისაგან ძალიან განსხვავდება.
ივარაუდება, რომ ყინულის გიგანტების ზედაპირის ქვეშ სქელი და ცხელი სითხეა, რომელშიც ალმასები ფორმირდება. შემდეგ ნაწილაკები ნელ-ნელა დედამიწის ზომის კლდოვან გულებში ეშვება დაახლოებით 10 ათასი კილომეტრით ქვემოთ.
შესაძლოა, ჩამოცვენილი ალმასები უზარმაზარ ფენებს ქმნიდეს ასობით ან მეტი კილომეტრის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ ისინი ისეთი ბზინვარე და მჭრელი არ იქნება, როგორიც თვლებია ხოლმე სამკაულებზე. მიუხედავად ამისა, იქაური ალმასებიც ისეთივე ძალების ზემოქმედებით ფორმირდება, როგორც დედამიწაზე.
პროცესის გასამეორებლად მეცნიერებმა ნახშირბადის, წყალბადისა და ჟანგბადის შესაბამისი ნარევი აღმოაჩინეს მზა რესურსში — PET პლასტმასაში — რომელსაც ბოთლებისა და შესაფუთი მასალების დასამზადებლად იყენებენ. მართალია, მათ ძალიან სუფთა PET პლასტმასა გამოიყენეს, თუმცა, თეორიულად, ექსპერიმენტი გაზიანი სასმლის ჩვეულებრივი ბოთლებითაც შედგებოდა.
გუნდის წევრებმა პლასტმასას დიდი სიმძლავრის ოპტიკური ლაზერი დაუმიზნეს SLAC ეროვნული ამაჩქარებლის ლაბორატორიაში (კალიფორნია).
კრაუსის თქმით, ნანოალმასთა — პაწაწინა ალმასები, რომელთაც შეუიარაღებელი თვალით ვერ დაინახავთ — ფორმირების ხილვა მათ რენტგენის სხივების ძალიან მოკლე და კაშკაშა ნათებით შეძლეს.
"ჟანგბადი, რომელიც ამ პლანეტებზე დიდი რაოდენობითაა, ნახშირბადიდან წყალბადატომების წატაცებას უწყობს ხელს, ამიტომაც ალმასების ფორმირება უფრო მარტივია", — დასძინა მან.
გვთავაზობს თუ არა ეს ნანოალმასების შექმნის ახალ გზას?
დიახ — შესაძლოა, ექსპერიმენტმა ნანოალმასების წარმოების ახალი მეთოდი შემოგვთავაზოს. ზემოხსენებულ მასალებს, ალმასის ნანონაწილაკებს, არაერთ სფეროში თანდათანობით უფრო აქტიურად იყენებენ, იქნება ეს მედიკამენტების შეყვანა, სამედიცინო სენსორები, არაინვაზიური ოპერაციები თუ კვანტური ელექტრონიკა.
"ამჟამად ნანოალმასების დასამზადებლად ნახშირბადს ანდა ალმასს იღებენ და ფეთქებადი ნივთიერებებით აფეთქებენ", — განაცხადა ბენჯამინ ოფორი-ოკაიმ, SLAC-ის მეცნიერმა და კვლევის თანაავტორმა — "ნანოალმასების საწარმოებლად ლაზერის გამოყენებას უფრო სუფთა და მარტივად კონტროლირებადი მეთოდის შემოთავაზება შეუძლია".
ალმასების წვიმის კვლევა ჯერაც ჰიპოთეზურია, ვინაიდან ურანისა და ნეპტუნის, მზის სისტემის ყველაზე შორეული პლანეტების, შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი — ამ ყინულის გიგანტებს მხოლოდ ნასას Voyager 2 ხომალდმა ჩაუფრინა 1980-იან წლებში, მაშინ მოპოვებულ მონაცემებს კი კვლევებში ისევ იყენებენ.
საგულისხმოა, რომ NASA-მ ამ ურანსა და ნეპტუნზე შესაძლო მისიის შესახებაც გააკეთა აქცენტი, რომელიც, სავარაუდოდ, მომდევნო ათწლეულში დაიწყება. კრაუსის თქმით, იგი დამატებით მონაცემებს ელის, თუნდაც ამას 10-20 წელი დასჭირდეს.
კომენტარები