ბავშვები ჰუმანოიდ რობოტებთან მეტად გახსნილები არიან, ვიდრე ადამიანებთან — კვლევა
პატარები რობოტებს მეტად ენდობიან
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოიყენეს ბავშის ზომის ჰუმანოიდი რობოტი, რათა 28 ბავშვის (8-13 წლის) მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვარი შეევსოთ. მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვები რობოტებს უფრო ენდობოდნენ და მათთან უფრო გახსნილები იყვნენ, ვიდრე ადამიანებთან (როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე ონლაინ).
კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მიკოლ სპიტალემ, აღნიშნა, რომ მათი მიზანი არ არის ფსიქოლოგებისა და მენტალური ჯანმრთელობის სხვა პროფესიონალების ჩანაცვლება რობოტებით, რადგან "მათი ექსპერტული ცოდნა და მიდგომა ბევრად უსწრებს რობოტებისას".
თუმცა მათმა კვლევამ აჩვენა, რომ რობოტი "შეიძლება, ბავშვების გახსნის, მათი დაფარული აზრების გაგების კარგ ხელსაწყოდ გამოიყენონ, რადგან პატარები თავიდან თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ რობოტებთან", თქვა სპიტალემ.
კვლევაში თითოეულმა ბავშვა 45 წუთი გაატარა რობოტ Nao-სთან — 60 სანტიმეტრი სიმაღლის ჰუმანოიდ რობოტთან. მათი მშობლები კი კვლევას მინის მეორე მხრიდან ადევნებდნენ თვალს. თითოეულ სესიამდე ბავშვებმა და მათმა მშობლებმა შეავსეს კითხვარი, რომლითაც ბავშვის მენტალური ჯანმრთელობა შეაფასეს. შემდეგ მონაწილეები რობოტთან შევიდნენ ინტერაქციაში — ისინი მას ელაპარაკებოდნენ და ეხებოდნენ მისი კიდურების სენსორებს. პარალელურად ეს სენსორები აკვირდებოდნენ ბავშვის გულისცემას, თავისა და თვალების მოძრაობას.
კვლევის შემდეგ ბავშვებმა თქვეს, რომ მათ ძალიან მოეწონათ რობოტთან ურთიერთობა და მას ისეთი რაღაცები გაუზიარეს, რაც არც კითხვარში და არც პირადად კვლევის ავტორებისთვის არ უთქვამთ.
"გამომდინარე იქიდან, რომ რობოტი ბავშვის ზომისაა და საფრთხეს საერთოდ არ ატარებს, ამიტომ, შესაძლოა, ბავშვები მას მეტად ენდობიან და ფიქრობენ, რომ მათთის საიდუმლოებების გაზიარება უსაფრთხოა", — თქვა ნიდა აბასიმ, კვლევის თანაავტორმა.
კვლევის შედეგები წარადგინეს ადამიანისა და რობოტის ინტერაქციული კომუნიკაციის ელექტრული და ელექტრო-ინჟინერიის საერთაშორისო კონფერენციაზე, იტალიაში.
კომენტარები