NASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტის პირდაპირი გამოსახულება მოიპოვა, რაც მისთვის პირველი ასეთი პრეცედენტია. მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ობიექტივში მოხვედრილი ციური სხეული აირის გიგანტია, ანუ მას მყარი ზედაპირი არ გააჩნია და, შესაბამისად, სიცოცხლისთვის თავსებადი ვერ იქნება.

სხვადასხვა ფილტრით გადაღებული სურათი გვიჩვენებს, რომ ვების ინფრაწითელ "თვალს" ეგზოპლანეტების დაფიქსირება შეუძლია, რაც სამომავლო დაკვირვებებისთვის ახალ კარს ხსნის.

"ეს ტრანსფორმაციული მომენტია არა მხოლოდ ვებისთვის, არამედ, ზოგადად, ასტრონომიისთვის", — აცხადებს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, საშა ჰინკლი.

ფოტო: NASA/ESA/CSA

ფოტოზე აღბეჭდილი ეგზოპლანეტა HIP 65426 b გახლავთ, რომელიც იუპიტერზე 6-12-ჯერ მასიურია. უკანასკნელი მონაცემები ამის უფრო ზუსტად განსაზღვრაში დაგვეხმარება. მისი ასაკი სულ რაღაც 15-დან 20 მილიონ წლამდეა, ანუ 4.5 მილიარდი წლის დედამიწასთან შედარებით, ის საკმაოდ ახალგაზრდაა.

ეს ობიექტი მეცნიერებმა 2017 წელს, ჩილეში მდებარე ძალიან დიდი ტელესკოპით (VLT) აღმოაჩინეს და მისი სურათების მოსაპოვებლად მოკლე ინფრაწითელ ტალღებზე კონცენტრირდნენ. ვები კი სინათლის შედარებით გრძელ ტალღებს აღიქვამს, რაც მეტი დეტალის დანახვის საშუალებას გვაძლევს. ხმელეთზე განლაგებულ ობსერვატორიებს ამაში ხელს დედამიწის ატმოსფერო უშლის.

HIP 65426 b საკუთარი ვარსკვლავისგან შორს გადაადგილდება, რაც მის დაფიქსირებას ამარტივებს. ვების შუა და ახლო ინფრაწითელი კამერები კორონოგრაფითაა აღჭურვილი, რომელიც მნათობის სიკაშკაშეს ბლოკავს. ეგზოპლანეტების გადაღებას სწორედ ეს სინათლე ართულებს, რომლის ფონზეც ციური სხეულები ძალიან მკრთალი და შეუმჩნეველია.

ზემოთ ნაჩვენებ ფოტოზე HIP 65426 b სხვადასხვა ფილტრშია გამოსახული, ამიტომ მისი სინათლის ფორმაც განსხვავებულია, რასაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ოპტიკური სისტემის მახასიათებლები განაპირობებს. მართალია, ეს ეგზოპლანეტის პირველი სურათი არაა (ისინი აქამდე, მაგალითად, ჰაბლსაც გადაუღია), მაგრამ ვებისთვის ნამდვილი დებიუტი და უცხო სისტემების კვლევის დასაწყისია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.