ისტორიაში პირველად, ჯეიმს ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი დააფიქსირა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენგან 700 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი დააფიქსირა. ეს ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია და მზის სისტემის გარეთ განლაგებული ციური სხეულების შესწავლა ახალ ეტაპზე გადაჰყავს.
მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის მიერ გამოკვლეული ობიექტი ქალწულის თანავარსკვლავედში არსებული აირის გიგანტი WASP-39 b-ია, რომელსაც დაახლოებით სატურნის მსგავსი მასა აქვს და ზომით იუპიტერზე დიდია. ის აქამდე ჰაბლისა და სპიცერის კოსმოსური ტელესკოპების ობიექტივშიცაა მოხვედრილი, რის შედეგადაც მის ატმოსფეროში წყლის ორთქლი, ნატრიუმი და კალიუმია აღმოჩენილი. ახლა ამ ჩამონათვალს CO2-იც დაემატა.
"ნახშირორჟანგის ასეთი ცალსახა კვალის დაფიქსირება ეგზოპლანეტების ატმოსფეროს მახასიათებლების შესწავლის პროცესში დიდი მიღწევაა. ის ჟანგბადისა და ნახშირბადის სრული შემცველობის განსაზღვრაში გვეხმარება ატმოსფეროში, რომელიც პლანეტის მაფორმირებელი დისკოს პირობების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა", — აცხადებენ მეცნიერები.
ეს იმას ნიშნავს, რომ CO2 ციური სხეულების წარმოქმნისა და ევოლუციის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. კერძოდ, მისი საშუალებით შეგვიძლია გავიგოთ, ვარსკვლავისგან რამდენად შორს გაჩნდა პლანეტა და რა რაოდენობის მყარი და არამყარი მატერია შთანთქა ზრდისას. თუმცა, ის აქამდე არცერთი ეგზოპლანეტის აირად გარსში შეუნიშნავთ. ჯეიმს ვების ტელესკოპმა კი ამ მხრივ კვლევების ახალ ერას დაუდო საფუძველი.
უკანასკნელ აღმოჩენას ვებზე დამონტაჟებულ სპექტროგრაფს, NIRSpec-ს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც მასში შემავალ სინათლეს სპექტრებად ყოფს იმის გასარკვევად, თუ როგორ ირეკლავს სხივებს სამიზნე ობიექტი. ამ მონაცემებით მის შემადგენლობაზე მსჯელობის საშუალება გვეძლევა.
სპეციალისტების თქმით, ვები შეძლებს, რომ ნახშირორჟანგი დედამიწის მსგავსი მყარი პლანეტების ატმოსფეროშიც გამოავლინოს, რაც არამიწიერი სიცოცხლის ძიების პროცესში უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია.
რაც შეეხება WASP-39 b-ს, ის მშობელ მნათობთან საკმაოდ ახლოს გადაადგილდება და საკუთარ ორბიტაზე მოძრაობას დაახლოებით 4 დღეს ანდომებს. ეს პლანეტა ასტრონომებმა 2011 წელს აღმოაჩინეს და მას ტრანზიტის მეთოდით აკვირდებიან, ანუ მაშინ, როცა ჩვენი პერსპექტივიდან ვარსკვლავის წინ ჩაივლის ხოლმე, რაც სიკაშკაშის ცვლილებას იწვევს.
ავტორთა ნაშრომი სამეცნიერო პორტალზე arXiv.org გამოქვეყნდა.
კომენტარები