ადამიანთა მოდგმა რომ გადაშენებულიყო, შეძლებდა სხვა სახეობა ჩვენი ადგილის დაკავებას?
როდესაც ვიაზრებთ, რამდენად დიდი შემთხვევითობებისა და გამართლების შედეგია ჩვენი სახოების გაჩენა, ჩვენს თითოეულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა იზრდება
ახალი მძლავრი ტექნოლოგიების გაჩენა ნიშნავს, რომ კაცობრიობამ საკუთარი განადგურების რისკებს უნდა გაუსწოროს თვალი. მხოლოდ ბირთვული იარაღიც საკმარისია, რათა დავინახოთ, რამდენად სწრაფად იზრდება ადამიანის გამანადგურებელი ძალა. ატომური ბომბი ტრადიციულ ჭურვზე ათასჯერ ძლიერია; წყალბადის ბომბი კი ატომურზეა ათასჯერ მძლავრი. რამდენიმე ათწლეულში აშშ-მ და სსრკ-მ ათეულობით ათასი ატომური ბომბი შექმნეს. შემდეგი თაობის მასობრივი განადგურების იარაღები, როგორიცაა ბიოიარაღები, დრამატულად გაზრდიან კაცობრიობის გამანადგურებელ ძალას იმ დონემდე, რომ ერთ მასშტაბურ ომს ადამიანის სახეობის გადაშენებაც შეეძლება.
ჰომო საპიენსი რომ გადაშენდებულიყო, შეძლებენ სხვა სახეობები ჩვენ მსგავსად ტექნოლოგიების ათვისებას, მეცნიერების აღმოჩენას, ხელოვნების შექმნას და ჩვენს ადგილას ცივლიზაციის აშენებას? არ ვფიქრობ, რომ ეს გარანტირებულია. ასე რომ ჰომო საპიენსის გადაშენება არ იქნება კოლოსალურად დიდი დანაკარგი მარტო ჩვენი პერსპექტივიდან; ის მთელი სამყაროს ისტორიის მიმდინარეობასაც შეცვლის.
ადამიანებს 200 მილიონი წელი დასჭირდათ, რათა ძუძუმწოვრებისგან ევოლუციურად გამოყოფილიყვნენ, ცალკე სახეობად გაჩენილიყვნენ. შიმპანზეებისა და ადამიანების უკანასკნელი საერთო წინაპარი 8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და კიდევ რამდენიმე ასეულობით მილიონი წელია დარჩენილი (მინიმუმ), სანამ მზის გაზრდილი ელვარება არ გადააქცევს დედამიწას ადამიანის ზომის არსებებისთვის გამოუსადეგარ ადგილად. ამის გათვალისწინებით, ალბათ იფიქრებთ — ადამიანები რომ გადაშენებულიყვნენ და შიმპანზეები გადარჩენილიყვნენ, ტექნოლოგიურად უნარიანი სახეობა, ფილმის "მაიმუნების პლანეტის" მსგავსად, დაახლოებით 8 მილიონ წელიწადში შიმპანზეებისგან განვითარდებოდა. მსგავსადვე, რომც ყველა პრიმატი გადაშენებულიყო, სანამ ზოგიერთი ძუძუმწოვარი ჯერ კიდევ იარსებებდა, არ უნდა გვეფიქრა, რომ ტექნოლოგიურად უნარიანი სახეობა დაახლოებით 200 მილიონ წელიწადში გაჩნდებოდა? ეს ძალიან გრძელი დროა, თუმცა საკმაოდ მოკლე დედამიწაზე მსგავსი ევოლუციის მოხდენისთვის, სანამ ჩვენი პლანეტა საცხოვრებლად მეტად აღარაა გამოსადეგი.
ჩვენ არ ვიცით, რამდენად მოსალოდნელი იყო მთავარი ევოლუციური ტრანზიციები, და, მათ შორის, ზოგიერთი — მაგალითად, ტექნოლოგიურად უნარიანი სახელობის ევოლუცია — მართლაც ნაკლებად მოსალოდნელი იყო.
ეს მსჯელობა ეფუძნება ფერმის პარადოქსს (Fermi paradox): მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში მინიმუმ ასობით მილიონი კლდოვანი, საცხოვრებლად ვარგისი რეგიონების მქონე პლანეტაა და ჩვენი გალაქტიკა 13.5 მილიარდი წლისაა — საკმარისი დრო, რომ პლანეტათაშორისი ცივილიზაცია ფართოდ გავრცელებულიყო — ჩვენ უცხოპლანეტელთა არსებობის ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ ვხედავთ. თუ გალაქტიკა ასეთი ფართო და ძველია, რატომ არ არის უცხოპლანეტელთა ცხოვრების არც ერთი ნიშანი?
ერთი პასუხი არის ის, რომ ჩვენი ევოლუციური ისტორიის შესახებ რაღაც განსაკუთრებით მოულოდნელი რამ მოხდა. შესაძლოა, პლანეტები, სადაც სიცოცხლე შეიძლება, გაჩნდეს, საკმაოდ იშვიათია (ალბათ, საჭიროა, რომ გალაქტიკის უსაფრთხო ზონაში იყოს, გვერდით დიდი მთვარე ჰქონდეს და შესაბამისი ქიმიური ნაერთებისგან შედგებოდეს) ან 4.5 მილიარდი წლის წინ დედამიწის ფორმირებიდან ჰომო საპიენსის ევოლუციამდე მიმავალ გზაზე ზოგიერთი ეტაპი ექსტრაორდინალურად უჩვეულო იყო. პოტენციურად დაუჯერებელ ნაბიჯებში შედის არაორგანული მატერიისგან პირველი ცოცხალი ორგანიზმების გაჩენა, მარტივი უჯრედების ევოლუცია კომპლექსურ უჯრედებად (ეუკარიოტებად), რომელთაც მიტოქონდრია და ბირთვი აქვთ; სექსუალური გამრავლების ევოლუცია და შესაძლოა, საკუთრივ ჰომო საპიენსის სახეობის ევოლუციაც, რომელიც სხვა პრიმატებისგან არაჩვეულებრივი ინტელექტით, ჰიპერაქტიურობით, კულტურული ჩართულობით და ლაპარაკის უნარით გამოირჩევა. Future of Humanity Institute-ის მკვლევრები გვეუბნებიან, რომ როგორც კი ჩვენ სათანადოდ ვითვალისწინებთ ჩვენს დაურწმუნებლობას იმაში, რამდენად ნაკლებად მოსალოდნელი შეიძლება, იყოს ეს ევოლუციური ტრანზიციები, რეალურად სულაც არ ხდება გასაკვირი, რომ სამყარო თავისი სიდიდის მიუხედავად ცარიელია.
ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი ევოლუციის ისტორია უჩვეულო გამართლებებსაც მოიცავს. რაც ჩვენ არ ვიცით, არის ის, თუ ჩვენი ევოლუციის დროის სკალის რომელ ეტაპზე ჰქონდა ამ გამართლებას ადგილი. შესაძლოა, ეს პირველი ორგანიზმების გაჩენისას მოხდა; ტექნოლოგიურად უნარიანი სახეობის განვითარება ასე თუ ისე გარდაუვალი იყო. ან, შესაძლოა, ეუკარიოტების ფორმირება იყო ერთგვარი იღბლიანი ნაბიჯი.
ან, შესაძლოა, ტექნოლოგიურად მოწინავე ცივილიზაციის მშენებელი სახეობის ევოლუცია იყო ძალიან დიდი გამართლება. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ევოლუციური ისტორიის 4 მილიარდი წლის მანძილზე, მსგავსი სახეობის ევოლუცია მხოლოდ ერთხელ მოხდა. და თუ ეს ევოლუციური ტრანზიცია ასეთი მარტივი იყო, მაშ, რატომ დასჭირდა მას პირველი ცხოველის გაჩენიდან ასეულობით მილიონი წელიწადი. რაც ჩვენ ვიცით, ისაა, რომ ევოლუციური ნაბიჯი ცხოველებიდან ჩვენნაირ სახეობამდე კატასტროფულად ნაკლებად მოსალოდნელი მოვლენა იყო.
ამიტომ ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, თუ კაცთა მოდგმა გადაშენდება, სხვა რომელიმე ტექნოლოგიურად უნარიანი სახეობა დაიკავებს ჩვენს ადგილს. და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს 90%-ით მოხდება, მაშინ სამყაროს აღსასრულის მუდმივი რისკი შეამცირებს ამ შანსებს.
მეტიც, თუ ჩვენი ევოლუციური ისტორიის ზოგიერთი ნაბიჯი წარმოუდგენლად დაუჯერებელი იყო, მაშინ, ალბათ, სამყაროში სხვაგან არც უნდა იყოს ჩვენი ინტელექტის მქონე სიცოცხლე და, ალბათ, ვერც ვერასდროს იქნება. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენს ქმედებებს კოსმიურად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
დიდ შემთხვევითობას დიდი პასუხისმგებლობაც მოჰყვება. 13 მილიარდი წლის განმავლობაში მთელს სამყაროში სიცოცხლე არ არსებოდა; არ იყო ცნობიერება. დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ ეს შეიცვალა და პირველი ცნობიერი არსებები გაჩნდნენ, თუმცა მათ არ ჰქონდათ ცნობიერება, მეობის განცდა; მათ არ იცოდნენ საკუთარი ადგილი სამყაროში და არ შეეძლოთ მისი გადააზრება. შემდეგ, რამდენიმე ათას წელიწადში — დაახლოებით სამყაროს არსებობის ათმემილიონედ წელიწადში — ჩვენ განვავითარეთ დამწერლობა და მათემატიკა და ჩვენ დავიწყეთ ბუნების საიდუმლობების შესწავლა.
ახლა და მომავალ საუკუნეებში ჩვენ ვდგავართ იმ საფრთხეების წინაშე, რომელთაც ჩვენი სახეობის განადგურება შეუძლიათ. და თუ ჩვენ არსწორ ნაბიჯს გადავდგამთ, ეს საბედისწერო იქნება. სამყაროს თვითაღქმა სამუდამოდ გაქრება და რამდენიმე ასეულობით მილიონ წელიწადში ცნობიერების მოკლე, თუმცა მძლავრი ალი სამუდამოდ ჩაქრება. სამყარო დაუბრუნდება თავის თავდაპირველ მდგომარეობას, რომელიც მას პირველი ცხრა მილიარდი წლის განმავლობაში ჰქონდა — ცივი, ცარიელი, უსიცოცხლო...
კომენტარები