მეცნიერებმა სახიფათო, "სამუდამო ქიმიკატების" დასაშლელად ეფექტურ ხერხს მიაკვლიეს — რას ნიშნავს ეს
ახალი კვლევის ფარგლებში ქიმიკოსებმა სახიფათო, "სამუდამო ქიმიკატების" განადგურების იაფ და ეფექტურ ხერხს მიაკვლიეს. ამ შემთხვევაში საუბარია PFAS ჯგუფის ნაერთებზე, რომელთა ზემოქმედებაც ჯანმრთელობის არაერთ რისკს უკავშირდება. ნაშრომი ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მსოფლიოში PFAS-ის, იგივე პოლი- და პერფლუოროალკილური ნივთიერებების, დაახლოებით 4500 წარმომადგენელი გვხვდება. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი გარემოში არ იშლება, ნივთიერებებს "სამუდამო ქიმიკატების" სახელითაც ვიცნობთ.
ამის მიზეზი, კერძოდ, PFA ნივთიერებათა აგებულებაში უნდა ვეძიოთ: მათში ნახშირბადსა და ფტორს შორის დამყარებული ბევრი ბმა გვხვდება, ეს კი ორგანულ ქიმიაში უძლიერესი კავშირია. სწორედ ამ ბმების წყალობით შეუძლია ნაერთებს სითხეების განზიდვა (ამას ომნიფობიურობა ეწოდება), ინდუსტრიულ და საყოფაცხოვრებო პროდუქტებში ასე აქტიურად კი წყლის, ცხიმისა და ლაქებისადმი რეზისტენტულობის გამო გამოიყენება.
მიუხედავად PFAS-ის ამ პრაქტიკული თავისებურებებისა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიმოხილვა გვეუბნება, რომ, შესაძლოა, მათმა ზემოქმედებამ სიმსივნის, ღვიძლის დაზიანების, რეპროდუქციული პრობლემების, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და ასთმის რისკი გაზარდოს.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ PFAS ატმოსფეროში უკვე გლობალურად გავრცელდა და წყალსა და თოვლში დედამიწის ყველაზე განცალკევებულ ადგილებშიც კი მოიძებნება.
ასევე იხილეთ: წვიმის წყლის დალევა უსაფრთხო აღარ არის — რატომ
PFAS-ის დასაშლელად არსებული მეთოდები ნაკლებად ეფექტურია, ვინაიდან ისინი ძალიან მაღალ ტემპერატურასა და, შესაბამისად, დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.
ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა PFAS-ის დასაშლელად ახალი, იაფი მექანიზმი შეიმუშავა, რომელიც ნატრიუმის ჰიდროქსიდს იყენებს — ფართოდ გავრცელებულ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც საპონსა და გამაყუჩებლებში გვხვდება.
მეცნიერებმა მიზანში შედარებით ნაკლებად დამუხტული ჟანგბადტომების ჯგუფი ამოიღეს, რომელიც ნახშირბადისა და ფტორის ბმების გრძელი ჯაჭვის ბოლოში გვხვდება. შედეგად ჯგუფი ეფექტურად მოსწყდა დანარჩენ ჯაჭვს, PFAS-მა კი დაშლა დაიწყო და მხოლოდ უწყინარი პროდუქტებიღა დარჩა.
მკვლევრებს ამისათვის დაბალფასიანი პროდუქტები და დაბალი ტემპერატურა დასჭირდათ, რაც, შესაძლოა, ძალიან დიდი მიღწევა აღმოჩნდეს.
ისინი იმედოვნებენ, რომ სამომავლო კვლევების შედეგად სასმელი წყლიდან PFAS-ის გამოდევნასაც შეძლებენ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი მხოლოდ ეს არ იქნება — წარმოებაში ამ ნივთიერებებს ისევ იყენებენ, ამიტომაც PFA ნივთიერებები თევზებსა თუ სხვა ცხოველებში კვლავ განაგრძობს დაგროვებას და მარტივად ვერ დაიშლება.
კომენტარები